გეგუთის კოლონიაში შიმშილობა რუსთავიდან ახალი მაყურებლების ჩაყვანის შედეგად შეწყდა
გეგუთის კოლონიაში შიმშილობა რუსთავიდან ახალი მაყურებლების ჩაყვანის შედეგად შეწყდა
20:41 14.02.2014
„გეგუთის ციხეში აბსოლუტური სიმშვიდეა, თუმცა იგეგმება პროტესტის ახალი ტალღა“-ეს განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 14 თებერვალს გააკეთა.
„გეგუთის ციხეში ამ დროისათვის აბსოლუტური სიმშვიდეა, მაგრამ როგორც რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც ტალღის აგორებას აპირებდნენ, ეხლაც გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ახლა უბრალოდ წინასწარ გადაწყვიტეს, რომ რადგან ამან არ გაჭრა, უნდათ აქცენტი რაღაცა სხვა ტიპის საკითხებზე გააკეთონ, თითქოს კვებასთან დაკავშირებული პრეტენზიებზე, ანუ უფრო სოციალურ საკითხებზე. სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ამას ვერანაირი აქცია გარეთ თუ შიგნით, ვერ შეაჩერებს, უბრალოდ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ არც იქნება“- ამბობს სუბარი.

რა ხდება რეალურად გეგუთის ციხეში და რატომ შეწყვიტეს პატიმრებმა შიმშილობა იმ ფონზე, როცა მათი მოთხოვნა ციხის უფროსის გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა?
გეგუთის ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი პატიმრების დამშვიდებას რუსთავის „კრიტიდან“ ციხის მაყურებლის და მისი ათკაციანი ჯგუფის გადმოყვანას უკავშირებს. მისი თქმით, ნუგზარ ნიკოლაძემ იგივე „„ბუწალიჩმა“ ციხის დირექტორს პატიმრების დაწყნარების გარანტია მისცა.
- ანუ ციხეს მაყურებლები დაამატეს?
- კი არ დაამატეს, ჩაანაცვლეს. 12 თებერვალს ციხის მაყურებელი ონიანები თავის „შაიკით“ გადაიყვანეს კრიტში და მათ ნაცვლად რუსთავის მეექვსეს კრიტიდან ათკაციანი „შაიკით“ ნუგზარ ნიკოლაძე დააბრუნეს.
-რატომ მოხდა ეს ჩანაცვლება?
- ნიკოლაძეს უთქვამს კრიტიდან თუ გამიყვანთ, მე გავაჩერებ პატიმრებსო. ონიანებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და გეგუთში გადმოსვლას ვერ ბედავდა. ონიანები და მისი ბიჭები იმავე მანქანით წაიყვანეს კრიტში, რითაც „ბუწალიჩი“ და მისი ხალხი მოაბრძანეს . პატიმრებს ეშინიათ ნიკოლაძის „შაიკის“, რადგან ისინი მათ სცემენ და მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამიტომაც დამშვიდდა გეგუთი და დასრულდა შიმშილობის აქცია .
- ციხის ადმინისტრაციას პატიმრებთან მოლაპარაკება არ უცდია?
- მცდელობა იყო, მაგრამ პატიმრები ციხეში არავის უშვებდნენ, ვერც დირექტორი და ვერ მისი მოადგილე ცხვირს ვერ ყოფდნენ შიგნით. 11 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი ჩამოვიდა, მაგრამ ციხეში შესვლას ვერც ის ახერხებდა. მან სპორტულები ჩაიცვა და ვითომ პატიმარი იყო დერეფანში გაიარ -გამოიარა. ამ დროს ციხის კონტროლიორმა ავთანდილ გოგიბერიძემ ჩაუარა გვერდით და რადგანაც დერეფანი ვიწრო იყო, მხარი გაკრა. მოუბრუნდა დეპარტამენტის უფროსი და დედა აგინა გოგიბერიძეს. იმანაც იფიქრა, პატიმარი რამდენს მიბედავსო და მკვდარ-ცოცხალი არ დაუტოვა უგინებელი. ამის გამო გოგიბერიძე სამსახურიდან გაუშვეს, მაგრამ ამ წასვლისას უთქვამს, ახალგაზრდა იურისტებთან მივალ და გიჩივლებთო. ორი დღის მერე დაურეკეს, კარგი დაბრუნდი, გაპატია დეპარტამენტის თავმჯდომარემო.
-სოზარ სუბარი ამბობს, რომ გეგუთში და ზოგადად ციხეებში ძველი თანამშრომლები შემორჩნენ, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს და აბუნტებენ პატიმრებს. დაიწო ასეთი თანამშრომლების გაშვება?
-მამუკა ჩოჩუას და ზაზა ბარძენიშვილის გარდა არავინ გაუშვიათ. ჩოჩუა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მიშა ღურწკაის ნათესავი და მეზობელია ხობის რაიონის სოფელ თორსაში. 1 თვის წინ, როგორც კი ციხის უფროსად კახა ბებია დაინიშნა, რეჟიმის უფროსმა რომან ენუქიძემ - „ბალუმ“ უთხრა, ჩოჩუა ღურწკაიას კაცია და გავუშვათო. რაც შეეხება ბარძენიშვილს, ათი დღის წინ მან სპეცოპერაცია ჩაატარა და ციხის ექიმი დააკავა , რომელსაც პატიმრებთან ნარკოტიკი და ფსიქოტროპული აბები შეჰქონდა. ეგონა ამის გამო მადლობას ეტყოდნენ, მაგრამ ციხის უფროსმა დაიბარა და მოადგილესთან და რეჟიმის უფროსთან ერთად ხელკეტებით სცემა. იმ დღეს დეპარტამენტიდან სტუმრები ჰყავდათ, იქეიფეს, დალიეს და თავს ვერ აკონტროლებდნენ.
- არ უთხრეს რატომ სცემდნენ?
- შარს სდებდნენ, ციხის თანამშრომელ ქალს ხელი რატომ სთხოვეო. გაგიჟდა ზაზა, ცოლი მყავს, ოჯახი მაქვს, რაში მდებთ ბრალსო და ცემა დაუწყეს.
- თანამშრომლები როგორ ეგუებიან ციხის ახალ დირექტორ კახა ბებიას?
- ყველას წასვლა უნდა, მაგრამ ოჯახები ჰყავთ, ბანკის ვალები აქვთ და იძულებულები არიან გაჩერდნენ. გეგუთში მდგომარეობა მისმა გადმოსვლამ დაძაბა. დღე და ღამე სვამენ, ლოთობენ და მერე თავს ვერ აკონტროლებენ. სხვათაშორის ეს ბებია ზუგდიდის პოლიციაში ნარკომანიას კურირებდა. ერთხელაც წამლის ფული რომ ვერ იშოვა, თანამშრომელს მანქანაზე ნაწილები მოუხსნა და გაუყიდა. ის სისტემიდან გაუშვეს, მაგრამ სუბარმა დაასაქმა და ახლა სისხლს გვიშრობს.
- სოზარ სუბარის თქმით კი, პატიმრებს „ძველი ბიჭები“ და ციხის ასევე ძველი თანამშრობლები აბუნტებენ. უადგილო აჟიოტაჟის შექმნა დაბრალდა მედიასაც.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურმა მოუცლელობის გამო კომენტარი ვერ გააკეთა, რადგან მისი თქმით, ის იმ დროს რუსთავში იმყოფებოდა.
სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადაა, სურვილის შემთხვევაში, თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მისცეს.

ევა ალფენიძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“





ბეჭდვა