„დეილი ბისთ“ (აშშ): საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ
„დეილი ბისთ“ (აშშ): საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ
11:36 30.09.2014
პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია „ისლამური სახელმწიფოს“ არმიის რიგებში მებრძოლ ქართული წარმოშობის „ბოევიკების“ მონაწილეობას ეხება და აღნიშნულია, რომ ისინი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა, ყველაზე ცნობილი მეთაურის თარხან ბათირაშვილის, ანუ აბუ-ომარ ალ-შიშანის ჩათვლით.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარებისთვის მიმართოს, რადგან სწორედ ეს ქვეყანა ითვლება ბევრი იმ ბევრი ახალგაზრდა ჯიჰადისტის სამშობლოდ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ არმიაში იბრძვიან. თავის მხრივ, საქართველოს ძალიან სურს დაეხმაროს აშშ-ისა და არაბული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის სურვილი რეალიზებული იქნება...
საქართველო „იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით“, მით უმეტეს, რომ ეს კავკასიური ქვეყანა, ნატოს მიმართ თავისი ლოიალურობა რომ დაემტკიცებინა, წინა წლებში ალიანსის ერაყულ და ავღანურ კონტინგენტებში თავის ჯარებს აგზავნიდა. დღეს ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ამბობს, რომ ნატომ საქართველო სხვადასხვა მისიებში გამოიყენა, მაგრამ საპასუხოდ თითქმის არაფერი გაუკეთებია: „მე არ მესმის, რატომ უნდა გაგვეგზავნა ჩვენ ავღანეთში 1500 ჯარისკაცი, როცა ორასიც საკმარისი იქნებოდა ჩვენი ლოიალურობის დასამტკიცებლად“, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
„ნატომ ჩვენი ჯარისკაცები თავის მისიებში სამსახურისთვის გაწრთვნა, მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტული დახმარება გვინდა: ექსპერტების მიერ უკვე მომზადებულია იმ აღჭურვილობის სია, რაც გვჭირდება - რაკეტსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. თუმცა 20 წელი მაინც დაგვჭირდება ამის ფულის გადასახდელად, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი თანხების გამოყოფა. გარდა ამისა, ამ იარაღის გამოსაყენებლად ცოდნა და ექსპერტთა დახმარება დაგვჭირდება“- აცხადებს ექსპერტი.
ამ ცოტა ხნის წინათ, ნატოს ექსპერტები საქართველოში იყვნენ, მაგრამ მათი შეფასებები იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სამხედრო რეფორმა და დემოკრატიული პროცესები, შესაძლოა მთლიანად დადებითი არ იყოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩივიან, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მასმედიაზე ზეწოლას ახორციელებს.
„გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ შეერთებულ შტატებს შესთავაზა მის ტერიტორიაზე საწრთვნელი ბაზა განალაგოს თითქოსდა სირიელი „ზომიერი ამბოხებულების“ მოსამზადებლად. ამერიკელებს სურთ, რომ მათი მომზადება მოხდეს როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ასევე სირიის ხელისუფლების, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგაც“, - აღნიშნულია გამოცემაში.
გამოცემის თანახმადვე, როგორც კი ამის თაობაზე „როიტერმა“, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ და სხვა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა და თბილისის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, მოულოდნელად გააცნობიერეს: თუ ისინი იმას გააკეთებენ, რასაც აპირებენ და ამას თანაც საჯაროდ გააკეთებენ, ისინი არამარტო „ისლამური სახელმწიფოს“ დაუნდობელი „ბოევიკების“ სამიზნედ გადაიქცევიან, არამედ ვლადიმერ პუტინისთვისაც, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის აქტიური მხარდამჭერია. შესაბამისად, ქართველებმა სწრაფად უარყვეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ასეთი წინადადება გულშიც კი არ გაუვლიათ.
რუსეთიდან წამოსული სიგნალები არაორაზროვნად მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოს მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში „შეთქმულებად“ იქნება აღქმული, - წერს ავტორი და ამის დასადასტურებლად იმოწმებს რუსი პოლიტოლოგის იური კრუპნოვის გამონათქვამს: „ეს ისევ წმინდა წყლის გეოპოლიტიკური თამაშებია: ამერიკა ჯერ თვითონ ქმნის რადიკალური ისლამისტების მოძრაობას, შემდეგ კი მათ ებრძვის... შეერთებული შტატების სტრატეგიის არსი იმაშია, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ბაზების წრეში მოაქციოს“. სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ყოველი ქვეყანა საკუთარი თვალსაზრისით უყურებს“.

http://www.thedailybeast.com/articles/2014/09/26/isis-on-georgia-s-mind.html

ბეჭდვა