ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:



- ვისაუბროთ „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშზე. როგორ იქმნება ის, რა ეტაპებს გადიხართ?


- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ „ფრიდომ ჰაუზი“ თემატურ სექციებადაა დაყოფილი. მე, მაგალითად, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ვარ და, შესაბამისად, ევრაზიის რეგიონის პროექტებზე ვმუშაობ. რაც შეეხება, ჩვენს ანგარიშს - „გარდამავალი ქვეყნები“, მას ნიუ-იორკში ბაზირებული ჯგუფი ამზადებს. ჩვენ ვეძებთ სანდო მკვლევარებს, წარვადგენთ მეთოდოლოგიას და მკვლევარები ამ მეთოდოლოგიას მიყვებიან.

- რა თემები ხვდება თქვენი ინტერესის სფეროში?

- წლიდან წლამდე ჩვენ ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს, ვაკვირდებით კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, კორუფციას და სამოქალაქო საზოგადოების როლს.

- როგორია საქართველოს მაჩვენებელი?

- გულწრფელად უნდა ითქვას, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემდეგ. თუმცა მათ სხვა გამოწვევები აქვთ. ჩვენ ყოველწლიურად დეტალურად ვიკვლევთ მოვლენებს, მათი ნაწილი დადებითია, ნაწილიც უარყოფითი.

- გასულ წელს რა იყო საქართველოში მთავარი მოვლენა?


- ჩვენ ვნახეთ მთავრობის კონსოლიდაცია. პროცესები, რომელიც თან ახლდა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ იყო ჩართულობითი. პროცესმა პარლამენტის ყველა მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რაც ნიშნავს, რომ მათზე კონსენსუსი არ შემდგარა.

- „ფრიდომ ჰაუზის“ თითქმის ყველა ანგარიშს კრიტიკულად ეხმაურება საქართველოს მთავრობა. წელს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თქვენი სანდოობა. სხვა ქვეყნებშიც მსგავსი გამოცდილება გაქვთ?


- ქვეყნები ამ ანგარიშებს სერიოზულად ეკიდებიან, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. ამ ანგარიშებს იმისთვის ვამზადებთ, რომ ამ საკითხებზე დისკუსიები გაიმართოს. მიმდინარე წელს ჩვენ ანგარიშს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა, არამედ ოპოზიციაც, რომელმაც ჩვენი მონაცემები მთავრობაზე თავდასასხმელად გამოიყენა. მაგრამ შიდა პოლიტიკურ დინამიკებზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

- თქვენი კვლევის კრიტიკისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევა არ ასახავს 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს...


- ჩვენ ვიკვლევთ, რა ხდებოდა გასულ წელს. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ, რომ მცირედი უკუსვლაა სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, ამ მონაცემს არ ვადარებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროინდელ მონაცემს. კონკრეტულად გვაინტერესებს, თუ რა ხდებოდა ამ წელს. ამიტომაც, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას არ შეიძლებოდა გავლენა არ ჰქონოდა ამ შეფასებაზე. ცხადია, რომ ამ საქმეში იყო მთავრობის რომელიღაც ნაწილის მონაწილეობა. შეუძლებელია მსგავსი მოვლენა შეფასებაზე არ აისახოს.

- პარლამენტის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არაკომეტენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ. ვისთან თანამშრომლობთ საქართველოში?

- საქართველოში წარმომადგენლობა არ გვაქვს, არ გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები. გულწრფელად, არ ვიცი რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში.

- მედიის ნაწილში თქვენ ყურადღებას ამახვილებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე. რატომ არის „რუსთავი 2“-ის საქმე ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას?


- „რუსთავი-2“-მა დაარსების დღიდან ქართულ მედიაში დიდი როლი შეასრულა. ის ყოველთვის იყო ისეთი მედიასაშუალება, რომელსაც ხალხი უსმენდა. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, თუ კონკრეტულად ვინ ფლობს რუსთავი 2-ს, ჩვენ ვიცით რომ მან, წინა მთავრობის დროს, მმართველები რამდენიმეჯერ შეიცვალა. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ იქნება მისი მფლობელი, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს პროცესი, რომელშიც მისი მფლობელობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მოუსმინა ევროპის სასამართლოს. მაგრამ გასათვალისწინებელია თავად ფაქტი, რომ ევრო-სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

- საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბრობთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. თუმცა გასულ კვირას გაირკვა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება. რას ცვლის ეს?


- საინტერესოა. ვუყურებ როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. კარგია, რომ პოლიტიკურ პროცესში იქნება ადამიანი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს და პოლიტიკოსები უსმენენ. ამგვარად, ის ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოების წინაშე. მეორე მხრივ, როცა პოლიტიკაში მილიარდერი ერთვება, ჩნდება კითხვები პოლიტიკაში მისი ფულის როლის შესახებ. ეს პრობლემაა ყველგან, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

- იმ თემებიდან, რომლებსაც თქვენ დღეს იკვლევთ და აფასებთ, რას ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაში?

- მე მჯერა, რომ საზოგადოება ფუნდამენტურად შეიცვალა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხალხს სურს დემოკრატია. მათ ეს აღელვებთ და სურთ გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობა. საქართველოს ჰყავს წარმოუდგენლად დინამიკური სამოქალაქო საზოგადოება, ერთ-ერთი საუკეთესო მთელს რეგიონში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმირებულია და ახალ ამბებზე რეაგირებს. ამ ყველაფერს პოლიტიკური და პარტიული სისტემები ჩამორჩება.

ჩვენ ვიცით, რომ ძლიერ დემოკრატიებში პარტიები პოლიტიკური იდეების და პლატფორმის გარშემო ერთიანდებიან. საქართველოში პოლიტიკა ყოველთვის ლიდერების ირგვლივ იყო გაერთიანებული. საქართველოს დემოკრატიის სწორი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება, როცა დებატები საკითხების ირგვლივ გაიმართება. ეს არის დემოკრატიის მომდევნო ნაბიჯი.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

 

ბეჭდვა