ახალზელანდიელი პოლიტოლოგი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრების“ ნაურუში სტუმრობა სავარაუდოდ მათთვის უშედეგოდ დასრულდება
ახალზელანდიელი პოლიტოლოგი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრების“ ნაურუში სტუმრობა სავარაუდოდ მათთვის უშედეგოდ დასრულდება
10:14 30.01.2018
საქართველოს სეპარატისტული „რესპუბლიკების“ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნაურუში იმყოფებიან და იმედი აქვთ, რომ ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ლობირებას გაუწევს მათ დამოუკიდებლობას წყნარის ოკეანის რეგიონში.

ტუვალუმ და ვანუატუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირები ჯერ კიდევ 2014 წელს გაწყვიტეს და მას შემდეგ არცერთ რომელიმე სხვა ქვეყანას მათი დამოუკიდებლობა აღარ უღიარებიათ.

როგორც ახალი ზელანდიის მესის უნივერსიტეტის (ქალაქ პალმერსტონ-ნორტში) თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორმა რუბენ აზიზიანმა ახალი ზელანდიის რადიოს კორესპონდენტს ვალტერ ცვეიფელს განუცხადა, კავკასიაში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ რთულია, რომელიც [დიდ სახელმწიფოებს შორის არსებულ] კონკურენციას უკავშირდება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

რუბენ აზიზიანი: მათი [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის] შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ჯერ ერთი, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში კარგად ვერ გაუგიათ მათი სტატუსის თაობაზე და შესაბამისად, სეპარატისტული რეგიონის მხარდასაჭერად რაიმე ძლიერი მოძრაობა არ შეიმჩნევა. მთავარი, რისი იმედიც მათ აქვთ, ეს ფინანსური საკითხია, რომელიც ამ კუნძულოვანი სახელმწიფოების და სხვა მსგავსი მცირე ქვეყნების მოწყვლადი წერტილია. მათ შეუძლიათ ფულის შეთავაზება, ქრთამის სახით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამავე დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [საერთაშორისო სტატუსი] საქართველოს ძლიერ ზეწოლას განიცდის - ამ საკითხში თბილისს დასავლეთის სახელმწიფოებიც მხარს უჭერენ, რომლებიც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების წინააღმდეგ გამოდიან. ამრიგად, ეს არის მინიატურული სახე იმ დიპლომატიისა, რომელიც საბანკო ჩეკზეა დაფუძნებული და რომელსაც ჩინეთი და ტაივანი ახორციელებენ.

ვალტერ ცვეიფელი: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის წინათ ტუვალუმ და ვანუატუმ გააუქმეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება, თქვენი აზრით, არის იმის შანსი, რომ მათი აღიარების პროცესი სხვა ქვეყნების მიერ კიდევ გაგრძელდება?

რუბენ აზიზიანი: ვეჭვობ, რომ ეს ასე მოხდეს. მიზეზები საკმაოდ არსებობს. პირველი - ფაქტია, რომ ზოგიერთი აქაური სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, „წინ და უკან დადის“: ისინი ერთ დღეს აფხაზების დამოუკიდებლობას აღიარებენ, მეორე დღეს კი მათ საქართველო აცდუნებს და თავიანთი აღიარება უკან მიაქვთ. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ორ ქვეყანას რაიმე დიდი შანსი აქვთ - იმის გათვალისწინებით, რომ აქ ბევრს ვერ გაუგია, თუ რა ხდება სინამდვილეში; მეორე - მართალია, აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზურგს უკან რუსეთი დგას, მაგრამ ჩვენს რეგიონში რუსეთის გავლენა მაინცდამაინც დიდი არ არის, ის შეზღუდულია. საქართველოს კი, პირიქით - ჩემი აზრით, მას უფრო ძლიერი მხარდაჭერა აქვს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას გვერდში უდგანან დასავლეთის ქვეყნების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარეს. ამრიგად, სახეზეა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება და მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში რუსეთს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დასავლეთის დაჯგუფებას.

რასაკვირველია, რუსეთი კვლავაც მხარს დაუჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და დაეხმარება წინსვლაში, საქართველოსთან კონფრონტაციის ფონზე. რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის მისაბაძი არ არის, რადგან თბილისს კურსი ევროკავშირისა და ნატოსაკენ აქვს აღებული. დასავლური საგარეოპოლიტიკური ვექტორი კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის მიუღებელია. ასე რომ, მე ვთვლი, რომ მოსკოვი მაინცდამაინც დიდად აღარ შეეცდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის [ლობირებას], რადგან რუსეთის ეროვნული ინტერესების გატარებაში ისინი მაინცდამაინც დიდ როლს არ ასრულებენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერით საქართველოს დასავლური კურსის დაბლოკვას ცდილობს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი მოქმედების ძირითადი არსი.



წყარო: «Radio New Zealand» (ახალი ზელანდია)





ბეჭდვა