ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივენ ნიქსი აფასებს, რომელსაც ვაშინგტონში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ესაუბრა.

- საქართველოში არჩევნები ტარდება. თქვენი კვლევების მიხედვით,რა საკითხები აღელვებს ყველაზე მეტად მოსახლეობას არჩევნების წინ?

- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, რომელიც სამი თუ ოთხი თვის წინ ჩავატარეთ, ის რაც მოსახლეობას აწუხებს უცვლელია და ესაა ეკონომიკის მდგომარეობა, სამუშაო ადგილები, პენსიები, სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობა. ამერიკაში ამას ვუწოდებთ პურის და კარაქის საკითხებს. ეს არის მთავარი საკითხები. თუმცა, ხშირად საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილია საგარეო პოლიტიკური ელემენტი, რუსეთის საკითხი.

- როგორც თქვენ ახსენეთ, რუსეთის თემა და 2008 წლის ომი ამ არჩევნებს, გარკვეულწილად, განსაზღვრავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად განხილული თემაა. თქვენი კვლევების მიხედვით, როგორ განწყობებს ვხვდებით რუსეთის მიმართ მოსახლეობაში?

- საგარეო პოლიტიკის კუთხით, კვლევების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს სტრატეგიულ საფრთხედ აღიქვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით მოსახლეობას ვინ არიან საქართველოს მთავარი პარტნიორები ან ვინ წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის. რუსეთი ყველაზე მაღლა დგას იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მოსახლეობის აზრით საფრთხეს წარმოადგენს. ხოლო შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, უკრაინას მოსახლეობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად ხედავს.

- ბევრი ორგანიზაცია საუბრობს მედია პოლარიზაციაზე საქართველოში და მთავრობის მცდელობაზე- მოახდინოს მედიის მონოპოლიზება. როგორ შეაფასებდით მედია გარემოს საქართველოში არჩევნების წინ?

- სხვადასხვა კანდიდატს ბევრი დრო ეთმობა, რაც გამამხნევებელია. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს დებატები ობიექტურობის შესახებ. ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ღია და გამჭვირვალე მედია პროცესი, სადაც დრო ყველა კანტიდატს დაეთმობა.

- ტრადიციულად, ნეგატიური კუთხით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ფინანსური ინტერესი მმართველი პარტიის მხარეზეა. ამას ხშირად გამოყოფს ეუთო და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რა პრობლემებს ხედავთ არჩევნების წინ?

- ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და მათ დაქვემდებარებაში არსებული კომისიები, საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით ყოველ წელს წინ მიდიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება ამ არჩევნებზეც; მეორე, იმედი გვაქვს, რომ არჩევნების დღე მშვიდობიანი იქნება; და მესამე, არჩევნების შედეგების გამოცხადების და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, იმედს ვიტოვებთ, მოხდება შედეგების აღიარება და ქვეყანა გაერთიანდება ახალი პრეზიდენტის გარშემო. სხვა კანდიდატები, თუ ისინი ჩათვლიან, რომ პროცესი თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე იყო, მშვიდობიანად მიიღებენ შედეგებს.

- მთავრობის წარმომადგენლები და სხვა აქტორები საქართველოში ხშირად ესხმიან თავს თქვენს ორგანიზაციას და სხვა კვლევით ორგანიზაციებსაც. ისინი არ ენდობიან თქვენ კვლევებს და მათ აკრიტიკებენ. რა არის თქვენი პასუხი?

- ჩვენი პასუხი ყოველთვის არის ის, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეთოდოლოგიის, ჩვენი კვლევების უტყუარობის და სიზუსტის. იქნება ეს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა თუ სხვა ქვეყნები, სადაც გამოკითხვას ვატარებთ, ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი კვლევების სისწორეში.

- თქვენ საქართველოში მიემგზავრებით. რა არის თქვენი მესიჯი პოლიტიკური პარტიების და მოთამაშეებისადმი არჩევნების წინ?

- ჩვენ ვმუშაობთ პარტიებთან და ვაწვდით მათ კვლევების მონაცემებს, რათა ისინი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი იმ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ და ეს პოზიტიურია.

მესიჯი ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ მათ ბევრი გააკეთეს, რათა მოეპოვებინათ ხმის მიცემის სუვერენული უფლება და ჰქონოდათ ოფიციალური პირების არჩევის შესაძლებლობა. ამიტომ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა. იმედი გვაქვს აქტივობა იქნება მაღალი. ეს ქართველი ხალხის ბოლო შანსია აირჩიონ პრეზიდენტი. იმედი გვაქვს ამით ისარგებლებენ და მივლენ არჩევნებზე.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ბეჭდვა