რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა - „საქართველო ნატოს წევრი გახდებაო“, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, მან თბილისი ტრადიციულად დაამშვიდა, რომ „ალიანსი საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევას გააგრძელებსო“.

 

 

სხვათა შორის, ამ მხრივ უკრაინას არანაირი გარანტიები არ მიუღია. გამოდის, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე უკრაინას!? მართალია, ბოლომდე ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ნატოს სტანდარტებს საქართველო უფრო მეტად აკმაყოფილებს.

 

საერთოდ, ნატოს სტანდარტები არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ერთნაირი იარაღი უნდა ჰქონდეთ - ტანკები, რაკეტები, ავიაცია, შაშხანები და სხვა. სტანდარტები პირველ რიგში კანდიდატი ქვეყნის ჯარების საბრძოლო შეთავსებას გულისხმობს ნატოს წევრების ჯარებთან.

 

ამ თემაზე გაზეთ «Московский комсомлолец»-ის ჟურნალისტი ესაუბრება სტრატეგიული შეფასებების ინსტიტუტის პრეზიდენტს, პოლიტოლოგ ალექსანდრე კონოვალოვს.

 

- როგორია სტანდარტები საბრძოლო იარაღის მიხედვით? რამდენადაც ცნობილია, საქართველოს და ბალტიის ქვეყნების, ასევე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილ წევრი-ქვეყნების არმიები დღესაც ძველი საბჭოთა იარაღით არიან აღჭურვილნი...

- იარაღის სტანდარტების თვალსაზრისით ნატოში საქმე მაინცდამაინც ხისტად არ დგას. მაგალითად, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ალიანსის ახლადმიღებული ქვეყნების არსენალში ჯერ კიდევ ბევრია საბჭოთა პერიოდის იარაღი. ნატო ამას მშვიდად უყურებს: აბა, რომელი ქვეყანა დაიწყებს დამატებითი იარაღის წარმოებას ახალი წევრებისათვის? ეს სრულიადაც არ არის სავალდებულო..

 

- გამოდის, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო მაინცდამაინც არ პასუხობს ალიანსის სტანდარტებს, მაგრამ მასში მაინც გაწევრიანდება?

- თქვენ რომ ქართველ სამხედრო მეთაურებს პირადული საუბრის დროს ჰკითხოთ - „მაინც რისი მიღწევა გსურთ ნატოში გაწევრიანებითო“, საეჭვოა მათ გიპასუხონ - „გვინდა ახალი დასავლური იარაღი“. ისინი გეტყვიან, რომ „უპირველეს ყოვლის გვინდა გარანტიები, რომ „რუსეთის მხრიდან აგრესიის“ შემთხვევაში დასახმარებლად ნატოს ჯარი მოვა“.

 

- რა თქმა უნდა, ცუდი სურვილი ნამდვილად არაა... მაგრამ შორეული საქართველოს გულისთვის ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაებმება..

- მაგრამ ფაქტია, რომ „რუსეთისაგან დაცვა“ ნატოს ჯარების მეშვეობით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ფაქტია, რომ საქართველოს ჩვენი ეშინია. ქართველებს უკვე აქვთ სამხედრო სფეროში ცუდი გამოცდილება ჩვენთან მიმართებით. ისინი ოცნებობენ ევროპული სტანდარტებით მშვიდად იცხოვრონ და არა ისე, როგორსაც ჩვენ ვთავაზობდით თავის დროზე.

 

- და მაინც, მართალია, საქართველო სრულად ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, მაგრამ იენს სტოლტენბერგმის განცხადების მიხედვით გამოდის, რომ მას უახლოეს ხანში ნატოს წევრად მაინც მიიღებენ?

- ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ საქმე მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი რეალური ბერკეტი არ აქვს ამ მოძრაობის შესაჩერებლად.

 

- მაგრამ გაწევრიანების კანდიდატს ხომ არ უნდა ჰქონდეს თავის ტერიტორიაზე კონფლიქტები და ტერიტორიული დავები? საქართველოს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები აქვს. როგორ ხდება ხოლმე ასეთ დროს?

- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ჩემი აზრით, სანამ ნატოსაგან ფორმალურ შეთავაზებას მიიღებს, თბილისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაღაც პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს. დარწმუნებული ვარ, თომ საქართველო შეეცდება მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარებას. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდეს, მაგრამ რაღაც „საგზაო რუკა“, ალბათ, იქნება, რომელიც აწყობს როგორც კონფლიქტის მხარეებს, ასევე დასავლეთსაც.

 

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ ქართული გზით უკრაინამაც ისარგებლოს? მასაც ხომ ალიანსში გაწევრიანების პრეტენდენტად ასახელებენ...

- ვფიქრობ, რომ არა. უკრაინა საქართველოს ვერ შეედრება, ეს არაკორექტული იქნება. საქართველო შეიძლება შევადაროთ ჩერნოგორიას იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს მსგავსი პატარა ქვეყნების მიღება დღეს მაინცდამაინც აღარ აღელვებს. უკრაინა სხვა საქმეა. რუსეთს და უკრაინას იმდენი რამ აკავშირებთ, რომ რუსეთისათვის კიევის ნატოში გაწევრიანებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ არსებობს აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი, დონბასი, ოდესა.... ნატომ რომ ეს ტერიტორიები გააკონტროლოს, ამ მიმართებით რუსეთის პასუხი მკვეთრად უარყოფითი იქნება.

 

- ანუ თქვენ თვლით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან შორეული მომავლის საქმეა?

- ძნელია ამის თქმა. ჩვენ დროში ყველაფერი სწრაფად ხდება... მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველოსა და ჩენოგორიის „საგზაო რუკა“ უკრაინისათვის არ გამოდგება. საქართველო და ჩერნოგორია რუსეთისათვის შედარებით უფრო ნაკლებადმნიშვნელოვანი ქვეყნებია, ვიდრე უკრაინა. თბილისისგან და პოდგორიცასაგან მოსკოვს არაფერი ემუქრება, მაგრამ უკრაინას რაც შეეხება, რუსეთი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა ნატოს პლაცდარმად გადაიქცეს.

 

 

 

 

წყარო: «Московский комсомлолец» (რუსეთი)

 

ბეჭდვა