ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის და თურქეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, შავი ზღვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რა როლს თამაშობენ რეგიონის ქვეყნები, როგორია თურქეთის პოზიცია მონტრეს კონვენციის გათავალისწინებით და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში გაზრდილი წვლილის შესატანად? ამ თემებზე გადამდგარ სამ ვარსკვალიან გენერალ ბენ ჰოჯესს, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, „ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

- ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ჩვენთან რომ ხართ.

- მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის.

- შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მის როლზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში დღეს ხშირად ისმის საუბარი. თქვენი აზრით, რამდენად ძლიერია დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს გადმოსახედიდან?

- გასულ წელს, ალიანსმა ნამდვილად აღიარა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა. ნატოს გემებმა - მათ შორის, შეერთებული შტატების და გერმანიის ხომალდებმა - წინა წლებთან შედარებით, შავ ზღვაში უფრო მეტი დღე გაატარეს, ცხადია მონტრეს კონვენციის შეზღუდვების გათვალისწინებით. ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში (CEPA) ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონის საზღვაო სტრატეგიაზე და განვიხილავთ იმას, თუ რის გაკეთება შეუძლია ნატოს ამ სტრატეგიის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში, განვიხილავთ თურქეთს, რომელსაც მონტრეს კონვენციით დაკისრებული პასუხისმგებლობები აქვს და რომელსაც თურქეთი ყოველთვის მკაცრად იცავს. ასევე, გვყავს ნატოს კიდევ ორი მოკავშირე - რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე ნატოს ორი ძალიან კარგი მეგობარი საქართველო და უკრაინა და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია. შავ ზღვაში ჩვენთვის უმთავრესი რამ მოკავშირეების და ჩვენი მეგობრების დაცულობა და სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ზღვაოსნობის თავისუფლებაა.

- საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში ჩვენ წარსულშიც გვისაუბრია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში ვიზიტის დროს მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ სურვილს, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. თქვენ რას ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ახლა საქართველო და რის გაკეთება შეუძლია ქვეყანას იმისთვის, რომ უფრო დიდი პარტნიორი გახდეს?

- სამ რამეს ვიტყვი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა.

საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს.

მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არის ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს.

მესამე საკითხი, კი საქართველოს მეტი ჩართულობაა. მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. სანამ ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც.

- საქართველოში ამერიკასთან ერთობლივი საჰაერო ბაზის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია....

- დიახ. ვნახე, რომ ამერიკის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურის მოადგილე გენერალი ლაიონსი ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენადაც მე მესმის, ბაზა უკვე არსებობს და ერთობლივი აეროდრომი არსებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე აშენდება.

- ნოემბრის ბოლოს შავ ზღვაში, კერძოდ კი ქერჩის სრუტეში მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რუსეთმა უკრაინის გემების გადაადგილება ძალისმიერი მეთოდით აღკვეთა და მეზღვაურები და გემები დააპატიმრა. თქვენი აზრით, შავ ზღვაში კონფლიქტი მიმდინარეობს?

- რა თქმა უნდა. რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, დააპატიმრა 24 უკრაინელი მეზღვაური და მოახდინა სამი უკრაინული გემის კონფისკაცია. ეს კონფლიქტია. ამასთან, ქერჩის სრუტის ხიდი რუსეთმა ისე ააშენა, რომ დიდ სატვირთო გემებს, რომლებსაც სერიოზული ტვირთი მარიუპოლსა და ბერდიანსკამდე მიჰქონდათ, დღეს ამას ვეღარ აკეთებენ. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით, დიზაინში დაშვებული შეცდომის გამო არ ხდება. საბოლოო ჯამში, რუსეთის მიზანი აზოვის ზღვის ბლოკადა და უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმის მიყენებაა.

- ანუ, უნდა ჩავთვალოთ, რომ შავ ზღვაზე ომი მიმდინარეობს? თუ ეს ასეა, რა არის თურქეთის პოზიცია? რატომ ამ აკეთებს ანკარა განცხადებებს ამის შესახებ?

- მე, ცხადია, არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა საუბრები მიმდინარეობს უკრაინასა და თურქეთს შორის. ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაკავებულ მეზღვაურებს „სამხედრო ტყვეები“ უწოდა და არა „დაკავებული მეზღვაურები“. უკრაინამ იცის ის, რომ ომი მიმდინარეობს. თუმცა, ასეთი უკიდურესად კომპლექსური საკითხების იურიდიული კატეგორიზაცია ადვილი არასდროს არის.

აქ უფრო დიდი ფაქტორი არსებობს. თუ დასავლეთი და თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, რუსეთის მიერ ყირიმზე უკანონო ამბიციებს შეეგუება, ეს დააზიანებს უკრაინის მხარდაჭერის ძალისხმევას და მსოფლიო თანამეგობრობას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემას ითხოვს. რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმი და მასთან ერთად ყირიმის ტერიტორიული წყლები ახლა რუსეთის ტერიტორიული წყლებია. თუ მსოფლიო ყირიმის ანექსიას ფაქტად მიიღებს, ამით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნება მსოფლიოში 2-3 მსგავსი ადგილისთვის. მაგალითად, ჰორმუზის სრუტეში ან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. თუ ერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა მიითვისოს ეს ვიწრო გასასვლელები…

- ამას დიდი გავლენა შეიძლება მოჰყვეს…

- უდიდესი… წარმოიდგინეთ გადაზიდვები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში მიმდინარეობს. ეს გაცილებით დიდი ამბავია, ვიდრე მსოფლიოს ერთ კუთხეში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც რუსეთს და უკრაინას ეხება.

- თქვენი აზრით, ეს ყველაფერი თურქეთს ნერვიულობის საფუძველს უქმნის? ცხადია, რომ შავ ზღვაში სტატუს ქვო იცვლება.

- დარწმუნებული ვარ, მოვლენებს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან. თურქეთი ბოსფორსა და დარდანელებზე საკუთარ სუვერენიტეტს და მონტრეს კონვენციის დაცვას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. თუმცა, ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში არიან -- მეზობლად ჰყავთ ირანი, ერაყი, სირია, აღმოსავლეთ ბალკანეთი, კავკასია, რუსეთი. თურქეთის მთავრობა დღეს გეტყვით, რომ სხვადასხვა ფრონტზე სამ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვიან. ანკარას ძალიან აწუხებს სირიის ამბავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ იქიდან ჯარს გამოიყვანს. გარდა ამისა, თურქეთი რუსეთსგან S-400 ტიპის რაკეტების ყიდვას კვლავ გეგმავს. ჩემი აზრით, ამ ფაქტორებს მათ მიერ რეაგირების გაკეთებაზე გავლენა აქვს.

- ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც საქართველოს საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობთ, რას ფიქრობთ ქვეყნის მიმართულებაზე? რა შეიძლება აკეთებდეს საქართველო უფრო მეტად, უკეთესად ან რა უნდა შეცვალოს იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება გააუმჯობესოს და დასავლეთს მეტად დაუახლოვდეს?

- როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასამტკიცებელი მეტი არაფერი აქვს ნატოსთან უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით დაახლოების მხრივ. ამერიკასთანაც, მოგეხსენებათ, ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი ერთგულების ძალიან ძლიერი გზავნილი იყო. ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს გამჭვირვალობა და ინსტიტუტებია. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს.

საარჩევნო პროცესი, სასამართლო და განსაკუთრებით ბიზნეს პრაქტიკა, ვფიქრობ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდ მუხტს შექმნის. ამ მხრივ, ანაკლიის პორტი დიდი შესაძლებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეიძლება მოუნდეთ, [ინსიტიტუტებისადმი] ნდობა უნდა გაუჩნდეთ, რომ ბიზნეს გარიგებები გამჭვირვალედ წარიმართება და რომ ამისთვის სანდო ლეგალური სტრუქტურები არსებობს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან დადებითი ფაქტორი იქნება.


წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ბეჭდვა