რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა მოტივაციით ხელმძღვანელობს ამღიარებელი მხარე? ვერსიები სრულიად განსხვავებულია: რუსეთის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება (ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერების მხრიდან) და მერკანტილური მიზნები (წყანარი ოკეანის კუნძულელების მხრიდან). მაგრამ რატომ აღიარა სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

აშშ-ის „კარნეგის ფონდის“ რუსული ფილიალის ექს-ხელმძღვანელი, „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების დირექტორი, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო დარწმუნებულია, რომ კავკასიური რესპუბლიკების აღიარებისაკენ სირიას რუსეთმა უბიძგა. „ბაშარ ასადის რეპუტაციისა და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც სირია იმყოფება, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი მაინცდამაინც კარგი დიპლომატიური სვლა არაა. ვფიქრობ, ძალიან სასაცილო და სულელური გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ალექსეი მალაშენკო.

- რატომ?

- ეს მხოლოდ სიცილს იწვევს... აბა, შეხედეთ, ვინ აღიარებს - ნაურუ, ნიკარაგუა... ახლა კიდევ სირია, სადაც რუსული სამხედრო ავიაცია დაფრინავს. ეს სიტუაცია ძალიან საბრალოდ გამოიყურება და რუსეთის პრესტიჟს ურტყამს. ძალიან მიკვირს.

- როგორი პრინციპით შეიძლებოდა ეს აღიარება მომხდარიყო - ვთქვათ, „აღიარეთ, რადგან თქვენ ჩვენი მოვალეები ხართ“ თუ „თქვენ დასაკარგი არაფერი გაქვთ, აღიარეთ“?


- სირიელებისთვის სულ ერთია. ბაშარ ასადს პატივს არავინ სცემს. ამით იგი არაფერს წააგებს. უბრალოდ, მან ამით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მარიონეტს წარმოადგენს.
---------
რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი კი ამბობს, რომ სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანია: პირველად რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო მხარს უჭერს მოსკოვის პოზიციას იმ საკითხში, რომელიც მის საკუთარ ინტერესებში არ შედის. „ეს თითქოსდა კითხვას უსვამს რუსეთის სხვა მოკავშირეებს: თუ თქვენ ასეთ უბრალო საკითხშიც კი, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაა, რუსეთს მხარს არ უჭერთ, მაშინ რა მოკავშირეები ხართ?“.

- შესაძლოა საკითხი უფრო მარტივადაა - საქმე ეხება მარიონეტს, რომელსაც მოსკოვი მართავს?


- მე ბაშარ ასადს მარიონეტს ვერ ვუწოდებ. რა თქმა უნდა, მან წარმატებას რუსეთის დახმარებით მიაღწია, მაგრამ არის კიდევ ირანი, ვისთანაც მას მჭიდრო კავშირები აქვს, არის თურქეთიც, რომელთანაც 2012 წლამდე ბაშარ ასადს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა. სირია, ცხადია, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო არაა, მაგრამ მას მარიონეტს ვერ უწოდებ.

- მაშინ რით შეიძლება აიხსნას სირიის მოტივაცია? უბრალოდ, მხარის დამჭერი რუსეთის მხარდაჭერით?

- მე ვფიქრობ, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი მხრივ - ბაშარ ასადისათვის საქართველოსთან ურთიერთობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის. დამასკო არაფერს კარგავს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით. იმ ნაკლოვანებათა სიას, რასაც ამერიკელები ბაშარ ასადის შესახებ ავრცელებენ, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება ბევრს არაფერს ამატებს. მეორე მხრივ - რატომაც არ უნდა გადაედგა ასეთი ნაბიჯი რუსეთის მხარდასაჭერად? არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთ-სირიის მოლაპარაკების დღის წესრიგის საკითხი ყოფილიყო...

- ანუ შესაძლოა რუსეთმა სთხოვა?


- არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა სპეციალურად სთხოვა. ბასარ ასადს შეეძლო მომენტით ესარგებლა რაღაც დამატებითი საკითხის გადაწყვეტის მიზნით. მე ამას არ გამოვრიცხავ. საერთოდ კი, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ჩაწერილია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებისადმი ხელშეწყობა. როცა არსებობს დავალება, ის უნდა შესრულდეს.


p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით
წყარო: «RF//RL» (აშშ)


ბეჭდვა