„ჯაპან თაიმსი“ (იაპონია): საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დაპირისპირებაში იაპონიასა და მსოფლიოს მხარდაჭერას სთხოვს
„ჯაპან თაიმსი“ (იაპონია): საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დაპირისპირებაში იაპონიასა და მსოფლიოს მხარდაჭერას სთხოვს
11:19 23.10.2014
იაპონური გამოცემა „ჯაპან თაიმსი“ საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტს სტატიას უძღვნის რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ტოკიოში ყოფნისას, ეროვნულ პრეს-კლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება იაპონიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა კავკასიის რეგიონში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, სულ უფრო და უფრო მზარდი მუქარის პირობებში. გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, რუსეთი ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომ აშკარაა, მას საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის სრული ანექსია აქვს განზრახული.
რუსეთი ამ ორი რეგიონის ტერიტორიას 2008 წლიდან აკონტროლებს და მხარს უჭერს იქ არსებულ „კვაზისახელმწიფოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებით“, - განაცხადა 45 წლის პრეზიდენტმა.
„ახლა რუსეთმა ხელშეკრულების ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, მოსკოვი საკუთარ თავზე იღებს ამ კვაზისახელმწიფოების სოციალურ, სამართლებრივ და სამხედრო-პოლიტიკურ ფუნქციებს. ეს ნიშნავს, რომ კვაზისახელმწიფოები ფაქტიურად რუსეთთან ერთიანდებიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ძირითადი პრობლემების მოგვარებაში. „მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთნაირი მიდგომები გვაქვს რუსული აგრესიის მიუღებლობის მიმართ და რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ“.
ამასთან, მარგველაშვილმა დადებითად შეაფასა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით: „იაპონია მუდმივად მხარს უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და [სეპარატისტული რეგიონების] არაღიარებას თან პრობლემების საკითხში. მე იმედი მაქვს, რომ იაპონია კვლავაც გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას თავისი ფასეულობების, დემოკრატიული პრინციპებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მსოფლიოში სტაბილურობისა და პროგრესის სახელით“.
გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში სამშაბათს ჩამოვიდა თავისი პირველი ვიზიტით, 2013 წლის ოქტომბერში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. იგი ტოკიოში შაბათამდე დარჩება. დაგეგმილია, რომ იგი პარასკევს ჯერ პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს შეხვდება, შემდეგ კი იმპერატორ აკიჰიტოს, ასევე ბიზნესმენებს.
გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი (2000-2006 და 2010-212 წლებში), შემდეგ კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად (2012 წ.).
მასააკი კამედა

ბეჭდვა