ინტერვიუ დირკ ვიზესთან: საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ - ეს ორი სხვადასხვა პროცესია
ინტერვიუ დირკ ვიზესთან: საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ - ეს ორი სხვადასხვა პროცესია
13:06 12.09.2018
აზერბაიჯანულ ყოველდღიურ რუსულენოვან გაზეთ «Азербайджанские известия»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ დირკ ვიზესთან, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებთან ურთიერთობაში. იგი ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მუშაობს. ამჟამად, სექტემბრისათვის, დირკ ვიზე უკვე კარგად გაერკვა სიტუაციაში და ამის თაობაზე იგი გერმანული გამოცემის Caucasus Watch-ის კორესპონდენტ ფილიპ როსვესტთან საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ბოლო სამიტზე, ბრიუსელში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება აღუთქვა. მაგრამ ისევე როგორც დონალდ ტრამპის წინამორბედთა განცხადებები, ეს განცხადებაც უკიდურესად ბუნდოვანი რჩება - ისევ დაუზუსტებელია ამ სამხედრო ბლოკში საქართველოს მიღების ვადები. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ნატოს და გერმანიას საქართველოსთან მჭიდრო კავშირები აქვს, რომლებიც თანდათან ღრმავდება. ბრიუსელში გამართულ ბოლო სამიტზე, ივლისში, ალიანსმა კვლავ გამოხატა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც 2007 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული („საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“). ამჟამად ყურადღება ძირითადად ექცევა ნატო-საქართველოს ურთიერთობის პაკეტის რეალიზებას, რაც ნატოს სტანდარტებთან საქართველოს მჭიდრო დაახლოებას გულისხმობს, მისი ოფიციალური გაწევრიანების გარეშე.

- თვლით თუ არა, რომ საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს თბილისის ინტეგრაციას ევროკავშირთან?

- საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მიზნით - ეს ორი სხვადასხვა პროცესია, თუმცა ორივე საქართველოს სტრატეგიულ მიზნებში შედის. ქვეყნის მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ორივე ინსტიტუტთან ინტეგრირებისათვის. მე ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსაც ვესაუბრე მისი ბერლინში ვიზიტის დროს. ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება და მის საფუძველზე ბრიუსელის მიერ მიღებული ვიზალიბერალიზების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ევროპის კავშირთან.




წყარო: «Азербайджанские известия»


ბეჭდვა