„ნეზავისიმაია გაზეტა“: ევროსაბჭო მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლა
„ნეზავისიმაია გაზეტა“: ევროსაბჭო მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლა
12:47 03.10.2014
რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროსაბჭო ამ რეზოლუციით სააკაშვილს გამოესარჩლა.
პუბლიკაციის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ქვეყნის ხელისუფლებას რეკომენდაცია მიეცა შეუცვალოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თავისუფლების აღმკვეთი ზომა, შეწყვიტოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დევნა და გააუქმოს ყადაღა, რომელიც ქვეყნის ყოფილი მეთაურისა და მისი ახლობლების ქონებაზეა დადებული, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
„საინტერესოა, რომ მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი, რომელთა ანგარიშის საფუძველზეც იქნა მიღებული ასეთი რეზოლუცია, განხილვას არ ესწრებოდნენ. უფრო მეტიც - ამბობენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ რეკომენდაციებს და ამას იმით ხსნიდნენ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ისე არაა შესწავლილი, ასეთი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული. თუმცა, დავანებოთ თავის ამ ვერსიას და მათ სინდისზე დავტოვოთ, ვისაც ეს რეზოლუცია არ მოსწონს.
რეზოლუცია კი, რა თქმა უნდა, არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას. თბილისმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო კი არ სხედან, არამედ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის გამო. თითქმის ყველას, ძებნაგამოცხადებული პირების ჩათვლით, ბრალი წაყენებული აქვთ კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში... არის კიდევ სხვა დანაშაულებებიც, მაგრამ მათ შესახებ ევროპელები არაფერს ამბობენ. ერთადერთი, რისი შეცვლაც შეძლო რეკომენდაციაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ესაა ანგარიშის ტექსტიდან ბიძინა ივანიშვილის სახელისა და გვარის ამოღება. მას არავითარი სახელმწიფო თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნას აგრძელებს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. დანარჩენ პუნქტებთან მიმართებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობასთან, ანუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ [ბრძოლა] წააგო.
„ნაციონალები“ თავიანთ კმაყოფილებას არ მალავენ და მზად არიან მმართველ კოალიციას ევროპული რეკომენდაციების მკაცრი შესრულება მოსთხოვონ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამის გაკეთებას ვერცერთი კანონი ვერ აიძულებს. უბრალოდ, „ცნობად მიიღებენ“ და ეგ იქნება. ამის მიუხედავად უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის დებულებების იგნორირება ქვეყნის მომავალზე ნეგატიურად აისახება. იგივეს ამბობს უნისონში „ნაციონალთა“ წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილიც.
სტატიაში გამოთქმული პროგნოზით, „ახლა, ალბათ, ევროდეპუტატებისაგან წაქეზებული „ნაციონალები“ ციხეში გამოკეტილ თანაპარტიელთა გასათავისუფლებლად აქტიურ კამპანიას დაიწყებენ. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ყურად არ იღებს და რეკომენდაციების შესრულებას მეტ-ნაკლებად მაინც დაიწყებს, ამას დროში გააჭიანურებს. გამოდის, რომ ქართულ საზოგადოებას წინ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა ელოდება.
ასეა თუ ისე, ამგვარი რეზოლუციის მიღების გამო საქართველოს მთავრობას მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეუძლია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის ინტერესებსა და მიზნებს ახორციელებს, რომლებიც კანონიერ მოქმედებად ითვლება... და ის, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დელეგატებმა ევროდეპუტატებს თავიანთი სიმართლე ვერ დაუმტკიცეს, ამაში საყვედურს ვერავის ეტყვიან: „ქართულ ოცნებისათვის“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ექსპერტებს არაერთხელ ურჩევიათ, რომ „ნაციონალებთან“ კონკურენციის პირობებში აუცილებელია პროპაგანდის გააქტიურება საერთაშორისო არენაზეც, ყურადღების მიქცევა იმ ფორუმებისათვის, რომლებშიც მათი შიდაპოლიტიკური ოპონენტები მონაწილეობენ. როგორც ჩანს, „მეოცნებეებმა“ ეს რჩევები ერთ ყურში შეუშვეს, მეორედან გაუშვეს.

http://www.ng.ru/cis/2014-10-03/7_saakashvili.html

ბეჭდვა