ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე, საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მიმდინარე მზადებაზე, მიწვეულ საპატიო სტუმრებზე, თბილისთან კონტაქტების არარსებობის მიზეზებზე და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:

- 26 აგვისტოს აფხაზეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარების ათი წლისთავს აღნიშნავს. რომელი უცხოელი ლიდერების ჩამოსვლას ელოდებით სოხუმში?

- აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს. გავუგზავნეთ მიწვევები იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ჩვენ გვაღიარეს - კერძოდ, პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინს, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს, ფედერაციის სუბიექტების მეთაურებს, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან აფხაზეთს.

- ამას წინათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ აღიარა. ვარაუდობთ, რომ სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც გეწვევიან?

- დიპლომატიური მოქმედება ძალიან სპეციფიკური სფეროა და ამიტომ წინასწარი ანონსები უადგილო იქნებოდა. რა თქმა უნდა, სირიის მხრიდან მიღებული აღიარებაც ჩვენი დიპლომატიური მუშაობის შედეგია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ ძალისხმევას. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ სირიასთან ურთიერთობა კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს. პირველ რიგში ამისათვის, რასაკვირველია, სირიის ხელმძღვანელთან შეხვედრაა აუცილებელი. ამჟამად ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

- საქართველო მტკიცედ აცხადებს ნატოში გაწევრიანების სურვილს. რა ზომებს მიიღებს სოხუმი ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს საქართველოს გადაქცევის პროცესი რუსეთის საფრთხის მომტან პლაცდარმად. ამ მიზნით ნატოს წევრების, კერძოდ კი აშშ-ის მიერ ქართული არმიის მოდერიზება ხდება: თბილისს ეგზავნება ახალი იარაღი, არმიის პირადი შემადგენლობა იწრთვნება დასავლელი ინსტრუქტორების მიერ. თავის მხრივ, მსგავსი საფრთხე-მუქარების თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებს, შექმნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტური... მოკლედ, ვღებულობთ ზომებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით.

- აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოსაკენ მიმავალი ერთადერთი რკინიგზა გადის, რომელიც დიდი ხანია ბლოკირებულია. რამდენადაა შესაძლებელი, რომ ამ რკინიგზაზე მომავალში მატარებლები ივლიან?

- მატარებლები, უეჭველია, იმოძრავებენ. რკინიგზამ უნდა იმუშაოს, სურს თუ არა ეს საქართველოს. თანამედროვე რეალიები ითხოვს, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურ საკითხებად აქცევს. რკინიგზით სარგებლობა ჩვენთვის დამატებითი სარგებელი იქნებოდა, მაგრამ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება ეკონომიკურ სფეროშიც არ სურს.

- აქვს თუ არა აფხაზეთს ამ მომენტში საქართველოსთან კონტაქტები?

- გარდა ჟენევის კონსულტაციებისა, სხვა კონტაქტები საქართველოსთან არ გვაქვს. ჩვენ მუდვიად ვაყენებთ საკითხს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, მაგრამ ამას ქართული მხარე მიუღებლად მიიჩნევს. და საერთოდ, სანამ ომის განახლების საფრთხე არსებობს, არანაირი მოლაპარაკება არ იქნება.

- განიხილავს თუ არა აფხაზეთი ევრაზიულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესაძლებლობას?

- ამის გეგმები გვაქვს. უფრო მეტიც, ასეთი განზრახვა რუსეთთან დადებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაშიცაა მოხსენიებული. მაგრამ ამასთან ერთად რეალიებიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ევრაზიული სივრცის ბევრ სუბიექტს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

- რომელ ქვეყნებში გეგმავთ ვიზიტებს მიმდინარე წელს?

- აფხაზეთის წარმომადგენლების გასვლას უცხოეთის ქვეყნებში მუდმივად ხელს უშლის საქართველოს მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. თბილისი ცდილობს, რომ ჩვენ გარესამყაროსაგან იზოლირებულ მდგომარეობაში დავრჩეთ, ამიტომაც ვიზიტების წინასწარი ანონსი მიზანშეუწონელია. არიან ქვეყნები, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ გვაქვს, მაგრამ მათთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები ვითარდება. არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ეს აფხაზეთის არაკეთილმსურველი ძალების მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს.




წყარო: «Известия» (რუსეთი)

ბეჭდვა