„სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ შეწყდეს ბიუჯეტიდან აზერბაიჯანისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა და მის ნაცვლად დახმარება გაეზარდოს სომხეთს, მთიან ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმს და საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ნაწილობრივ სომხებიც ცხოვრობენ. ამ განცხადებით გამოვიდა ღია პროსომხური ორიენტაციის მქონე კონგრესმენი ბრედ შერმანიც. რა სურთ ამერიკელ სომხოფილ კანონმდებლებს? ამის შესახებ ინტერვიუში აზერბაიჯანულ გამოცემა «Азербайджанские известия»-სთან პროფესორი ფიკრეტ სადიხოვი საუბრობს:

- რა მიზეზით მოუწოდებს პროსომხური კონგრესმენი ბრედ შერმანი საქართველოს იმ რეგიონის დაფინანსებას, რომელიც სომხებითაა დასახლებული?

- კონგრესმენის განცხადებაში აშკარად შეინიშნება სომხური კვალი. ბრედ შერმანი კონგრესში აშშ-ის იმ რეგიონიდანაა არჩეული (კალიფორნია, ლოს-ანჟელესის 30-ე საარჩევნო ოლქი), სადაც ძლიერია არა მარტო სომხური ელექტორატი, არამედ სომხური ფინანსური წრეებიც, რომლებიც მას აფინანსებენ. ჰოდა, ისიც მათ დაკრულზე ცეკვავს.

- გამოდის, რომ სომხებს საქართველოში სეპარატიზმის მხარდაჭერა აქვთ განზრახული?


- ეჭვი არ მეპარება, რომ სომხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში აქვთ ამოღებული. შემთხვევითი არაა, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა ყურადღება სწორედ საცხე-ჯავახეთზე გაამახვილა. მას მხარს უჭერენ ამერიკაში მცხოვრები მდიდარი სომხები. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება თვითონ საქართველომ უნდა მოახდინოს. თუ თბილისი ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი დარჩება, სომხები მეტს იზამენ და კიდევ უფრო შორს წავლენ თავიანთ განცხადებებსა და მოქმედებებში. ამიტომაც საჭიროა, რომ ბრედ შერმანს საკადრისი პასუხი გაეცეს.

- შეიძლება ითქვას, რომ სომხებს კონკრეტული გეგმა აქვთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიმართ? თუ მხედველობაში მივიღებთ ამასწინანდელ ინციდენტს სომეხ პოლიტიკურ მოღვაწე ზარუი პოსტანჯიანთან დაკავშირებით, რომელიც ახალქალაქელ სომხებთან მიდიოდა, რათა ისინი აეჯანყებინა „თვითგამორკვევის“ მოთხოვნით...


- სამცხე-ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას ადრეც არაერთხელ დაუყენებიათ საკითხი საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. მათ აქტიურად უჭერს მხარს სომხური დიასპორა საზღვარგარეთიდან. ის ამერიკელი კონგრესმენებიც სომხური ფულის წყალობით აკეთებენ განცხადებებს. მინდა გავიმეორო, რომ თუ საქართველო აქტიურ და პრინციპულ ნაბიჯებს არ გადადგამს ასეთი სეპარატისტული განცხადებებისა და ქმედებების აღსაკვეთად, მაშინ ამგვარი გამონათქვამები ღია სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება. ეს ჩვენს თავზეც გვაქვს გამოცდილი და დღემდე ვერ გამოვასწორეთ ის შეცდომების შედეგები, რომლებიც თავის დროზე მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დაუშვეს. ამიტომაც ქართველებმა უფრო საღად უნდა იაზროვნონ, ფხიზლად უნდა იყვნენ და შესაბამისად შეაფასონ ცალკეული ამერიკელი კონგრესმენების, პოლიტიკოსების და ფინანსური წრეების როლი და მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი სომეხი საქმოსნებისა, რომლებიც აშკარად ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ. თბილისმა უნდა გაანეიტრალოს სამცხე-ჯავახეთის სეპარატისტული ძალები, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საქმე ცუდად ექნება.

- როგორია სომხეთის მთავრობის როლი საქართველოში სეპარატიზმის მხარდაჭერაში, ამერიკელი კონგრესმენების ხელით?


- სომხეთი ყოველთვის ფარულად მოქმედებს. ერევანში ყოველთვის აცხადებდნენ და აცხადებენ, რომ მათ [სამცხე-ჯავახეთის სეპარატიზმთან] არანაირი კავშირი არ აქვთ, იქ ყველაფერს ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებსო. სინამდვილეში კი სწორედ ერევანი აქეზებს და მხარს უჭერს ყველა სეპარატისტულ მოძრაობას, სადაც კი სომხური ფაქტორია. სომხეთს შეუძლია ფარულად იმოქმედოს - სეპარატისტები ფულით უზრუნველყოს თავისი დიასპორული არხებით. თუ საქართველო დროულად არ მოახდენს თავისი პრინციპული პოზიციის დემონსტრირებას, სომხები უფრო მეტს იზამენ.

- განა შეუძლია აშშ-ის მთავრობას, რომ პროამერიკელი კონგრესმენების მოთხოვნით ცალკეული ეთნიკური ჯგუფი დააფინანსოს? კონკრეტულად კი საქართველოში მცხოვრები სომხები და ამით სეპარატიზმი კიდევ უფრო გააღვივოს?

- როგორც პრაქტიკა და ისტორია გვაჩვენებს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგჯერ მსგავს ნაბიჯებს დგამენ ხოლმე. ისინი მიდიან იმაზე, რომ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს აფინანსებენ, რათა ხელოვნურად გამოიწვიონ „ეროვნული თვითგამორკვევის“ მოთხოვნები. ასეთ დროს ჩვენ ორმაგი პოლიტიკის მოწმენი ვხდებით. ამ მხრივ საინტერესოა გავიხსენოთ ესპანეთის კატალონიის პროვინციის ამბები. ზოგადად წამყვანი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ესპანეთის ხელისუფლების პოზიციას, მაგრამ სადაც კოცონის გაჩაღება უნდათ, იქ სეპარატიზმს აქეზებენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამცხე-ჯავახეთის სომხების დაფინანსება ამერიკელების მიერ არანაირად არ უნდა შედიოდეს არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებში, ასეთი პოლიტიკა ორმხრივ ურთიერთობებს არ წაადგება.


წყარო: «Азербайджанские известия»


ბეჭდვა