პრობლემა იმაშია, რომ მაყურებელი ხშირად ერთმანეთში ურევს როგორც მსახიობსა და მის როლს, ასევე სიმღერას და მის შემსრულებელს;
რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“, ქართველი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის იმ გამონათქვამს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდული ასაკის შემთხვევაში, მომღერალი უკრაინის მხარდასაჭერად ბრძოლებში მონაწილეობას მიიღებდა.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„მე რომ ახლა ახალგაზრდა ვიყო, ანტიტერორისტულ ოპერაციებში მივიღებდი მონაწილეობას და უკრაინის ღირსებას ბრძოლით დავიცავდიო“, - განაცხადა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინის გაზეთ „სეგოდნიას“ კორესპონდენტთან საუბარში.
და ყველამ კიდევ ერთხელ დაიწყო „ვაი, ეს რა უთქვია“-ს ძახილი.
განა რა არის გასაკვირი? რით განსხვავდება ეს ფრაზა ვახტანგ კიკაბიძის მიერ სხვა დროს გამოთქმული ფრაზებისაგან? მაგალითად, 2008 წელს იგი ასე ამბობდა: „ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, უნდა დამთავრდეს. ამაში ნატო დაგვეხმარება“. ანდა გავიხსენოთ მისი ნათქვამი, რომ „მიმინო ქართულ-ოსურ ომში სამხედრო ვერტმფრენების პილოტებისთვის ნამდვილად ინსტრუქტორი იქნებოდაო“.
მოგვიანებით მან ჩემთან ინტერვიუში ზოგიერთი გამონათქვამი უარყო და მითხრა, რომ მას არასწორად გაუგეს. შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ სხვები ხომ დარჩა? ანდა როგორია ვახტანგ კიკაბიძის მოქმედება, როცა მან უარი თქვა მეგობრობის რუსულ ორდენზე? მას ხომ სახელი რუსეთში სწორედ მეგობრობამ გაუთქვა. ვახტანგ კიკაბიძემ დაივიწყა ზრდილობის წესები და მიხეილ სააკაშვილის [ანტირუსულ] პოლიტიკას მხარი დაუჭირა, მასთან მიტინგებზე სურათებს იღებდა.
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში ეს შეუმჩნეველი დარჩა? არა, ასეც არ არის. იმ მივლინების დროს ჩემი ჟურნალისტური ბლოკნოტის ნახევარი კიკაბიძის მისამართით გამოთქმული ზიზღნარევი ეპითეტებით შეივსო და ეს რუსებს კი არ უთქვამთ, მისმა თანამემამულეებმა - ქართველებმა თქვეს. ყველაფერი მარტივადაა: თუ ხელმწიფესთან ძალიან ახლოს მიხვალ, შენზე გავრცელდება მისი დიდებაც და სირცხვილიც, ღირსებაც და უღირსობაც... ისტორიამ ისე ინება, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საათის ისრებმა ათვლა უსახელობისკენ დაიწყო, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში, როცა მიშიკოს პარტია არჩევნებში დამარცხდა, მისი სახელი საერთოდ სასირცხვილო გახდა. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა მე ვახტანგ კიკაბიძეს ინტერვიუსთვის დავურეკე, მან ნაწყენი ხმით მიპასუხა, „სათევზაოდ წავედიო“ და ტელეფონი გათიშა. მართალი გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე, რადგან, მოგეხსენებათ, „წაქცეულს აღარ ურტყამენ“.
მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ბედი უკვე მაშინვე შეიძლებოდა ასტროლოგიური კარტების გარეშეც გამოგვეცნო, მაგრამ ვახტანგ კიკაბიძის როგორც მსახიობის მიმართ სიყვარული გარკვეულწილად მაინც არსებობდა და შეიძლებოდა უფრო გაძლიერებულიყო, მას რომ მხოლოდ ემღერა და ბევრი არ ელაპარაკა. რუსეთში მას ჯერ იხსენებდნენ, მაგრამ შემდეგ თანდათანობით დაივიწყეს და ვერც შენიშნეს, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში იგი არცერთ რუსულ ქალაქში აღარ ჩასულა. მან უკვე გააკეთა კულტურის სფეროში ის, რაც უნდა გაეკეთებინა - შეასრულა გენიალური მიმინოს როლი - გულუხვი, კეთილი და ჭკვიანი ქართველის სახე.. მე ვახტანგ კიკაბიძის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შემიძლია - კარგი კაცია, სენტიმენტალურიც და ნათელიც. მის მიერ ნათქვამ სიტყვების სიღრმეში პოლიტიკური პასაჟების ძიებას ნუ დავიწყებთ. ვერ იპოვით, იმიტომ რომ არ არის. იმიტომ, რომ ვახტანგ კიკაბიძისთვის ცხოვრება სცენაა.
[თუმცა] ხანდახან ვფიქრობ, რომ განა უფრო კარგი არ იქნებოდა, ყველა იმ მსახიობს და მომღერალს, რომლებიც თავგანწირულად გადაეშვნენ [ბობოქარ] პოლიტიკაში, თავიანთი სამსახიობო და სამომღერლო საქმეები ეკეთებინათ?
გალინა საპოჟნიკოვა