გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში 10 წლის წინათაც იყო. გერმანელი პოლიტოლოგი უვე ჰალბახი Front News International-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს შანსებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში და საერთოდ, თბილისი-ბერლინის ურთიერთობების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან (ესაუბრება ნადეჟდა იუნაცკაია):

- რას ელოდება საქართველო ფედერალური კანცლერის ვიზიტიდან? არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში გერმანიის მიდგომები შეიცვალოს?

- ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ეწვევა, მათგან საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თავისი ევროატლანტიკური საგარეოპოლიტიკური კურსით, ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, ამ მხრივ ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შენგენის ზონაში ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ძალაში გასული წლის მარტის ბოლოს შევიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში საქართველო ევოკავშირში გაწევრიანდება. ანალოგიური სიტუაციაა ნატოსთან მიმართებით: საქართველო სამხედრო ალიანსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მონაწილე ვერ გახდება. ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციებში რაიმე ფუნდამენტური ცვლილება მოხდება.

- მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაცივდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად 2008 წლის ხუთდღიანი ომის მიმართ ანგელა მერკელის პოზიცია სახელდება. რამდენად შეიცვალა კანვლერის მიდგომა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი?

- „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებისადმი უფრო პრაგმატული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე წინამორბედ „ნაციონალებს“ ჰქონდათ. ამას გერმანიაშიც ხედავენ. ამასთან, საქართველო კვლავ აგრძელებს „საჩივრების წერას“, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარების მიერ არის „ოკუპირებული“ და მოსკოვის მხარდაჭერით „ბორდერიზაცია“ მიმდინარეობსო. ალბათ, ანგელა მერკელთან შეხვედრისას ქართველები მის წინააღმდეგ ამ საკითხსაც დააყენებენ.

- ქართველი პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნის მჭიდრო ინტეეგრაციის პროცესს ევროკავშირთან და ნატოსთან. როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თქვენი ვარაუდით?

- როგორც უკვე ვთქვი, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან, ალიანსში გაწევრიანების გარეშე. მოსკოვი ასეთ ინტეგრაციასაც კი (ანუ ნატოში გაწევრიანების გარეშე) ძალზე სკეპტიკურად და ეჭვის თვალით უყურებს. ალბათ, გახსოვთ, თუ როგორი გაფრთხილებით გამოვიდა ამას წინათ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი...

- და ბოლოს, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების რაიმე შესაძლებლობა? და როდის შეიძლება ეს მოხდეს?

- ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს კი დაპირდნენ პრინციპულად - ალიანსში მიგიღებთო, მაგრამ როდის - ეს არ დაუკონკრეტებიათ. იმიტომ, რომ საფრანგეთი და გერმანია მისი გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდნენ. საქართველომ დიდი წველილი შეიტანა და ახლაც შეაქვს ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - თბილისმა, როგორც ნატოს არაწევრმა, ავღანეთში უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, ვიდრე ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ. საქართველო სხვებზე კარგადაა მომზადებული ნატოში მისაღებად, მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში გაწევრიანება არ მოხდება. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირთან მიმართებით.



წყარო: «Front News International» (უკრაინა)

ბეჭდვა