„პრეს-ტვ“ (ირანი): ნატოელი სამხედროები ქართველებს თავისუფლების დაცვაში დაეხმარებიან
„პრეს-ტვ“ (ირანი): ნატოელი სამხედროები ქართველებს თავისუფლების დაცვაში დაეხმარებიან
12:32 23.10.2014
ირანის ტელევიზია „პრეს-ტვ“-მ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით აქტივობის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველოში ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება, ასე განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს სვეტლანა ალიმოვას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. თბილისს თავისი თავისუფლების დასაცავად დამატებითი ინსტრუმენტები ესაჭიროება. ცენტრის გახსნა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ამას წინათ მოსკოვის მიერ გამოცხადებულ გეგმასთან, რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების დადების შესახებ.
სვეტლანა ალიმოვა, „პრეს ტვ“-ის კორესპონდენტი: „საქართველოში ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი აშენდება. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის ვერანაირი ზეწოლა ვერ მოახდენს გავლენას თბილისის გეგმებზე დასავლეთთან კავშირების განმტკიცების მიზნით. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის აუცილებელი ხდება როგორც უსაფრთხოების დამატებითი დონე, ასევე თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები.
ირაკლი ალასანია: „ჩვენ უარესისთვის ვემზადებით. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კონფრონტაციას თავიდან ავიცილებთ, მაგრამ თუ სიტუაცია გართულდება, მაშინ შესაბამისი ინსტრუმენტები დაგვჭირდება ჩვენი თავისუფლების დასაცავად“.
სვეტლანა ალიმოვა: „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება რუსეთის გეგმებითაა განპირობებული: გარდა იმ სამხედრო ბაზებისა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, მოსკოვს დამატებით რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბება სურს, რომელიც ორმხრივი კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთის სერიოზულ ნაბიჯებს ელოდება. ბევრი ქართველი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კრემლის მიერ აფხაზებისადმი შეთავაზებული ინტეგრაციული ხელშეკრულების პროექტი დიდი სტრატეგიის ნაწილია.
ვახტანგ მაისაია, ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში: „ჩვენთან უკვე არის ნატოს ანალოგიური სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი საჩხერეში, სადაც სამთო ქვეითთა სპეცქვედანაყოფები მზადდება, თუმცა ამის გამო რუსეთს არასდროს შეშფოთება არ გამოუხატავს. ამ შემთხვევაში რუსეთი ამ საკითხებით მანიპულირებს და ცდილობს ნატოს ახალი ცენტრის შექმნა ალიანსის გაფართოების საკითხს დაუკავშიროს“.
სვეტლანა ალიმოვა: თბილისს ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა აქვს ჯერ კიდევ 1991 წლიდან, როცა საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი გახდა. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგია (საპროტესტო აქციის ამსახველი კადრები).

http://www.presstv.ir/detail/2014/10/21/383043/georgia-to-host-nato-training-center/

ბეჭდვა