„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ანიტა ჩუპრუნთან აფხაზეთის შესახებ საუბრობს: განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდა იგი, ახალბედა ჟურნალისტი, 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის პრობლემატიკით, როგორ იმოგზაურა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შემდეგ კი საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ვოიცეხ გურეცკი ავტორია წიგნებისა „პლანეტა კავკასია“, „წინაპრების სადღეგრძელო“ და „აფხაზეთი“, რომლებიც ქართულ ენაზეცაა თარგმნილი.

 

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ჟურნალისტად მუშაობა 1980-იანი წლების ბოლოს დავიწყე. ომის მიმდინარეობა მინდოდა გამეშუქებინა. იმ დროს ჟურნალისტების მიერ იუგოსლავიის კონფლიქტი უფრო იყო „დაკავებული“, კავკასიას კი იშვიათად თუ ვინმე აშუქებდა. თანაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე აფხაზური მხარის პოზიციით პრაქტიკულად არავინ არ წერდა. 1991 წელს მოსკოვში ვიყავი და ვიგრძენი, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მოწმენი ვიყავით, რომელიც სულ მალე ევროპას შეცვლიდა. კავკასიის შესახებ ადრე ბევრს ვკითხულობდი და საკუთარი თვალით ნახვა მოვისურვე. ჩავედი სტავროპოლში, იქიდან კი აფხაზეთში, თუმცა მივხვდი, რომ ვერ გავიგებ რა ხდება რეგიონში მთლიანად საქართველოს გაცნობის გარეშე.

- თქვენმა წიგნმა „აფხაზეთი“ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზღვარგარეთაც. ჟურნალმა „ეკონომისტმა“ საუკეთესო წიგნად შეაფასა რეგიონის შესახებ გამოცემულ წიგნებს შორის...

- დიახ, ასე შეაფასა ედვარდ ლუკასმა („ეკონომისტის“ რედაქტორმა). სხვათა შორის, წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნა.

- როგორ მიიღეს თქვენი წიგნი საქართველოში და აფხაზეთში?

- აფხაზურ და რუსულ ენებზე არ გადაუთარგმნიათ. თუმცა აფხაზეთში რამდენიმე ადამიანი პოლონურ ენას ფლობს და ვიცი, რომ მათ წაიკითხეს. საქართველოში საინტერესო ისტორია შემემთხვა: როცა ჩემი პუბლიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარვადგინე, ქართველებმა რიგი შენიშვნები გამოთქვეს, შემდეგ კი, კულუარებში, მითხრეს, რომ ყველაფერზე, რაც წიგნში დავწერე, ისინი არაფორმალური საუბრების დროს თვითონაც ლაპარაკობენ. შევეცადე ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რაც შეიძლება ობიექტურად ამესახა, ორივე მხარის არგუმენტები და რეგიონის სპეციფიკა მეჩვენებინა.

- აფხაზეთი საკმაოდ საჩოთირო თემას წარმოადგენს. ერთნი ამბობენ, რომ აფხაზეთი კვაზისახელმწიფოა, მეორენი მას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებენ...

- დიახ, ეს ყველაფერი სიმართლეა. მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, მათ შორის პოლონეთი, აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, თუმცა თბილისი ამ რეგიონს ვერ აკონტროლებს. (...)

- როგორები არიან ისინი - აფხაზები?

- აფხაზეთს მე კავკასიის გასაღებს ვუწოდებ. მხედველობაში მაქვს ის, რომ რეგიონი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის მიჯნაზე მდებარეობს, მთებს და ზღვას, ქრისტიანობასა და ისლამს შორის. აფხაზები სხვა კავკასიური ხალხებისაგან რამდენადმე განსხვავდებიან. ჯერ ერთი, რომ ისინი მთიელებიც არიან და ზღვაოსნებიც, რაც იშვიათი შემთხვევაა. ის ფაქტი, რომ არგონავტები ოქროს საწმისისათვის ამ მხარეში ჩავიდნენ (მართალია, არა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე), იმას მოწმობს, რომ რეგიონს უძველესი ისტორია აქვს. მეორე განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ აფხაზები სხვა კავკასიელებისაგან განსხვავებით, ძალიან თავშეკავებულები არიან, საკუთარ თავში ჩაკეტილნი, შეიძლება ითქვას, „ჯავშნით“ დაფარული. ისინი ქართველებს არ ჰგავნან, რომლებიც გულღია ხალხია. კი, აფხაზებიც მეგობრულები არიან, სტუმარს პატივს სცემენ, მაგრამ დისტანციას იცავენ. მე მათ „კავკასიელ სკანდინავებს“ ვუწოდებდი. მათ ჩაკეტილი საზოგადოება აქვთ, დაძმობილება არ უყვართ. სტუმრად მიგიღებენ, გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ მკაცრად იცავენ პირად საზღვრებს, რომლებიც უფრო ღრმაა, სხვა ხალხებისაგან განსხვავებით.

(ვოიცეხ გურეცკი საუბრობს აფხაზურ ტრადიციებზე, იქაურ იუმორზე, მწერლებზე, მეცნიერებზე... იხსენებს ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს, კერძოდ, იური ვორონოვს, ახასიათებს რაულ ხაჯიმბასაც: „იგი წარსულში ძალოვან სტრუქტურებთან („სუკ“-თან) იყო დაკავშირებული. ბევრჯერ ცდილობდა გაპრეზიდენტებას და ბოლოს პრორუსული ლოზუნგების ფონზე პრეზიდენტად აირჩიეს. აფხაზებმა გადაწყვიტეს - იყოს რუსეთი, იქნებ მეტი წესრიგი დამყარდესო. ასე გახდა რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტი“).

- ამჟამად აფხაზური ინტელიგენცია და ელიტა უფრო დაბალი დონისაა, ვიდრე ეს 1991 წლისათვის იყო. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, თავი რუსეთს ან დასავლეთს შეაფარეს. ისინი თვლიან, რომ აფხაზეთში დარჩენისას პერსპექტივა არ ექნებოდათ. დღეს აფხაზი პოლიტიკოსები მოსახლეობას სამუშაო ადგილებს კი არ პირდებიან, არამედ დისკოთეკების გახსნას. ეს რაღაცაზე მიუთითებს. ძალიან სერიოზული პრობლემაა ნარკომანია. ამავე დროს ისიც უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც დარჩენილი ძველი მეცნიერების კულტისაგან - აფხაზეთში ბევრი წიგნი იბეჭდება, თუმცა მოსახლეობა მეოთხედი მილიონია და თვით აფხაზები 100 ათასზე მეტნი არ არიან.

- რუსეთი მართლაც ეხმარება აფხაზეთს თუ ის დათვის, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა?

- რუსეთი თანამედროვე აფხაზეთის არსებობის გარანტად გამოდის. მოსკოვის გარეშე აფხაზეთი უფრო სხვანაირი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მისი სტატუსი გაურკვეველია, „ჰაერში ჩამოკიდებული“, მაგრამ ისიც ცხადია, რომ აფხაზეთს საქართველოსთან „ახალი მიერთება“ არ ემუქრება. სხვათა შორის, ბევრმა აფხაზმა საქართველოს არსებობა უკვე დაივიწყა ან არ ახსოვს - გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც საქართველო არ უნახავს.

- აგვისტოში აფხაზეთში ზეიმი გაიმართება...

- ... (დანარჩენ) საქართველოსთან ომის დასრულების 20 წლისთავის აღსანიშნავად. რუსეთი აფხაზებს გარანტიას აძლევს, რომ ის სიტუაცია, რომელშიც დღეს აფხაზეთი იმყოფება, არ შეიცვლება, თუმცა იმავდროულად ასეთი მდგომარეობა მის განვითარებას აბრკოლებს. არავინ ამ „რესპუბლიკაში“ ინვესტიციების ჩამდები არ არის, კონტაქტები არ არსებობს, რადგან აფხაზეთი, [რუსეთის და კიდევ ორიოდე სახელმწიფოს მხრიდან აღიარების მიუხედავად, მსოფლიოსათვის] მაინც საქართველოს ნაწილად რჩება. სხვათა შორის, 2008 წელს რუსეთი სანამ აფხაზეთს აღიარებდა, იქ ბევრი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა, უცხოელი პოლიტიკოსები ჩადიოდნენ, დღეს კი ამ ყველაფერს წერტილი აქვს დასმული. ჩემს წიგნში ერთ-ერთ აფხაზ პოლიტიკოსს ვციტირებ: „წინათ ჩვენ დამოუკიდებელნი ვიყავით, ახლა კი აღიარებულები ვართ“. აფხაზების შესაძლებლობები შემცირდა. რუსეთის დოტაციის გარეშე აფხაზებს ნატურალური მეურნეობა ექნებოდათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მოსკოვის დახმარება კერძო პირების ჯიბეში მიდის, გამეფებულია კორუფცია, აფხაზეთის ეკონომიკა არ ვითარდება. მართალია, რუსი ტურისტები ჩადიან და ადგილობრივი მოსახლეობა მათგან გარკვეულ შემოსავალს იღებს, მაგრამ ეს არის „სიყვარულთან შერეული სიძულვილი“. აფხაზები პრორუსული ხალხია, მაგრამ ისინი აცნობიერებენ იმას, რომ რუსეთი ახრჩობთ და თავის დაცვას ცდილობენ. თუ რუსულ ტურისტულ საიტებს გადახედავთ, იქ წაიკითხავთ, რომ რუსებს აფხაზეთში ყოფნისას ნეგატიური შთაბეჭდილება რჩებათ.

- რატომ? ისინი ხომ იქ დასასვენებლად ჩადიან? ვინ აძალებთ წასვლას?

- რუსები იქ იმიტომ ჩადიან, რომ აფხაზეთში შედარებით იაფი ფასებია და რუსულად საუბარი თავისუფლად შეიძლება. თუმცა ბევრი რუსი ტურისტი აღნიშნავს, რომ აფხაზები მაინცდამაინც სტუმართმოყვარულად არ იქცევიან - „თუ აქ არ მოგწონს, დაბრუნდი შენს რუსეთშიო“. (...)

- როგორი სიტუაციაა თვით აფხაზეთში? ადგილობრივი არჩევნები შეიძლება დემოკრატიულად მივიჩნიოთ?

- კი, დემოკრატიული ინსტიტუტები „მუშაობენ“: არსებობს პოლიტიკური პარტიები, ტარდება მეტ-ნაკლებად „სამართლიანი“ არჩევნები, ეწყობა ქუჩის დემონსტრაციებიც... თუმცა ამ შემთხვევაში ხშირად ბრჭყალები უნდა ვიხმაროთ, რადგან არაღიარებულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ. (...)

- რა როლს ასრულებს აფხაზეთი და კავკასია გეოპოლიტიკურ არენაზე? მათ შეუძლიათ შეასრულონ იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორის როლი, რომელიც სასწორს ამა თუ იმ მხარეს გადახრის?

- მიმდინარე პოლიტიკაში აფხაზეთი და კავკასია რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი „ზურგის“ სახით გამოდიან მსხვილი რეგიონებისათვის: პოსტსაბჭოთა ევრაზიისათვის, ახლო აღმოსავლეთისათვის, დასავლეთისათვის (რუსეთის მისადგომებთან), თურქეთისა და ირანისათვის... აქაური ნავთობი და გაზი, ცხადია, მსოფლიო ბაზრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არ არის, მაგრამ ენერგიის ალტერნატიული წყაროს როლის შესრულება შეუძლია. კავკასიაზე გადის აზია-ევროპის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებიც, რუსეთის გვერდის ავლით.

- ამას წინათ აფხაზებმა სირიელი ლტოლვილები მიიღეს...

- ეს მათ უფრო მოსკოვის გასაღიზიანებლად გააკეთეს. აფხაზეთსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი არსებობს და თუ ლტოლვილი (კავკასიური ფესვების მქონე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში და სირიაშიც არიან) აფხაზურ დოკუმენტებს მიიღებს, მას რუსეთში შესვლა თავისუფლად შეუძლია. მოსკოვმა უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ სოხუმთან სიტუაცია არ გამწვავებულა, რადგან ლტოლვილები ცოტანი არიან.

- ესე იგი, ამით ცხადი ხდება, რომ აფხაზები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ რუსეთს „უკბინონ“...

- აფხაზები ამაყი ხალხია და ცდილობენ ხაზი გაუსვან: რუსეთთან მათი ურთიერთობა მხოლოდ პარტნიორულია და რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. იქაურ პოლიტიკოსებს სურთ ხალხს დაანახონ: საქმე მხოლოდ ფულით დახმარებაში არაა, არსებობს სხვა საკითხებიც, რისთვისაც მოსკოვი სოხუმს ანგარიშს უწევს.

- როგორია აფხაზეთი რელიგიური თვალსაზრისით? ზოგიერთები ამბობენ, რომ მუსულმანური ქვეყანააო...

- აფხაზებს დღემდე აქვთ შემორჩენილი წარმართული ტრადიციები, თუმცა ეს თემა მცირედაა შესწავლილი: ადგილობრივებს მასზე ლაპარაკი არ უყვართ. ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც წარმართულ ღვთაებებს პატივს სცემენ. პირველი მეჩეთი კი აფხაზეთში მე-15 საუკუნეში გაჩნდა, მართლმადიდებლური ტაძრები კი ბევრად უფრო ადრე. ამჟამად აფხაზეთში მართლმადიდებლები უფრო მეტია ვიდრე მუსლიმანები. მეჩეთებში ის აფხაზები დადიან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოკავკასიიდან არიან ჩასულნი.

- რამდენად შეიძლება აფხაზეთი დასავლეთისთვის რელიგიური ტოლერანტიზმის გამოხატულება იყოს?

- ეს იმდენად ტოლერანტობა არაა, რამდენადაც რელიგიისადმი გულგრილობა. იქ თქვენ ათეისტებსაც ხშირად შეხვდებით. ეს, საერთოდ, კავკასიური ტრადიციაა: ადამიანს შეუძლია ყველა ღვთაებას პატივი სცეს და ემსახუროს, მაგრამ არცერთს არ დაემორჩილოს. ასე რომ, უშუალოდ რელიგიურ სიბრტყეზე რაიმე გართულება არაა. პრობლემები უფრო პოლიტიკური ხასიათისაა: ფაქტია, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის სახელმწიფოსაგან განსხვავებით, აფხაზეთს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად თვლის, მაგრამ ადგილობრივი მღვდლები სასწავლებლად რუსეთში დადიან. ზოგიერთ ადგილობრივ რელიგიის მსახურს დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა სურს, ავტოკეფალურის, რომელიც მოსკოვზე დამოკიდებული არ იქნება. ზოგი კი პირიქით თვლის, რომ აუცილებელია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლა. მათ ორივეს მოსკოვი უარს ეუბნება, რომელსაც ქართულ ეკლესიასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს. ცხადია, ასეთი ემოციური სიტუაციები გარკვეულწილად ადამიანთა ურთიერთობაზეც აისახება ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის დომინირებადია.

წყარო: «Polska» (პოლონეთი)

 

ბეჭდვა