რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავარ მოწინააღმდეგედ გადაიქცა. მათ დაპირისპირებაში დამატებითი ინტრიგა შეაქვს იმ ფაქტს, რომ რობერ ქოჩარიანი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრად ითვლება. «КоммерсанЪ»-ის სპეცკორესპონდენტისათვის, ვლადიმერ სოლოვიოვისათვის მიცემულ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაუმეგობრდა რუსეთის ლიდერს და რამდენად მტკიცეა მათი მეგობრობა, რომ არის დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში, ვისია ყირიმი და რას ფიქრობს საქართველო-რუსეთის ომზე...

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენი მეგობრობა ვლადიმერ პუტინთან ცნობილი ფაქტია. თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ის ადამიანი, სილვიო ბერლუსკონისთან და გერჰარდ შრედერთან ერთად, რომლებთანაც რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად ახლო ურთიერთობა აქვს. ვლადიმერ პუტინმა თქვენ 31 აგვისტოს პირადად დაგირეკათ და დაბადების დღე მოგილოცათ. ბევრმა მიიჩნია, რომ ეს დემონსტრაციული მხარდაჭერა იყო მაშინ, როცა თქვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. და ეს მოხდა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. რა გითხრათ ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით საუბრის დროს, მხარი დაგიჭირათ?

- ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდში ორივე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად მეგობრული და გულწრფელი იყო, შედეგებიც გასაოცარი. მე რომ პრეზიდენტად ამირჩიეს, სომხეთში ინვესტიციები თითქმის არ შემოდიოდა, ახლა კი ნახეთ, რამდენი რუსული კომპანიაა სომხურ ბაზარზე - სერიოზული, მსხვილი და საინტერესო კომპანიები. მე აღარაფერს ვამბობ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე. ერთმანეთისათვის არასოდეს მოგვიტყუებია. ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ პრობლემებზე ღიად უნდა გველაპარაკა და ასევე ღიად უნდა გადაგვეწყვიტა. თუ აუცილებელი იყო, უკან ვიხევდით და კომპრომისებზეც მივდიოდით. ასეთმა ხანგრძლივმა, წრფელმა ურთიერთობამ ერთმანეთთან ადამიანურადაც დაგვამეგობრა, ეს დამოკიდებულება ჩემი პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა და ახლაც ასეა.

- რა უდევს საფუძვლად სახელმწიფოტა ლიდერების მეგობრობას? რაღაც საერთო ხედვები თუ ერთად გადატანილი რაღაც მომენტები, რაც ადამიანებს აახლოებთ?

- ეს ისეთი რამეა, რასაც ვერ აგიხსნით. ეს შეიძლება ერთად გადატანილი და განვლილი იყოს, ან თუნდათ ურთიერთსიმპათიები. ყველაფერი შეიძლება - ფაქტორების და მიზეზთა ის ერთობლიობა, რაც ადამიანებზე ემოციურად მოქმედებს და მათ ურთიერთობას ადუღაბებს.
(...)
- თქვენ მასთან თანასწორად საუბრობდით? აი, ვთქვათ, თქვენ აიღებთ ტელეფონის ყურმილს და უპრობლემოდ დაურეკავთ ვლადიმერ პუტინს? მას დაბადების დღე ოქტომბერში აქვს..

- ტექნიკურად ეს რთულია. ამაზე ღიად ვერ დაელაპარაკები. საერთოდ, მე მოსკოვში საკმაოდ ხშირად დავდივარ და იქიდან ვსარგებლობ შესაძლებლობისამებრ.

- შეიძლება ითქვას, რომ თქვენ და ვლადიმერ პუტინი თანამოაზრეები ხართ? რომ თქვენ რაღაც საკითხებს ერთნაირად უყურებთ?

- ჩვენი მსოფლმხედველობა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს...

- ვლადიმერ პუტინს შენობით ელაპარაკებით?

- ამ თემაზე საუბარი არ მინდა. უბრალოდ, არ მინდა, რომ საზოგადოების ნაწილმა ჩვენი მეგობრული ურთიერთობის საკითხი არასწორად გაიგოს. სატელეფონო ზარი სერიოზული მხარდაჭერაა, მაგრამ მე ჩვენი ურთიერთობა ბოროტად არ გამომიყენებია და ამის აფიშირებას არ ვახდენდი.
(...)

- მინდა თქვენი თვალსაზრისი გამოხატოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება. თქვენ დიდი ხნმის განმმავლობაში იმყოფებოდით პრეზიდენტის პოსტზე და ქვეყნის მეთაურის თანამდებობა 2008 წლის აპრილში დატოვეთ, ოთხი თვის შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. რას ფიქრობდით მაშინ ამ კონფლიქტის შესახებ და დღეს რას ფიქრობთ? რატომ მოხდა, რის გამო? ეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ისტორიაა თუ მისი მნიშვნელობა უფრო ფართოა?

- ვფიქრობ, რომ ფართოა. მე ამას საქართველო-რუსეთის ისტორიასაც ვერ ვუწოდებ. ეს საკითხების გამარტივება საკმაოდ რთულია.

- ჰოდა, მოდით ნუ გავამარტივებთ...


- ჯერ ერთი, რომ არსებობს ეთნოსი, რომელიც იქ, სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. პირველ რიგში მათ უნდა შევეკითხოთ, რა უნდათ და რისი მიღწევა სურთ. მეორე - საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა. იმ დროს ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფართო კონტექსტში იგულისხმებოდა - საქართველოს გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილების ფონზე: რუსეთის ინტერესები მისი საზღვრების პერიმეტრზე, საქართველოს ინტერესები, ეთნოსების ინტერესები... ყველა ერთიმეორეზე იყო „დაწყობილი“. პლუს ნატოს, აშშ-ის ხედვები - როგორ უყურებდნენ ისინი ამ სიტუაციას, რომელ მომენტში იყვნენ მზად საქართველოს პრეზიდენტის დასახმარებლად ან მის წასაქეზებლად.

ძალიან ბევრი საკითხია, რომლებიც ერთობლიობაში რაღაც ასაფეთქებელ ნარევს ქმნის, თუმცა შეიძლება აფეთქდეს ან არ აფეთქდეს. მოცემულ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ადამიანების ხასიათებზე, ტემპერამენტზე, პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომლებიც პროცესებს მართავენ, თუ რამდენად არიან ისინი მზად მსხვერპლად შეწირონ ხალხი თავიანთ ხედვებს და მიზნებს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ხელმძღვანელის თვისებებს. სიტუაციის შეფასებისას საჭიროა არა მარტო მოვლენათა ანალიზი, არამედ პროცესის საკვანძო ფიგურანტების პერსონალური ხასიათის გათვალისწინება: ფრთხილია ადამიანი თუ არა, გათვლილი აქვს წინასწარ ნაბიჯები თუ არა... არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ...

- თქვენ შეგეძლოთ ოდესმე იმის წარმოდგენა, რაც უკრაინაში და რაც ყირიმთან დაკავშირებით მოხდა?

- წინასწარ? მე არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ომი მოხდება. საერთოდ, ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა...

- და რას ფიქრობთ ყირიმთან მიმართებით? უხეშად რომ ვთქვათ - ვისია ყირიმი?

- რუსები დარწმუნებულნი არიან, რომ ყირიმი რუსულია. ისტორიულადაც ეჭვგარეშეა, რომ ყირიმი რუსულია. ჩემი, როგორც ღარავარელისა და მთიანი ყარაბაღის პირველი პრეზიდენტის დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო მოსახლეობის აზრი, მათი ინტერესი, რომელიც ამ მიწაზე ცხოვრობს. ბოლოსდაბოლოს, რაზეა საუბარი - რაღაც კვადრატულ კილომეტრებზე თუ ადამიანებზე, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობენ?

- ხშირად უფრო კვადრატულ კილომეტრებზე ფიქრობენ, ვიდრე ხალხზე...

- დიახ, სამწუხაროდ ასეა. მაგრამ შეუძლებელია ადამიანი იმ მიწას ძალით მოწყვიტო, რომელზეც ის ცხოვრობს. ამიტომაც ასეთ დროს ტარდება რეფერენდუმი, თვითგამორკვევა...

- ყირიმთან დაკავშირებით რეფერენდუმი სწორად ჩატარდა?

- პრინციპში, სწორად განხორციელდა. მე იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. მართალია, რეფერენდუმამდე, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ მოსახლეობის უმეტესობა რუსეთზე იყო ორიენტირებული.






წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)

ბეჭდვა