ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას ინტერვიუ ჩამოართვა გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც თავისი პოზიცია გამოხატა მრავალ საკითხზე - არჩევნების შედეგებზე, დაგეგემილ აქციებზე, სალომე ზურაბიშვილის შესახებ და სხვა საკითხებზე. მკითხველებს შევახსენებთ, რომ მანამდე ოლღა ივშინა ესაუბრა სალომე ზურაბიშვილსაც, რომლის ინტერვიუც ასევე გამოქვეყნდა BBC-ის რუსული სამსახურის ვებ-გვერდზე.

გთავაზობთ ამონარიდებს გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუდან და აქვე აღვნიშნავთ, რომ ინტერვიუ აღებულია მანამ, სანამ რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართებოდა:

„ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ერთი პარტიის და ერთი კაცის მმართველობა აღარ იყოს. სხვანაირად შეიძლება მთელი სახელმწიფო დავკარგოთ. საქართველო მხოლოდ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა უნდა იყოს. საერთოდ, ეს საარჩევნო კამპანია ყველაზე ჭუჭყიანი იყო, რაც კი მინახავს მსოფლიოში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ქართველი ხალხი შეძლებს გადაიტანოს კიდევ ერთი მსგავსი კამპანია და კიდევ ერთი ასეთი არჩევნები“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

კითხვაზე, რამდენი ადამიანის გამოსვლის იმედი გაქვთ ორ დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეო, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს:

„ერთიც რომ მოვიდეს, ისიც მნიშვნელოვანია. საერთოდ კი, რამდენიც მოვა, იმდენი მოვა. ჩვენ ღარიბი პოლიტიკური პარტია ვართ, ფული არ გვაქვს. მხოლოდ პირველი ტურის შემდეგ დავკიდეთ სამი-ოთხი ბანერი თბილისში, ისიც სხვა პოლიტიკური პარტიის დახმარებით. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ უფულოდ მაინც შეუძლებელს მივაღწიეთ. ჩვენ ისეთი ძალა გვეწინააღმდეგებოდა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიც ჰქონდა და კერძო სიმდიდრეც. ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდა სამართალდამცველი ორგანოები, კრიმინალი და მთელი მასმედია, ზოგიერთი ოპოზიციური ტელეარხის გამოკლებით. ერთ-ერთი [ჩვენი მომხრე] ტელეარხი პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს დაიხურა. და მაინც, ჩვენ 800 ათასი ხმა მივიღეთ. ეს ბევრად მეტია იმაზე, რაც ამ კლოუნებმა „ქართული ოცნებიდან“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს“.

- და რას იზამთ, თუ კვირას ქუჩაში ვთქვათ, ორი ათასამდე ადამიანი გამოვა?

- მაშინ ჩვენ დავიწყებთ იმ ორი ათასი ადამიანიდან. როცა მე კამპანიას ვიწყებდი, ჩემს ირგვლივ მხოლოდ 15 კაცი იყო (...) ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, არ ვცდილობთ რაიმე რევოლუციის მოხდენას, ქუჩაში დაპირისპირებას და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვისარგებლებთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტებით, რაც დაშვებულია ქვეყნის კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

- საინტერესოა, რომ თქვენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სახელით არ მიმართავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ თქვენ იგი მოიხსენიეთ სიტყვით - „არავინ“. არადა იგი ცნობილი დიპლომატია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს საქართველოსთვის - შეთანხმებას ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე...

- დიახ, სრულიად მართალია, მან ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა...

- მაშინ რატომ მოიხსენიებთ მას „არავინ“-ად?

- იმიტომ, რომ ის კანდიდატი არ ყოფილა. კანდიდატი იყო ბიძინა ივანიშვილი. იგი სწორედ „არავინ“ იყო. თქვენ რაიმე გაგიგიათ ამ ე.წ. კანდიდატისაგან ჩვენი ქვეყნის ან სოციალურ, ან პოლიტიკურ ანდა ეკონომიკურ პრობლემებზე? არაფერი! ჩვენ, ქართველები, ახლა ერთდროულად სამ კრიზისში ვართ, რაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ჩვენთან გაგანია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისია. და ჩვენ მოგვცეს ქალი, რომელსაც ამაზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს. (...) მე როგორც მოქალაქეს, ამ ლედის [სალომე ზურაბიშვილის] მიმართ არანაირი პოლიტიკური ვალდებულება არ მაქვს. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. იგი არასაკმარისად კვალიფიციური ქალია იმისთვისაც კი, რომ სადღაც, მსოფლიოს შორეულ ადგილზე კულტურის ატაშე იყოს.
(...)
თუ ადამიანმა იცის, რომ [რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ] საჯაროდ უნდა ისაუბროს, მაშინ აუცილებელია მკაფიოდ განსაზღვრო, თუ როგორი პოზიცია აქვთ ბრიუსელს და ვაშინგტონს რუსეთთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით. ყოველი ომი მოლაპარაკებით მთავრდება. თუ რუსეთი დათანხმდება ჩვენს წინასწარ პირობებს - ისინი კი ასეთია: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი საერთაშირისო პოლიტიკის თავისუფლება - მაშინ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.

- ესე იგი, თქვენ მზად ხართ მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყოთ?

- არა, მე არ ვარ მზად ამისათვის. ამიტომაც ვთქვი - თუ მოსკოვი ჩვენს წინასწარ პირობებზე დათანხმდება-მეთქი. მაგრამ როცა მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობ, რომ ზიხარ და ბრიუსელ-ვაშინგტონს ელოდები, როდის აგინთებენ მწვანე შუქს მოსკოვთან დასალაპარაკებლად, ეს სრული ბოდვაა. იმიტომ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი შენს თავისუფლებას არ ზღუდავენ, ისინი მხოლოდ მოხარულნი იქნებიან იმით, თუ შენ თვითონ დაიწყებ საკუთარი პრობლემების მოგვარებას. დასავლეთს თავისი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს - ბრექსითიო, გიბრალტარიო, კატალონია, და ბევრი სხვა რამ...

- ბევრი ამბობს, რომ ამ არჩევნები თქვენსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მომხდარი არჩევნები კი არ იყო, არამედ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის...

- ეს ისევ პროპაგანდაა - იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ არჩევანი იყო ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მიხეილ სააკაშვილს ჩემს საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კი, იგი ტელევიზორი ეკრანზე ჩნდება ხოლმე... მაგრამ შეხედეთ ჩემს პროგრამას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნაწილში... თქვენ როდისმე მოისმინეთ მისგან რაიმე ისეთი, რაც ჩემს წინადადებებს ემთხევევა? მე ამას სერიოზულად ვამბობ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ. არ ვიცი, როგორი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობა მომავალში, მაგრამ მინდა, ეს გაერთიანება შევინარჩუნოთ და გავაფართოვოთ კიდეც. ჩვენ რეფორმებს პირველ 100 დღეში გავატარებთ“.


წყარო: «BBC» (დიდი ბრიტანეთი)

ბეჭდვა