ინტერვიუ კახა კალაძესთან: სააკაშვილთან ვმეგობრობდი, ბერლუსკონისთან ვმეგობრობ, პუტინს კი არ ვიცნობ; სააკაშვილს საქართველოში კანონი ელოდება
ინტერვიუ კახა კალაძესთან: სააკაშვილთან ვმეგობრობდი, ბერლუსკონისთან ვმეგობრობ, პუტინს კი არ ვიცნობ; სააკაშვილს საქართველოში კანონი ელოდება
12:03 01.11.2017
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის პროგრამაში «Здесь и сейчас» 30 ოქტომბრის გვიან საღამოს (24.00) გადაიცა ინტერვიუ თბილისის ახლადარჩეულ მერთან კახა კალაძესთან.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისს ახალი მერი ჰყავს - კახა კალაძე. ახლო წარსულში იგი იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ვარსკვლავი გახლდათ, პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მეგობარი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. ამ რამდენიმე დღის წინათ კი კახა კალაძემ არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და თბილისის მერიის მშვენიერ სასახლეში შესასვლელად ემზადება. თბილისის ახალ მერს ინტერვიუ ოლეგ იასაკოვმა ჩამოართვა.

-„მილანიდან“ - თბილისში. რატომ?

-მილანში კარგად ვცხოვრობდი, ანაზღაურება კარგი მქონდა, მაგრამ მე ყოველთვის, როცა დასვენების დღეები ან არდადგები მქონდა ხოლმე, თბილისში ჩამოვდიოდი, ყოველთვის ვისვენებდი ბათუმში. ძალიან ძლიერი ნოსტალგია მქონდა. ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო: ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ, რომლებთაც სხვანაირი პოლიტიკური ხედვა ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მტრებად იყვნენ შერაცხული. ამიტომაც კარგად შევაფასე სიტუაცია - რაც იქნება, იქნება... და გადავწყვიტე იქ დავმდგარიყავი, სადაც ქვეყანას და ქართველ ხალხს სჭირდებოდა... ჰოდა, ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე.

-/ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან/ ...


მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა... ისევე როგორც საერთოდ ბევრს ჩვენი გუნდიდან, „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ მათთან [ადრე] ყველა ვმეგობრობდით იმიტომ, რომ რაღაც კარგის გაკეთება გვინდოდა... შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა გვინდოდა. მათ [„ნაციონალებმა“] ძალიან კარგად დაიწყეს. ჩვენ ყველა მხარს ვუჭერდით. რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი - ყოველთვის ვაქებდი, ვამბობდი...

ღიად ვამბობდი იმასაც, რაც არ მომწონდა და რაც ცუდი იყო. მათ კი არ სიამოვნებდათ, როცა ვინმე შენიშვნებს აძლევდა, როცა ამბობდა, რომ რაღაც არ მოსწონს. შემდეგ კი, რითაც დაამთავრეს, თქვენ თვითონ იცით... თუ [მიხეილ სააკაშვილს] გადმოგვცემენ, რა შემიძლია ვთქვა... მას აქ კანონი ელოდება. არის ბევრი კითხვა, მათ შორის პროკურატურისაგან. მან პასუხები უნდა გასცეს ამ კითხვებს“.

--------
ინტერვიუში კახა კალაძე საუბრობს აგრეთვე იტალიის ექს-პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შესახებაც: „სილვიო ბერლუსკონისთან ვმეგობრობ... ვლადიმერ პუტინს კი არ ვიცნობ“.


წყარო: «ТВ Дождь» (რუსეთი)


ბეჭდვა