ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც გაანალიზებული რუსეთისა და დასავლეთის თანამედროვე დაპირისპირების მიზეზები. მისი ავტორია ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის სახელობის კვლევითი ცენტრის ექსპერტი უილიამ ჰილი. წიგნის მოსკოვური პრეზენტაციის წინ ავტორს ჟურნალ «Огонек»-ის კორესპონდენტი ვლადიმერ სოლოვიოვი ესაუბრა (ინტერვიუ ჟურნალში გამოქვეყნებულია სათაურით „ეს მოჯადოებული წრეა, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვიმყოფებით“. „მოჯადოებულ წრეში“ გულისხმება დასავლეთის ანტირუსული ნაბიჯები და რუსეთის ანტიდასავლური რეაქცია, რაც დაუსრულებრად გრძელდება).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- შეგიძლიათ მოსკოვისა და ვაშინგტონის მიერ დაშვებული ის მთავარი შეცდომები დაასახელოთ, რომლებმაც მსოფლიო დღევანდელ სიტუაციამდე მიიყვანა?

- დიახ, რასაკვირველია. პირველი - ევროკავშირისა და განსაკუთრებით ნატოს გაფართოება, რაც ცენტრალურ ევროპაში წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ამ პროცესებიდან რუსეთის ფაქტორის „ამოგდებამ“ პრობლემები წარმოქმნა. ნატოს პირველმა გაფართოებამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მეორემ მოსკოვთან ურთიერთობაში პრობლემები გააჩინა. მეორე - ომი კოსოვოში. ამ საკითხში შეცდომები დაუშვა როგორც დასავლეთმა, ასევე რუსეთმაც. დასავლეთი თვლიდა, რომ მას გაეროს დაუკითხავად შეეძლო მოქმედება, რუსეთი კი პირიქით მიიჩნევდა. კრემლის რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იყო. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი: როცა კოსოვოში სლობოდან მილოშევიჩი ათასობით ალბანელს ხოცავდა, მოსკოვი სიჩუმეს ინარჩუნებდა. გასაგებია, რომ რუსეთს იუგოსლავიის (სერბეთის) პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ურთიერთობა მის შესაჩერებლად რატომ არ გამოიყენა? კოსოვოში სერბების მიერ გამოჩენილი სისასტიკე რეაგირებას აუცილებლად გამოიწვევდა. ასე რომ, რუსეთმა შეცდომა დაუშვა. ცალკე საკითხია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. შესაძლოა, კოსოვო მართლაც იმსახურებდა აღიარებას, მაგრამ დასავლეთში ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, მოსკოვის რეაქციაზე არ ფიქრობდა.

- საერთოდ არ ფიქრობდნენ თუ მათთვის სულ ერთი იყო, როგორი რეაქცია იქნებოდა?

- ძნელია ამის ზუსტად თქმა. რუსეთის შეცდომად ვთვლი საქართველოსთან ომს, თუმცა იმავდროულად პასუხისმგებლობა არ ეხსნება მიხეილ სააკაშვილსაც. ასევე მოსკოვის შეცდომა იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება - ამ ნაბიჯის გადადგმის შედეგად მოსკოვმა ისეთი [გამოუვალი] მდგომარეობა შექმნა, როცა არანაირ დათმობაზე წასვლა აღარ შეუძლია. საერთოდ, მოსკოვი ყოველთვის უფრო მეტად მხარს სეპარატისტებს უჭერდა, ვიდრე მის მიერ ადრე აღიარებულ სახელმწიფოებს. იბადება კითხვა: განა უფრო კარგი არ იქნებოდა აღიარებული ქვეყნებისადმი [მაგ.საქართველოსადმი] დახმარების გაწევა კონფლიქტების მოგვარებაში, რაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯს გააუმჯობესებდა? შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში მსგავსი ქვეყნები ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას ასე ძალიან არ მოისურვებდნენ.

საერთოდ, თუ შეცდომებს ეძებ, მისი პოვნა ძნელი არაა. იყო სიტუაციები, რომლებიც ჩერნომირდინისებურად შეიძლება გადმოიცეს: „გვინდოდა კარგად გაგვეკეთებინა, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის“. ასეთი ისტორიები, 1990 წლიდან დაწყებული, დღემდე ბევრი მოხდა. იგივე „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ - კარგი პროგრამაა, მაგრამ უკრაინაში მისი რეალიზების წესმა კრიზისი გამოიწვია.


წყარო: kommersant (რუსეთი)


ბეჭდვა