ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ Business FM-ის მთავარ რედაქტორს ილია კოპელევიჩს, რომელშიც მან ისაუბრა სომხეთის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მის პერსპექტივაზე, ევროკავშირთან დაგეგმილ შეთანხმებაზე და ა.შ. პრეზიდენტი შეეხო აგრეთვე სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებსაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთი სომხური პროდუქციის მსხვილ იმპორტიორს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისაგან საქართველოთი ვართ გაყოფილი, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის ნაწილია. სომეხი ბიზნესმენები ამბობენ, რომ საქართველო მათ რუსეთთან ექსპორტ-იმპორტში პრობლემებს არ უქმნის, შესაბამისად, საქონელთბრუნვა იზრდება. და მაინც, როგორ უყურებთ საქართველოს ფაქტორს? შეძლებდა თუ არა საქართველო რუსეთ-სომხეთის ვაჭრობაში მუხრუჭის როლის შესრულებას?

- ჩვენ რომ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, ალბათ, შეძლებდა, მაგრამ ჩვენს შორის მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამჟამად სომხეთს საქართველოს გარეშე სხვა ქვეყნებთან (ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებთან) ვაჭრობის შესაძლებლობა არ აქვს. თავდაპირველად ის ადამიანები, რომლებიც საბაჟო და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდნენ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ეს დიდი დაბრკოლება იქნებოდა, მაგრამ შემდეგ, როცა საკითხი მშვიდად განვიხილეთ, დავინახეთ, რომ ეს ასე არ არის. რასაკვირველია, გარკვეული აზრით შეიძლება ტექნიკური ბარიერი იყოს, მაგრამ მისი მოგვარება შეიძლება. სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ტემპები გვაჩვენებს, რომ ქართული მხარე ძალზე წესიერად ასრულებს თავის მეზობლურ და სხვა ვალდებულებებს. მთავარი ბარიერი კი ისაა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კარგი გზა არ არის. მე მხედველობაში მაქვს მთიანი გზა, რომლის მუშაობას ხელს უშლის თავსხმა წვიმა, თოვლი და სხვა. ახლა ვფიქრობთ კიდევ ერთი გზა გავიყვანოთ.

- სომეხი მეწარმეები ისეთ ამბებს მომიყვნენ, რომლებმაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში გატანა ძალიან გაიოლდა. როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსთან, სომხური პროდუქცია ყოველგვარი შემოწმებისა და ბაჟების გარეშე შედის რუსეთის ტერიტორიაზე, ქართულ პროდუქციას კი მებაჟეები ამოწმებენ. ამ დროს კი სომხებს და ქართველებს ხშირად ერთად უხდებათ რიგში დგომა...

- დიახ, რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ ამ საკითხზე პერიოდულად ვმსჯელობთ. ჩვენ, ერთი მხრივ, გვჭირდება, რომ გაუმჯობესდეს არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობა, მეორე მხრივ კი, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანის ალტერნატიული გზები. ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ვერ ვაღწევთ. ყოველი პრობლემის მოსაგვარებლად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად დროა საჭირო.



წყარო: «Радио Business FM»


ბეჭდვა