აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

სამხედრო მოქმედებებს მოუმზადებლები შეხვდნენ. ამაში შედის არა მხლოდ 2008 წელს საქართველოში შეჭრა, არამედ 4-წლიანი ომი უკრაინაში და უწყვეტად წარმოებული ჰიბრიდული ომი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სულ ცოტა ხნის წინ ამ რეალობას კიდევ ერთი შრე დაემატა - პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალ ბალისტიკურ და ბირთვულ შესაძლებლობებს ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გარღვევა შეუძლია. რამდენად საგანგაშოა რუსეთის მხრიდან სამხედრო დაწინაურება დასავლეთის ქვეყნებისთვის და მიმდინარეობს თუ არა ახალი ცივი ომი. „ამერიკის ხმას“ ამ თემაზე ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს მარკ სიმაკოვსკის ესაუბრა.

 

 

- მარკ, მადლობა ინტერვიუსთვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ, ერისადმი მიმართვაში დასავლეთის და განსაკუთრებით, შეერთებული შტატების მიმართ დაუმორჩილებლობის - ან შეიძლება ითქვას, აგრესიის - მძაფრი განცხადებები გააკეთა. როგორ აფასებთ მის გამოსვლას?

 

- პირველ რიგში, ამ გამოსვლის კონტექსტი და რუსეთში დღეს არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ. 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და კრემლი შიშობს, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანების მათთვის სასურველი რაოდენობა არ მივა. ვფიქრობ, ეს გამოსვლა სწორედ ამ შიშს უკავშირდება - კრემლი ცდილობს რუსეთში ნაციონალისტური სენტიმენტები გააძლიეროს და რუს ხალხს დაანახოს, რომ მათ გარე მტერი ჰყავს და რომ ისინი ბელადის - ვლადიმირ პუტინის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. მეორე საკითხი კი ის არის, რომ პუტინი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ტრაექტორიით კმაყოფილი არ არის.

 

ვაშინგტონში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, ამერიკის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომლებიც ამერიკის ბირთვულ ტექნოლოგიაზე და სამხედრო სფეროში ინვესტიციებზე ამბობს. პუტინის გამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ამ დოკუმენტებზე პასუხის გაცემა და რუსეთის შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

 

(…)

 

- დასავლეთ ფლანგზე რუსეთმა სამხედრო დანაყოფები ისე განალაგა, რომ ძალიან სწრაფად, გაფრთხილების გარეშე შეუძლია უკრაინაზე დამანგრეველი დარტყმის მიტანა. კრემლმა ასევე გააძლიერა სამხედრო ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან. ნატოგონივრული როტაციითამ საფრთხის დაბალანსებას ცდილობს. რამდენად ეფექტურია ნატოს ეს ძალისხმევა?

 

- ნატო საკმაოდ კარგად ართმევს თავს აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლებლობების გაზრდას. მაგრამ ის სამხედრო ძალები, რომლებიც ნატოს და რუსეთს შორისაა მოქცეული, რუსეთის ძალისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. სამწუხაროა ის, რომ მაშინ, როცა რუსეთი ნატოს საზღვრებთან ძლიერდება, ნატოს წევრებს შორის დავაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჯარის სტრუქტურა ან რომელი ქვეყნის დანაყოფი სად გაიგზავნოს. თუმცა, ვფიქრობ, ნატოში გააცნობიერეს ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაზე ყურადღება მეტად უნდა გაამახვილონ. ამისთვის, ალიანსში ამერიკის აქტიური ჩართულობა და წევრი ქვეყნების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

 

რუსეთი გააგრძელებს როგორც ჩვეულებრივი შეიარაღების ასვე ჰიბრიდული შესაძლებლობების გაძლიერებას. ამიტომ, ალიანსს მეტის გაკეთება მართებს. ნატო უფრო მოქნილ ორგანიზაციად უნდა იქცეს, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდეს და სამხედრო მეთაურებს სწრაფი მოქმედების საშუალება მიეცეთ. თუ საქმე ამაზე მიდგა, რუსეთი ნატოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროს არ მისცემს.

- ამ დიდ გეოპოლიტიკურ სქემაში საქართველო პატარა მოთამაშეა. თუმცა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას მასზე დიდი გავლენა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

 

- ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. ჯაველინების მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ. თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

 

- საქართველოში ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია კლებულობს. ახლო პერსპექტივაში ხელჩასაჭიდი შედეგების გარეშე, რთულია საზოგადოებას უწყვეტად უმტკიცო, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა ერთადერთი სწორი კურსია. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველომ დასავლეთისკენ სწრაფვა გააგრძელოს?

 

- პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა. ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს.

 

მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორეს მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატოს წევრია. დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

- ნაწილობრივ პროპაგანდის, ყალბი ამბების თუ მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოში დასავლეთის მიმართაც მატულობს სკეპტიციზმი. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველომ საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლეთმა ის სრულფასოვან წევრად მიიღოს და ახლა დასავლეთის ჯერია გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. თქვენ რას ფიქრობთ?

 

- დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმმა ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიმატა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც. საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატოში ძალით არავინ შეიყვანს. ყველა ქვეყანამ, რომელიც ალიანსის წევრი გახდა, წინსვლა და განვითარება აჩვენა. ცხადია, ნატოს გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ალიანსის სტრატეგიულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღება.

 

საქართველოს მოთმინება სჭირდება, რადგან ეს პროცესი სწრაფად არ მთავრდება. 1991 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ნატოში 29 წევრი იქნებოდა. ნატოს გაფართოება ციკლურად ხდება და ვფიქრობ, თუ საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, რეფორმების კურსი არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობისთვის უნდა გაგრძელდეს.

 

 

p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ბეჭდვა