ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან სამკურნალოდ ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი პერმანენტულად იზრდება
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან სამკურნალოდ ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი პერმანენტულად იზრდება
11:59 31.08.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ დღეს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საზოგადოების განწყობა და შეხედულებები, გარკვეულწილად, ტრანსფორმირებულია და დამოკიდებულება დანარჩენი საქართველოს მიმართ გაცილებით ნაკლებად ხისტია, ვიდრე ეს თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო.
ვახტანგ ყოლბაიას აზრით, ამის მიზეზი ის პროგრამებია, რომლებიც ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში კი აღსანიშნავია პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ენგურს გაღმიდან დანარჩენ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადმოდის სამკურნალოდ.
ამ და სხვა პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ესაუბრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ინტერვიუ აფხაზეთის მთავრობის მიერ ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობის შეფასებით დავიწყეთ:

-აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შეფასება ჩემი მხრიდან ცოტა არაკორექტული იქნება, თუმცა, იმის ართქმა, რასაც ვაკეთებთ, იქნება არდაფასება იმ ადამიანების საქმიანობისა, რომლებიც ჩართულნი არიან იმ პროცესებში, რასაც დევნილთა სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოგვარება ჰქვია. შეიძლება ეს ცოტა მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვცდილობთ. სხვანაირად ვერ შევაფასებ იმას, რასაც, მაგალითად, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ძალიან სერიოზულ პრეფერენციებს აძლევს დევნილ მოსახლეობას, ისევე, როგორც ქვეყნის სხვადასხვა სოცილურ ჯგუფებს, რამეთუ ის სადაზღვევო პაკეტი, რომელსაც მოიცავს ეს სისტემა, ვრცელი და საკმაოდ მოცულობითია. ამის ფარგლებს გარეთ, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივეცით საშუალება, იმ ტრანსფერიდან, რასაც ქვეყანა გვაძლევს, გამოვუყოთ გარკვეული თანხები, რომლებიც პირდაპირ სოციალურ პროგრამას აფინანსებს. გარდა იმისა, რასაც დევნილი ღებულობს საქართველოს ჯანდაცვის პაკეტიდან, ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი ძვირადღირებული მომსახურება, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური მაგნიტორეზონანსული და რეზონანსული ტომოგრაფიები (სულ 12 ნოზოლოგიაა დაფინანსებული. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ჩვენი მთავრობის ვებგვერდზე), ასევე კორონოგრაფია. ამ უკანასკნელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თუმცა აფინასებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს შემდეგ უწევს ოპერაციის გაკეთება. ჩვენ ყველა პირობისა და თანადაფინანსების გარეშე ვახდენთ ამის დაფინანსებას.
ამასთან ერთად, ჩვენ თვეში მინიმუმ ორჯერ, ჯანმრთელობის ადგილზე გამოკვლევის მიზნით, ვაწყობთ გასვლით ღონისძიებებს, ძირითადად, დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ ჩასახლებებში. ღინისძიებებში ჩართული გვყავს ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი დონის ჯანდაცვის დაწესებულებები, სპეციალისტები - დაახლოებით 10-12 სხვადასახვა მიმართულების პროფესორი ჩადის ერთდროულად რეგიონში. მათ მიერ გამოწერილი მედიკამენტები კი იქვე რიგდება ჩვენ მიერ. მაგალითისთვის: უახლოეს დღეებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასვლა ქობულეთსა და ბათუმში და დაახლოებით 7 ათასი ლარის ღირებულების წამალი მიგვაქვს.


-რაც შეეხება არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოსულ ადამიანებს, როგორია ამ კუთხით სტატისტიკა?

-მკურნალობის მსურველთა რიცხვი სერიოზულადაა გაზრდილი, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: თუ 2015-2017 წლებში ენგურსგაღმიდან დანარჩენ საქართველოში დაახლოებით 2500 ადამიანი გადმოვიდა სამკურნალოდ, მიმდინარე წელს ეს რიცხვი უკვე დაახლოებით 850-ია. მკურნალობის მსურველთა შორის არიან მძიმე, მათ შორის შიდსით, ტუბერკულოზით და ა.შ. დაავადებულები.
აღსანიშნავია, რომ თვითონ აფხაზები სერიოზულად ლაპარაკობენ აქ მიღებული მომსახურების მაღალ დონეზე, ექიმების განწყობაზე. თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ იქაურ სოციალურ ქსელებში, რომ როდესაც მათ, ვინც აქ სამკურნალოდ მოდის, საყვედურობენ, ისინი საპასუხოდ თავიანთ ე.წ. ხელისუფლებას მიმართავენ - რა ვქნა მე, როდესაც შვილი ავად გამიხდება? რა ვქნა მე, მშობლები რომ ავად გამიხდება? თქვენ არც ტექნიკა, არც მომსახურების დონე არ გაქვთ და იმიტომ მივდივარ, რომ გადავარჩინო ჩემი ახლობლები. ამას უკვე თვითონ აფხაზებიც ნორმალურად უყურებენ, განსხვავებით იმ წლებისა, როდესაც ეს პრაქტიკა ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა. მაშინ იყო ზეწოლაც, მუქარაც - არ გრცხვენიათ, მტრებთან მიდიხართ? მაგრამ ეს სიტუაცია განიმუხტა. რუსეთმა დაინახა საშიშროება, რომ აფხაზეთისა და ქართველების დაახლოებისთვის ეს სერიოზული მომენტია, ამიტომ შეეცადა, ჰუმანიტარული დახმარებები და რაღაც აპარატურები, დაზღვევის სისტემა შემოიტანოს, მაგრამ ეს არაა ის, რაც მათ შეუძლიათ ალტერნატივის სახით შესთავაზონ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ნაკადი, რომელიც ჩვენკენ მოდის, არ მცირდება.

-რაც შეეხება ადგილზე დახმარებას, თუ გაქვთ ამისთვის რაიმე რესურსი ან ბერკეტი? როგორც ცნობილია, გარდა ჯანდაცვისა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა განათლების სფეროშიც....

ამის გაკეთებას მაქსიმალურად ვცდილობთ, თუმცა ტემპი, რომლითაც ეს მუშაობა მიმდინარეობს არ გვაწყობს.
ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს ქართულ ენაზე სწავლების სერიოზული პრობლემა. დღეს ე.წ. ქართულ სკოლებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნომინალურად ატარებენ ამ სახელწოდებას, ქართული ენის სწავლებასთან, რბილად რომ ვთქვათ, საერთო არაფერი აქვთ. თუ ცოტა ხნის წინ დღითიდღე ვკარგავდით სკოლებს, სადაც ქართულენოვანი სწავლება მიმდინრეობდა, დღეს უკვე ამ სკოლებში ქართულენოვან კლასებს ვკარგავთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში, 2010-2011 სასწავლო წელს დარჩენილი იყო 10 ქართულენოვანი სკოლა, სადაც პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლება. ახლა ფაქტობრივად დაგვრჩა მხოლოდ ოთხი კლასი - მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე... 2008 წლის ომის შემდეგ ე.წ. ზედა ნაწილი გალის რაიონისა მიაკუთვნეს ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ტერიტორიას. იქ 11 სკოლა ფუნქციონირებს და ამ 11 სკოლაში არცერთი საათი არ აქვს დათმობილი ქართულ ენაზე სწავლებას. მეორე ნაწილში, რომელსაც ქვედა ზონას ეძახიან, დაუშვეს თითო საათი ქართული ენისა და ლიტერატურისათვის და 2-2 საათი ქალაქის ერთ სკოლაში, რომელსაც, ასევე, ქართული სკოლა ეწოდა, ხოლო ქვედა ზონაში თანდათანობით მიდის გამოდევნა ქართული ენისა. ამასთან, გაგიკვირდებათ და ქართულის ჩანაცვლება ხდება არა აფხაზური, არამედ რუსული ენით.
დღეს აშკარაა, რომ აფხაზეთი, ფაქტობრივად, სამხედო ბაზა გახდა. რუსულის გავლენა, ენის თვალსაზრისით, იქ ძალიან იგრძნობა და ამან საფუძველი ჩაუყარა იძულებით რუსიფიკაციას მთლიანად რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჟენევის ფორმატში ეს პროცესი დავაბალანსოთ და ამისთვის გამოიყენება მსოფლიოში არსებული პრაქტიკა - ბილინგვური (ორენოვანი) სწავლება. ამ მიმართულებით კი მიდის მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, იმ ტემპით არა, რაც ჩვენ გვაწყობს.

-რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს, რა სახსრებით ხორციელდება ისინი, მხოლოდ საბიუჯეტო თანხებით?


-გვეხმარებიან საერთაშორისო სტრუქტურები, საელჩოებიც. მაგალითად, ჩვენ ქუთაისში, ასევე სამეგრელოს რეგიონში, ავაშენეთ სასათბურე მეურნეობა - ერთი - 1000 კვადრატულ მეტრზე, მეორე - 3 ათას კვადრატულზე, სადაც ჩვენს დევნილებს მოჰყავთ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ეს საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ კარგად მოქმედი მიმართულებაა.
ასევე, ძალიან კარგად წარიმართა კოლხური ბზის, მოცვის მოშენების პროექტები. იცით, რომ კოლხურ ბზას, დაავადების გამო, აფხაზეთში სერიოზული პრობლემა გაუჩნდა და მან მოიცვა სამეგრელოს რეგიონიც. ჩვენ, ჟენევის ფორმატში გადავწყვიტეთ, რომ გვქონოდა ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე დააფინანსა საერთაშორისო სტრუქტურამ, შემდეგ კი ჩვენ მოვიძიეთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კერძოდ - კავკასიის ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ უკვე კარგი საჯიშე მეურნეობა გვაქვს, როგორც თბილისში, ასევე, დასავლეთ საქართველოშიც და ჩვენს მიერ წარმოებული ნერგები ენგურს გაღმაც გადის. ვცდილობთ აფხაზ კოლეგებთან ურთიერთობას, შევავსოთ ის დანაკლისი, რაც მათ აკლიათ. ამის გარდა, სერიოზულად იმუშავა სანერგე სასათბურე მეურნეობის კონსტრუქციებმა, რომელიც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა, ამით ავამუშავეთ 70-ზე მეტი ინდივიდი, რომელმაც გააშენა სასათბურე მეურნეობა. გააშენეს თავისთვის სასარგებლო კულტურა - ზოგმა ყვავილი, ზოგმა ხეხილი, ზოგმა მწვანილი და ა.შ. ასე რომ, ესეც მოთხოვნადი მიმართულებაა ბაზარზე.
ძალიან კარგი შედეგი მოგვცა ჩეხებთან, ჩეხეთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობამ. აფხაზეთიდან დევნილებს შორის არიან პროფესიონალი მეფუტკრეები, რომლებმაც აქ განავითარეს ეს მეურნეობა. ინვესტორებმა რომ ნახეს ჩვენ მიერ წარმოებული თაფლი, გადაწყვიტეს ჩვენთან ქართული ჯიშის ფუტკრის მოშენება. როგორც ცნობილია, ქართული ჯიშის ფუტკარი, თავისი პროდუქტიულობის გამო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ მის მოსაშენებლად აქ ლაბორატორია შეგვაქმნევინეს. ამ ლაბორატორიაში გამოყვანილი ფუტკარი იყიდება უცხოეთში.
გარდა ამისა, ჩვენ კარგად ვითანამშრომლეთ თურქეთთან. დაახლოებით 3 წლის წინ შევქმენით სამკერვალო საამქრო, სადაც დასაქმებული იყო 25-30 დევნილი. პირველ ეტაპზე თურქებმა აამუშავეს ეს საწარმო, შეუკვეთეს მათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ეს პროდუქცია დევნილებს დაურიგდათ, თუმცა შემდეგ საწარმოს მუშაობა გაუჭირდა, რადგან სჭირდებოდა მასალა, რომლისთვისაც სესხი გახდა საჭირო, სესხს კი მოგეხსენებათ, უზრუნველყოფა სჭირდება.
თუმცა, ვაზიანის დასახლებაში, სადაც დიდი რაოდენობით დევნილი ცხოვრობს, გარდაბნის გამგეობასა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მოვაღწიეამთ იმას, რომ გარკვეული ამორტიზირებული შენობები, დროებითი სარგებლობის წესით, აფხაზეთის მთავრობისთვის გადმოეცათ, სადაც დაახლოებით მილიონნახევრიანი ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც მოემსახურება, არამარტო დევნილებს, არამედ ყველა იქ მაცხოვრებელს სოციალური ინფრასტრუქტურით - საცხობებით, რიტუალებისთვის განკუთვნილი ობიექტებით და ა.შ.
ასევე, თურქეთის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, კალაუბანზე შეიქმნა ჩვენი ჯანდაცვის ობიექტი - ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის მისაღები, რომელიც ემსახურება არაკონტროლირებადი ტერიტორიდან სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს. თუმცა, სამკურნალოდ გადმოსვლის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ეს ობიექტი აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა.
ამის გამო, პარალელურ რეჟიმში, ჩვენმა ერთ-ერთმა სსიპ-მა ქუთაისში დამატებით კიდევ 12- საწოლიანი ობიექტი შექმნა, სადაც ჩამოდიან აფხაზები და არა მხოლოდ. ჩვენ ვთვლით, რომ არ ვართ მხოლოდ დევნილების მთავრობა, ჩვენ ვართ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის მთავრობა, იქ არა მხოლოდ ქართველები არიან, არამედ - აფხაზები, რუსები, სომხები, რომელთა სოციალური პირობები ნამდვილად არ არის სახარბიელო.
არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობისთვის იყო დაპირება, რომ რუსეთიდან დიდი ინვესტიციები წამოვიდოდა და შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები, თუმცა, ასეთი რამ ვერ განხორციელდა. რუსეთი ვერ იცლის აფხაზეთისთვის. ამას ემატება იქ არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა და კლანური მმართველობა, რომელიც არ იძლევა რუსეთიდან შესული თანხების გაკონტროლების საშუალებას. ნაწილი ისევ მოსკოვში მიდის, ნაწილი რჩება, თუმცა, ეს ნაწილი რამდენს უნდა გაუნაწილონ - ელიტას, შემსრულებელს, თუ უბრალო მოსახლეს?

-რამდენად იცნობენ ენგურსგაღმა საქართველოს მთავრობის პროექტს „გზა უკეთესი მომავლისკენ“?

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავზებული ეს პროექტი ჯერჯერობით სოხუმში არ აქვთ ბოლომდე გათავისებული, არ იციან, თუ რა სიკეთეები შეიძლება მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პროექტით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ სიკეთეებს უშუალოდ ისინიც დაინახავენ, რადგან ადამიანის კეთილდღეობისკენ ლტოლვას ვერ გააჩერებ. ეს არის კეთილდღეობის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ.იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეისხამს ხორცს და გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

-როგორც ცნობილია, აფხაზეთის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების საკითხს...


-მაგალითს გეტყვით: მხოლოდ მიმდინარე წელს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან 300-მდე ბავშვმა დაისვენა ენგურგამოღმა. მათ შორის არიან ეთნიკური აფხაზებიც, რომლებიც ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან აქ არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ შემეცნებითი პროგრამებითაც არიან დატვირთულები და ეს გარემო მათ აძლევთ საშუალებას სერიოზულად აამაღლონ საკუთარი ცნობიერება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობით, ეს შეხვედრები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ტარდება, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მას ინტენსიური ხასიათი აქვს. ინტენსივობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი რაც შევინარჩუნეთ, არის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ - ესაა უცხოეთში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრა. ეს პროექტი მეოთხე წელია რაც ხორციელდება და რაც დრო გადის, მეტი მსურველი ჰყავს და ეს ძალიან კარგია.

-რაც შეეხება აფხაზური ენის განვითარების საკითხს, რომელიც უკვე სამთავრობო პროგრამის სტატუსსაც ატარებს?

-მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო პროგრამა აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის შესახებ. სანამ მთავრობის ეს დადგენილება გამოიცემოდა, ჩვენი ძალებით ვცდილობდით (ეს ჩვენი ვალდებულებაა, რამეთუ აფხაზური ენა მეორე კონსტიტუციური ენაა), სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, დაგვეწყო აფხაზური ენის სწავლება. იმ 13 სკოლიდან, რომელიც ენგურგამოღმა ფუნქციონირებს, 6-ში უკვე არის დანერგილი აფხაზური ენის სწავლება და მინდა გითხრათ, პირველი შედეგი შთამბეჭდავია.
ამ ცოტა ხნის წინ ჩვენს აფხაზ პოეტ მუშნი ლასურიას 85 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მუშნი ლასურიამ „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა აფხაზურად. იუბილეზე თბილისში არსებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაწარმოები აფხაზურ ენაზე წაიკითხეს და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო.
გარდა ამისა, ბავშვები ამ სკოლებში დგამენ აფხაზურ ენაზე სპექტაკლებს ჩვენს ყოფა-ცხოვრებასა და თანაცხოვრებაზე და, რაც მთავარია, სპექტაკლებში აფხაზურ ენაზე მეტყველებენ არა მხოლოდ აფხაზეთიდან წამოსული ბავშვები, არამედ, ადგილობრივებიც - მათ შორის: თბილისელები, სენაკელები, ზუგდიდელები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ აფხაზურ ენას.
გარდა ამისა, ჩვენ ამ დღებში გამოვუშვით ვიდეო-კლიპი აფხაზურ ენაზე, რომელიც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს. სპეციალისტების აზრით, ის ძალიან კარგად არის შედგენილი და ვიზუალურადაც მისაღებია. პრეზენტაციას, რომელიც გავაკეთეთ თბილისში, კულტურისა და განათლების სამინისტროში, ვაპირებთ ბათუმშიც, სექტემბრის შუა რიცხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ იქ დიდია აფხაზთა დიასპორა. გვინდა გამოვფინოთ ალექსანდრე შერვაშიძის - ცნობილი აფხაზი თეატრალური მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციები და მას მივუძღვნათ ამ კლიპის პრეზენტაცია.
ჩვენ საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვცეთ მოსწავლეებისთვის აფხაზური ენის სასწავლო წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რამეთუ არ იქნება გრიფირებული.

-ისევ დევნილების საკითხს დავუბრუნდეთ... ხელისუფლება მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის მსხვილმასშტაბიან პროექტებს ახორციელებს. რამდენად შეესაბამება ეს ობიექტები სათანადო სტანდარტებს?

-უნდა ვთქვათ, რომ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, განსაკუთრებით 7-8 წლის წინ, ძალიან დიდი ხარვეზებით ხორციელდებოდა, ყოველ მეორე წელს სახურავი იხდებოდა, ბათქაში ცვიოდა, კანალიზაციის ქსელი გაუმართვი იყო... დღეს ჩვენს სახელმწიფოს მეორედ უხდება რემონტის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამ ფონზე, მისასალმებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობის დაკავებიდან უმოკლეს დროში დაათვალიერა დევნილთათვის გათვალიწინებული მშენებლობები და თუ სადმე ხარისხის დონე შესაბამისი არ იყო, ისინი გააჩერა კიდეც. ისიც თქვა, რომ სანამ არ იქნება გამოსწორებული ეს ხარვეზები, ახალი მშენებლობა არ მოხდებაო. ანუ სერიოზული ყურადღების ცენტრში ხვდება ის, რასაც დევნილთა საცხოვრებელი ქვია.
ძველ აშენებულ ფართებზე კი დღეს ჩვენს სახელმწიფოს მეორედ უხდება რემონტის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მივესალმები ქალბატონ მაია ცქიტიშვილის ასეთ დამოკიდებულებას მშენებლობის ხარისხისადმი. ჩვენი მთავრობა მზადაა, ამ საკითხებში მხარში ამოუდგეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

-და ბოლოს, თქვენი შეფასება საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტისა და მის მიერ ჩამოტანილი გზავნილების შესახებ...

-გერმანიის კანცლერის განცხადებები ოკუპაციის, უსამართლობისა და კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხარდაჭერისა და მზაობის შესახებ ის პოლიტიკური გზავნილებია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს არჩევანის - მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების კურსის მდგრადობისა და ურყეობის მართებულობის სრულ მხარდაჭერას!
ნიშანდობლივია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში იკვეთებოდა გერმანიასთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობის ნიშნები და აღნიშნული ვიზიტით ამ თანამშრომლობამ ჩვენს ისტორიულ მხარდამჭერთან ახალი იმპულსი შეიძინა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მხადაჭერილი ინიციატივები. გადაწყვეტილია, რომ გერმანია 150 მლნ. დოლარის შეღავათიანი კრედიტით დაგვეხმარება გაზსაცავის მშენებლობაში, რომელიც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორი გახდება.
აგრეთვე 40 მლნ. აშშ დოლარით დაგვეხმარებიან აჭარის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის შემდგომი განვითარების საქმეში.
ამჟამად, გერმანული კომპანიების საქმიანობის ზრდის მნიშვნელოვანი გზები ისახება. დღეს საქართველოში 300-მდე გერმანული კომპანია მუშაობს, ინვესტირებულია 400 მლნ.-ზე მეტი აშშ დოლარი, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვამ კი 0.5 მლრდ. დოლარს მიაღწია. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ პარამეტრების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობის პერსპექტულობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების კუთხით. პირველად იქმნება შესაძლებლობა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის, დევნილებმა, მონაწილეობა მიიღონ გერმანიაში სამუშაო კვოტით, რომელსაც გამოგვიყოფენ, დასაქმებაში!
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანია დაგვეხმარება დუალური განათლების სისტემის ფორმირებაში. მისასალმებელია, რომ რეალური ხდება გერმანული სისტემის ფორმირება, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესოა მსოფლიოში.
ჩვენი, როგორც დევნილი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.

ესაუბრა ლიკა რუაძე


ბეჭდვა