„კომსომოლსკაია პრავდა“: პროამერიკელი სააკაშვილი ამერიკამ ფეხებზე დაიკიდა და მან კარიერა სირცხვილით დაასრულა
„კომსომოლსკაია პრავდა“: პროამერიკელი სააკაშვილი ამერიკამ ფეხებზე დაიკიდა და მან კარიერა სირცხვილით დაასრულა
12:28 03.10.2014
რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“ საქართველოსა და უკრაინის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„საინტერესოა უკრაინის ლიდერების წარმოდგენები დასავლურ ჰუმანიზმზე და საერთოდ, ფასეულობებზე. აი, რა დაწერა ფეისბუქში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა: „კიდევ ორი-სამი დეპუტატის ცემა-ტყეპა და დასავლეთი ჩვენი რევოლუციისაგან ზურგით შეტრიალდება“. მას მხედველობაში აქვს დეპუტატების - ნესტორ შურფიჩის ცემა ნაციონალისტების მიერ და ვიქტორ ფილიპიშინის ჩაგდება ნაგვის ურნაში, დანარჩენი კი ყველაფერი ჰუმანურად ხდება - მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სამი ათასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანია დაღუპული. განა ეს ჰუმანიზმის ჩარჩოებში ჯდება? სკოლის დაბომბვა დასავლური ჰუმანიზმია? აი, დეპუტატებს რომ სცემენ, ეს კი ნამდვილად კატასტროფაა, დასავლეთი კიევისაგნ ზურგით შეტრიალდება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი - ალექსეი პანკინი).
„დასავლური ჰუმანიზმის მოტრფიალეებს გაშიფვრისათვის ერთ თვალსაჩინო მაგალითს დავუსახელებთ: სამშობლოდან გაქცეულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამუშაო ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მას ასევე უარი განუცხადა ტაფტის უნივერსიტეტმა კონტრაქტის გაგრძელებაზე ლექციების კურსის ჩასატარებლად. იგი სამუშაოდ არც „ალმა-მატერში“ - კოლუმბიის უნივერსიტეტში არ მიიღეს. არადა, ხომ გახსოვთ, რა მამალი პროამერიკელი და პროდასავლელია, მთავრობა გატენილი ჰქონდა ამერიკელი მრჩევლებით, ჯარს ამერიკელი ინსტრუქტორები უმზადებდნენ, ავღანეთში და ერაყში ქართველი ჯარისკაცები ამერიკელთა დასახმარებლად თავს სწირავდნენ, თბილისში კორჯ ბუშის სახელობის ქუჩა გახსნა, ათობით ნაშრომი შეიქმნა მსოფლიოში თემაზე „რატომ გამოუვიდა საქართველოს“... მოკლედ, მოწმენი ვართ ვესტერნიზაციის მიღწევების გამოფენისა ერთ ცალკე აღებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
აი, რამდენი რამ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა დასავლურ ფასეულობებზე და ჰუმანიზმზე დაყრდნობით, დასავლეთის საამებლად... კარიერა კი საბოლოოდ სირცხვილით და თავისმოჭრით დაასრულა: სამშობლოდან განიდევნა, მშობლიური ხალხის სიძულვილი დაიმსახურა. ბოლოს კი ყოფილი პრეზიდენტი ამერიკელებმაც მიატოვეს. ცხადია, ისე არა, როგორც მოისროლა ვაშინგტონმა ოდესღაც საყვარელი ადამიანები - ეგვიპტელი ჰოსნი მუბარაქი და ლიბიელი მუამარ კადაფი, მაგრამ სააკაშვილი მაინც ფეხებზე დაიკიდეს.
რას იტყვის ბატონი ავაქოვი? როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას, როცა ქართველი მიშიკოს მსგავსად „შავ ნაჭდევს“ მიიღებთ? ისტორიასაც გადახედეთ: თქვენი ჰეტმანი ვიტკოვსკი, რომელიც ხელისუფლებაში ბოგდან ხმელნიცკის შემდეგ მოვიდა, ჯერ რუსეთის მოკავშირე გახდა, მერე პოლონელებთან გაიქცა, საბოლოოდ კი ცხოვრება და კარიერა, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, პოლიტემიგრაციაში - პოლონეთში დაასრულა, სადაც სიკვდილით დასაჯეს... იყო ეჭვები, რომ მოსკოვის სასარგებლოდ ინტრიგებს ეწეოდა.
კიდევ ერთმა ჰეტმანმა კი - პეტრე დოროშენკომ, რუსებსაც უღალატა და პოლონელებსაც, თურქები მიიპატიჟა თავის საჰეტმანოში - დრევანდელ მალოროსიასი, ბოლოს კი რუსეთში გაიქცა, სადაც ვიატკის ვოევოდა გახდა, დიდხანს განცხრომით იცხოვრა და სიცოცხლე მშვიდად დაასრულა, მაძღრად და დიდხანს იცოცხლა.
მოკლედ, უკრაინელო ლიდერებო, გაითვალისწინეთ! შეეშვით ამ დასავლეთს და წესიერად მოიქეცით. აი, მაშინ კი რუსეთი ყველაფერს გაპატიებთ, მიგიღებთ, დაგაპურებთ, ყველაფრის მიუხედავად...“.

http://www.kp.ru/daily/26290.4/3167791/

ბეჭდვა