გრიგორი კარასინი: ვაზიანის საწრთვნელი ცენტრი ჩვენი და ჩვენი მეზობლების-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეშფოთებას იწვევს
გრიგორი კარასინი: ვაზიანის საწრთვნელი ცენტრი ჩვენი და ჩვენი მეზობლების-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეშფოთებას იწვევს
11:16 02.02.2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, საქართველოს

პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ, ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «ТАСС»-ის  კორესპონდენტ ანასტასია ფილიმონოვას, რომელშიც მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრა.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუს სტენოგრამიდან:

 

-როგორ აფასებენ მოსკოვში თბილისის მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან? თქვენი შეხედულებით, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს ხანში?

- ჩვენ, რასაკვირველია, ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან აშშ და ნატო საქართველოში. ახლა არ მინდა ციფრები დავასახელო, მაგრამ ვამჩნევთ, რომ მნიშვნელოვნად გააქტიურდა იარაღის მიწოდების პროცესი. ვხედავთ, თუ როგორ გადაიქცა ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწრთვნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისათვის. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენი მეზობლების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას ალიანსში, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დავრჩეთ ოპტიმისტებად. თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს იმის ძალისხმევას, რომ ჩვენი რეგიონის გარეთ არსებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები ჩვენს საზღვრებს არ მოუახლოვდნენ და კიდევ უფრო არ გააღრმავონ ის რთული მომენტები, რომლებიც უიმისოდაც გვაქვს ჩვენს მეზობლებთან.
რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები უნდა განავითარონ და პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა დაფიქრდნენ.

 

- ამას წინათ თქვენ ამბობდით, რომ როგორც კი თბილისი მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ახალი რეალიების გათვალისწინებით, მოსკოვი ამაზე დაუყონებლივ პოზიტიურ რეაგირებას მოახდენსო. არის თუ არა პოზიტიური სიგნალები ქართული მხარისაგან?

- ჩვენ სულაც არ ვაპირებთ სიტუაციის [ხელოვნურად] გამარტივებას. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და როგორც სიტუაციის განვითარების კვალობაზე ჩანს, ძალიან ძნელია ვივარაუდოთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაწყვიტა, მალე იქნება აღდგენილი.ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს და განწყობილნი ვართ იმაზე, რომ რეგიონული სიტუაცია ღიად და ობიექტურად შევაფასოთ, მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პრიზმითაც.

 

 

წყარო: «ТАСС» (რუსეთი)

ბეჭდვა