რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ხვდებიან. როგორც ჩანს, შეხვედრა-მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა კასპიის ზღვის სტატუსის საკითხი იქნება, რომლის შესახებ კონვენციას მხარეებმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს.

როგორც ცნობილია, კონვენციის ერთ-ერთი დებულების მიხედვით, კასპიის ზღვის სახელმწიფოებს უფლება მიეცათ ფსკერზე მილსადენები ჩადონ და გაზის ექსპორტირება მოახდინონ რომელიმე ერთი სახელმწიფოს მიმართულებით. რას ნიშნავს ეს დოკუმენტი თურქმენული გაზის ევროპისაკენ ექსპორტის საკითხში? ამის თაობაზე „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტი ილია კოვალი ცენტრალური აზიის ექსპერტს არკადი დუბნოვს ესაუბრება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- კასპიის მოლაპარაკების კონტექსტში ერთ-ერთი მთავავრი ინტრიგაა თურქმენული გაზის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობა. რამდენად უზრუნველყოფს ხელმოწერილი დოკუმენტი ამ პროექტის პერსპექტივას?

- კონვენცია, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამ პროექტის რეალიზებას, ხსნის ბარიერებს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც, რაც ადრე არ იყო. თუმცა, რუსეთი და ირანი მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებენ თურქმენეთზე გავლენის ბერკეტებს იმ ოქმის საფუძველზე, რომელიც ჯერ კიდევ 15 ივლისს გაფორმდა და რომელიც კასპიის ზღვის ეკოლოგიურ საფრთხეებს ეხება. ასე რომ, მოსკოვს და თეირანს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ მილსადენის მშენებლებს პრეტენზიები წაუყენონ...

- რატომ წავიდა მოსკოვი ასეთ დათმობაზე? ამით ხომ პრაქტიკულად თურქმნეთს ევროპისაკენ გაზის ექსპორტის თავისუფლება მიანიჭა...

- აქ რამდენიმე გარემოება არსებობს: პირველი - რუსეთისათვის დღეს უფრო მეტად დომინანტურია გეოპოლიტიკური პრობლემები, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვენ, განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებით. მოსკოვს ჭირდებოდა თურქმენეთის მხარდაჭერა ამერიკული სამხედრო სტრუქტურების კასპიის ზღვის აკვატორიაში გამოჩენის წინააღმდეგ. ამიტომაც, თავის მხრივ, რუსეთიც დათმობაზე წავიდა. მეორე - ევროპის ბაზარზე კასპიის [და ცენტრალური აზიიის] გაზის მნიშვნელობა, ჩემი აზრით, თანდათან მცირდება და ისეთი აღარაა, როგორიც, ვთქვათ, 15 წლის წინ იყო. თუ ადრე თურქმენული გაზი კონკურენციას უწევდა „გაზპრომს“, დღეს ისინი ერთმანეთს აქტიურად აღარ უპირისპირდებიან. მესამე - გაჩნდა პროექტები ფიქალისა და თხევადი გაზით ევროპის მომარაგების სფეროში, ასევე რეალიზდება „ჩრდილოეთი ნაკადის-2“-ის პროექტი, რაც ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენს.


წყარო: «Deutsche Welle» (გერმანია)

ბეჭდვა