სომეხი პოლიტოლოგი: ჩვენთვის დასავლეთისკენ გზა საქართველოზე გადის თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მას უკვე 15 წელია სხვადასხვა საბაბით ნატოს წევრობაზე უარს ეუბნებიან
სომეხი პოლიტოლოგი: ჩვენთვის დასავლეთისკენ გზა  საქართველოზე გადის თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მას უკვე 15 წელია სხვადასხვა საბაბით ნატოს წევრობაზე უარს ეუბნებიან
12:50 17.07.2018

ბრიუსელში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

გაიმართა. ამასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ (RFE//RL) რუსული სამსახურის - „სვობოდას“ პროგრამა „ეხო კავკაზას“ ეთერში ჟურნალისტ ამინა უმაროვასთან ისაუბრა ერევნის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა რუბენ მეღრაბიანმა. იგი შეეხო აგრეთვე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს და ამ ფონზე სომხეთის პერსპექტივებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ შეიცვლება სომხური დიპლომატია? ხედავთ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ცვლილების რაიმე წინამძღვრებს?

- დიახ, შეიცვლება სომხური დიპლომატიის ხარისხი და შინაარსი. სომხეთს ვინმესაგან წახალისება არ ჭირდება, მას სჭირდება სერიოზული ფუნდამენტური პარტნიორობა. რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ ამისათვის აუცილებელია ხელშემწყობი საგარეო ფაქტორებიც. შესაბამისად, ჩვენთვის იმის ინდიკატორი, თუ რამდენად ღრმად ითანამშრომლებს სომხეთთან დასავლეთი ფუნდამენტურ საფუძველზე, არის საქართველო-ნატოს ურთიერთობა. იმიტომ, რომ ჩვენთვის, სომხეთისათვის, დასავლეთთან პარტნიორობის გზა საქართველოზე გადის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ საქართველო, პრინციპში, უკვე 15 წელია ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ მას ნატოში მაინც არ იღებენ სხვადასხვა საბაბით. კი, ბრიუსელის სამიტზეც იმედისმომცემი განცხადებები გაისმა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო, მაგრამ ეს გაურკვეველ მომავალში. ჩვენ გვესმის, რომ კავკასიაში სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ჩვენს რეგიონზეც გავრცელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფაქტორის გამო ნატო ფრთხილად და აწონილ-დაწონილად მოქმედებს, რაღაც სტრატეგიას ამუშავებს. მაგრამ ეს სტრატეგია რუსეთს ვერ შეაკავებს, ეს მხოლოდ შემზღუდავი ფაქტორია.

- როგორ ფიქრობთ, მომავალში სომხეთი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას არ დააპირებს, როგორც ამას დღეს საქართველოს აკეთებს?

- ამაზე მომავალში ვილაპარაკოთ, როცა საქართველო ნატოს ან ევროკავშირის წევრი გახდება. ამ სტრუქტურებში სომხეთის გაწევრიანებაზე საუბარი უფრო მიზანშეწონილი მაშინ იქნება, როცა საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება და სომხეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის წყალობით, არამხოლოდ ნატოს წევრი თურქეთის, არამედ იმავე ნატოს წევრი საქართველოს მოსაზღვრე იქნება.




წყარო: «RF//RL» (აშშ)





 

ბეჭდვა