„გაზეტა ვიბორჩა“ (პოლონეთი): სააკაშვილმა პუტინს პროვოცირების უფლება მისცა და სროლა პირველმა დაუწყო
„გაზეტა ვიბორჩა“ (პოლონეთი): სააკაშვილმა პუტინს პროვოცირების უფლება მისცა და სროლა პირველმა დაუწყო
11:12 23.10.2014
პოლონური გამოცემა „გაზეტა ვიბორჩა,“ პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის რადოსლავ სიკორსკის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექსმინისტრმა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილმა რუსულ მხარეს სროლა პირველმა დაუწყო.
ცნობისთვის: რადოსლავ სიკორსკის მეუღლე ენ აპელბაუმი, „ვაშინგტონ პოსტის“ პოლიტიკური ანალიტიკოსი და განყოფილების გამგეა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი,“ პოლონური გამოცემის მასალის მიმოხილვას გთავაზობთ:

პოლონეთის პოპულარული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი სეიმის (პარლამენტის) მარშალი რადოსლავ სიკორსკი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას, საქართველოსაც მოიხსენიებს.
გარდა ამისა, ექს-მინისტრი ამბობს, რომ 2008 წელს, როცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტმა მას უკრაინის ორად გაყოფა შესთავაზა...
გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:

- როგორ აღიქვით ვლადიმერ პუტინის 2008 წლის განაცხადება: როგორც პროვოკაცია თუ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების მომასწავებელი ნიშანი?

- მაშინ, 2008 წელს, ეს განცხადება სიურეალისტურად ჟღერდა.

- ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა შოკში არ ჩაგაგდოთ?

- მოდით, ნუ დავივიწყებთ ისტორიულ კონტექსტს: ეს იყო ჯერ კიდევ ნატოს ბუქარესტის სამიტამდე, რომელზეც პუტინი უკრაინას უკვე ღია ტექსტით ემუქრებოდა, სხვათა შორის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თანდასწრებით. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომამდე. სწორედ ბუქარესტში თქვა ვლადიმერ პუტინმა, რომ უკრაინა ხელოვნურად ჩამოყალიბებული სახელმწიფოა, ანუ რუსეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ტერიტორიების კონგლომერატიო.
ვლადიმერ პუტინის გამოსვლის ტექსტი ჩვენი თხოვნით რუსულმა მხარემ გადმოგვცა, ჩვენ კი, მეგობრული ჟესტის თანახმად, უკრაინას გადავეცით. ჩვენ შეშფოთება დასავლელ ლიდერებს გავუზიარეთ, მაგრამ ამისი არავის სჯეროდა, სანამ ყირიმის ანექსია არ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოზე [თავდასხმა] რუსეთის ბოლო განზრახვა არ ყოფილა, რამდენადაც იქ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა დაუწყო სროლა. პუტინის შესაძლო გეგმების თაობაზე მე 2008 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გამოვედი და ჩემი გამოსვლა მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ „სიკორსკის დოქტრინად“ მონათლა.

შენიშვნა: ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, რადოსლავ სიკორსკიმ უარყო „გაზეტა ვიბორჩა“-სადმი მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები, რომ პუტინმა ტუსკს კრემლში შეხვედრისას უკრაინის გაყოფა შესთავაზაო.
„მე მახსოვრობამ მიღალატა... რომ გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მოსკოვში პრემიერ ტუსკისა და პრეზიდენტ პუტინის ორმხრივი შეხვედრა არ ყოფილა“. რადოსლავ სიკორსკიმ სინანული გამოთქვა, რომ მისმა ინტერვიუმ ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა.

ბეჭდვა