აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი გასაგებია და გვესმის, მაგრამ აშშ-მა ისე გაბერა და გააზვიადა თურქეთის მიერ რუსული С-400 რაკეტების შესყიდვის საკითხი, ისე ზეწოლას ახდენს ჩვენზე, რომ უკვე პატრონისა და უფროსის სახით მოგვევლინა. ამერიკა გვემუქრება - თურქებმა არჩევანი უნდა გააკეთოთ: „ან ნატო, ან С-400“. ამერიკელებმა კარგად იციან, რომ თურქეთს ნატოდან ვერ გარიცხავენ - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორგანიზაციიდან წევრი სახელმწიფოს გარიცხვის მექანიზმი არ არსებობს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა უცნაური დაპირისპირება: ერთი მხრივ - 70 წლის ნატო, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიებისა და ხალხების დასაცავად შეიქმნა, დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით და მეორე მხრივ - იმ ქვეყნის კადნიერი მოქმედება, რომელიც იურიდიულად ნატოს ჩვეულებრივი წევრია 29 სხვა სახელმწიფო-წევრს შორის...

და ეს წინააღმდეგობა მხოლოდ თურქეთს კი არ ეხება, არამედ ორგანიზაციის სხვა წევრებსაც, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში არიან: მათაც დაიწყეს კითხვების დასმა - რამდენად შეიძლება ენდონ ამერიკას, რამდენად უნდა ჰქონდეთ ვაშინგტონის იმედი და ხომ არ დადგა დრო საკუთარი უსაფრთხოების სისტემა შექმნან? ამასთან დაკავშირებით ბევრი ევროპელისა და თურქისათვის ამერიკა ცუდი მფარველის შთაბეჭდილებას ტოვებს.

აი, რას ამბობს, მაგალითად, ბრიგადის გენერალი ნაიმ ბაბიუროღლუ, რომელიც 1998-2001 წლებში ბელგიაში, ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობდა: „შეერთებულ შტატებს ნატოს სამხედრო ხარჯებში 60-70% წილი აქვს. რასაკვირველია, ასეთი წვლილის გამო ვაშინგტონი თვლის, რომ მას უფლება აქვს სხვებს მიუთითოს და ჭკუა ასწავლოს. ამ მხრივ ყველაზე აშკარა ის არის, რომ როცა ნატო რაიმე სამხედრო ოპერაციებს ატარებს, მოკავშირეთა ძალების სარდლობას ყოველთვის აშშ მართავს. მე ეს ყველაფერი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რადგან ბრიუსელში ვმსახურობდი. ანუ იმ სტრუქტურის სარდლობას, რომლის გაძლიერებაში ყველას აქვს წვლილი შეტანილი, ამერიკელი გენერალი ახორციელებს. მისი მოადგილე ბრიტანელი გენერალია, შტაბის უფროსი კი - გერმანელი გენერალი. ეს სისტემა დიდი ხანია არსებობს და უცვლელი რჩება. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ამერიკა ნატოს „ხაზეინია“.

- ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარე უცხადებს ამერიკა თურქეთს ულტიმატუმს - „ან ნატო, ან С-400“?

ნატოს წესდების 14 მუხლიდან არცერთში არ არის ჩაწერილი ალიანსიდან რომელიმე მისი წევრის გარიცხვის შესაძლებლობა, თუმცა, ამის მიუხედავად, ნატოს ყოველ წევრს აქვს იმის უფლება, რომ სურვილის შემთხვევაში, გაემიჯნოს ალიანსის სამხედრო ან პოლიტიკურ სტრუქტურებს. თავის მხრივ, ნატოც თავისი რიგებიდან ვერავის გააგდებს, მაგრამ შეუძლია გარიყოს, გერი შვილივით მოექცეს. მაგალითად, არ დანიშნონ თურქეთის წარმომადგენლები კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე ალიანსის ჩარჩოებში; ყურად არ იღონ ჩვენი პოზიცია მაშინ, როცა მოლაპარაკების დროს თურქეთთან დაკავშირებული საკითხები იხილება. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნატოს ყველა გადაწყვეტილება კოლეგიალურია...

- და თურქეთს უფლება აქვს ასეთ შემთხვევებში ნატოს რიგ გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმოს?

- დიახ, უფლება აქვს და შეუძლია არ დაეთანხმოს, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები. ვთქვათ, თუ თქვენ გონივრულად ბლოკავთ რომელიმე გადაწყვეტილებას, პრობლემები არ წარმოიქმნება, მაგრამ თუ მუდმივად დაბრკოლებებს ქმნით, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ დანარჩენ 28 ქვეყანას მოიმდურებთ. მათ შეუძლიათ რაღაცეებში შეგზღუდონ, ვთქვათ, უარი განაცხადონ ნატოს ინვესტიციების ჩადებაზე...

- ანუ ასეთ დროს აშშ „ხაზეინის“ როლს ასრულებს?

- აშშ გლობალური ძალის მქონე სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობს. ვთქვათ, [ამერიკის ინიციატივით], ჩავედით ისრაელში, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას? დიახ, ეწინააღმდეგება, მაგრამ აშშ-მა გადაწყვიტა და ზოგიერთმა ქვეყანამაც თავისი საელჩოები თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანეს. ანდა გოლანის მაღლობი ავიღოთ - ამ საკითხთანაც იგივე სიტუაციაა. ასე ხდება ნატოშიც: ამერიკამ ძალიან კარგად იცის, რომ მას ალიანსში ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, განსაკუთრებით ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით ნატოს წევრები გახდნენ. ამერიკა მათ ეხმარება და ეუბნება, რომ რუსეთისაგან დაიცავს...

მოკლედ, ჩვენი ნატოელი პარტნიორი აშშ, რომელიც პირში ასე გვეუბნება, „თურქეთო, შენ ნატოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა ხარ, ჩვენი მოკავშირე, შენ ალიანსში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს“, სინამდვილეში სხვანაირად ფიქრობს. და სრულიად აშკარაა, რომ თავისი განზრახვის შესრულებისას აშშ ჩვენს უფლებებს და კანონებს ყურადღებას არ მიაქცევს. ალბათ, ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ამის საწინააღმდეგოდ რაიმე წესებს შევიმუშავებთ. პრინციპში, თურქეთი ამას უკვე აკეთებს..“.




p.s. იბეჭდება შემოკლებით

წყარო: «Milliyet» (თურქეთი)


ბეჭდვა