ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად არის ცნობილი.
ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაჩნდა როკ-მუსიკოსების პლეადა, რომელთა საფუძველსაც უმეტესად ფოლკლორი შეადგენდა და რომლებმაც ხალხური საკრავებით როკ-მუსიკის დაკვრა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი ასეთი კოლექტივი ტრიო ,,საუნჯე’’ იყო, რომელიც 1972 წელს ჩამოყალიბდა გიორგი ნადირაშვილის ხელმძღვანელობით.
ტრიო ,,საუნჯის ''ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ნადირაშვილია, რომელსაც ქართული საზოგადოება კარგად იცნობს ცნობილ გოგონათა ანსამბლ ,,მზიურიდან '’. ეს ანსამბლი გოგონებით იყო წარმოდგენილი და ერთიც ვაჟი ნიკო ნადირაშვილი გახლდათ, რომელიც სალამურზე უკრავდა.

არსებობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მზიურელების ცხოვრება სხვადასხვანაირად წარიმართა: ბევრი ისევ შემორჩა სცენას, რამდენიმემ სხვა პროფესია აირჩია ,ნიკო ნადირაშვილის ოჯახი კი ემიგრაციაში გაემგზავრა. ისინი 1996 წლის 31 დეკემბერს ახალ წელს ფოთში შეხვდნენ . 1997 წლის 1-ელ იანვარს კი დატოვეს საქართველო და დღემდე ემიგრაციაში იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მათ კონტინენტზე ფეხის დადგმიდან დღემდე უამრავი კონცერტი აქვთ ჩატარებული. ბოლოს მათი კონცერტი 2012 წლის სექტემბერში გაიმართა ნიუ-იორკში მილენიუმის თეატრში. ეს იყო ტრიო ,,საუნჯის’’ გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი, რომელმაც დიდი ანშლაგით ჩაიარა. მას შემდეგ ისინი აღარ წარმდგარან მსმენელის წინაშე, ხელშემშლელი მიზეზები ბევრი იყო, განსაკუთრებით კი მშობლების ავადმყოფობა. ნიკო ნადირაშვილს ჯერ დედა ევა ბიჩინაშვილი გარდაეცვალა, გასული წლის დეკემბერში კი მამა-დიდი გიორგი ნადირაშვილი. იმის გამო, რომ ნადირაშვილების ცნობილ მუსიკალურ ოჯახს ფულადი სახსრები არ გააჩნდა ორივე მშობელი ამერიკის მიწას მიაბარეს.
სასიხარულოა, რომ ტრიო საუნჯე მალე 22 ოქტომბერს, განახლებული ანსამბლის განახლებული შემადგენლობითა და განახლებული რეპერტუარით წარსდგება ნიუ-იორკელების მუსიკის მოყვარულთა წინაშე.
მხვდა პატივი დავსწრებოდი კონცერტისათვის მოსამზადებელ რეპეტიციას, ვისარგებლე შემთხვევით და სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკო ნადირაშვილს გავესაუბრე.

-ბატონო ნიკო, რამ განაპირობა ახალი მუსიკალური ბრენდის შექმნა, ხომ გქონდათ ტრიო ,,საუნჯე ‘’ ?

- დროთა განმავლობაში დაგროვდა სიახლეები. ჩემმა მშობლებმა შექმნეს ტრიო ,,საუნჯე ‘’-2 ,რომელშიც ჩვენი შვილები არიან: ჩემი ერთი ვაჟი არჩილი, რაულის 2 ვაჟი-გიორგი და ნიკოლოზი. საერთო ჯამში ანსამბლის სამი თაობა შეიქმნა. ბავშვები აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, უკვე დიდები არიან. შემოქმედებითმა დონემაც აიწია. ნაბიჯ-ნაბიჯ რეპეტიციების დროს შეიქმნა ახალი კოლექტივი ანუ ეს იქნება ტრიო ,,საუნჯის‘’ ბაზაბე აგებული ახალი ანსამბლი, ახალი რეპერტუარით, სახელად კი ისევ ,,საუნჯე ‘’დავარქვით. რეპერტუარში გვაქვს მსოფლიოს ხალხთა ცნობილი მელოდიები, პოპულარული კლასიკური ნაწარმოებები. ეს არის ტრიო ,,საუნჯის’’ ხელწერა. ქრთული ხალხური საკრავებით პირველად ჩვენ გავაჟღერეთ მსოფლიოს ხალხთა მუსიკა და კლასიკური ნაწარმოებები-ეს ჩვენი სტილია და დღემდე ყოველთვის ამით განვსხვავდებოდით სხვებისაგან. 22 ოქტომბერსაც ამ სტილით წარვდგებით მსმენელების წინაშე. დავამატეთ ფორტეპიანო -შესანიშნავი ქართველი პიანისტი ლევან შენგელია, დავამატეთ დასარტყმელი საკრავები, რომლებიც ფონს უკეთებს ჩვენს ფოლკლორულ შემოქმედებას. მთლიანობაში ასე დაიბადა ახალი მუსიკალური კოლექტივი, რომელიც უკვე ბრენდია--ანსამბლი ,,საუნჯე’’ .
newspress.ws.com.ge

-ბატონო ნიკო ბოლოს თქვენი კონცერტი იყო 2012 წლის სექტემბერში, ხუთი წელია გასული-დიდი პაუზა გქონდათ,რამ გამოიწვია ეს,რა იყო მიზეზი ?

-ოჯახური მდგომარეობა იყო ხელშემშლელი, თუმცა რეპეტიციები ყოველთვის გვქონდა. მამაც ცუდად იყო, რამდენიმე თვეა გარდაიცვალა. მამაჩემის გარდაცვალებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ორივე მშობელი აქ მყავს დაკრძალული. ამ კონცერტს იმიტომ ვაწყობთ,რომ შემოსული თანხით მშობლები -ტრიო ,,საუნჯის“ დამაარსებლები გადავასვენოთ საქართველოში. მამაჩემმა მითხრა გარდაცვალების წინ „თუ კონცერტებს ჩაატარებთ, შესაძლებელი იქნება ჩვენი გადასვენება. ჩვენი გადასვენებისათვის ფული არ ისესხოთ-თქვენი შრომით გააკეთეთო“. ამიტომ, 22 ოქტომბრის კონცერტს თავიდან ბოლომდე ვუძღვნით ჩვენი მშობლების ხსოვნას.

-მამათქვენის გარდაცვალებისას თუ შეგეხმიანათ ვინმე საქართველოდან, კულტურის სამინისტრო ან დიასპორის? ბატონი გიორგი ხომ პატრიარქი იყო არა მარტო ტრიო ,,საუნჯის“, არამედ ქართული ფოლკლორის? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უხუცესი ემიგრანტი იყო…

-არა,კაციშვილი არ შეგვხმიანებია …
გადასვენების საკითხში შეიძლება ქართული საკონსულო ჩაერთოს. კონსულს დავურეკე, ვუთხარი, რომ მშობლების გადასვენებას ვაპირებ და დამეხმარეთ ორგანიზაციულ საკითხში-თქო. დაფინანსებას ვინ მოგვცემს? რომც მოგვცენ უარს ვიტყვი, მამჩემმა დაგვიბარა, რომ ჩვენი შრომით, ჩვენი კონცერტებისაგან შემოსული თანხით მოხდეს მათი გადასვენება. ეს ანდერძი უნდა შევუსრულოთ... ასეც რომ არ იყოს, არავითარი შეხება საქართველოს მთავრობასთან არ გვაქვს და არც გვაინტერესებს. ახალი მუსიკალური კოლექტივი შეიქმნა და არავინ დაინტერესებულა. მეტიც, ამდენი ხანია აქა ვართ და არავის მოვუკითხივართ-ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. ორი შემთხვევა იყო ამ ოცი წლის მანძილზე გაზეთები შეგვეხმიანენ, ტელევიზიებიდან კი არც ერთი. საქართველოში რომ ვიყავი ჩასული იქ შემეხმიანა ტელეკომპანია დრო და ქუთაისის ტელევიზია, სხვა არავინ. შეიძლება ესეც იმიტომ, რომ ჩემი კონცერტი ვაჩუქე მათ. ეხლა აღარავინ არ მიდა მთავრობისაგან. ამ კონცერტის ბილეთები თითქმის გაიყიდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითობ დავფარავთ ხარჯებს…

-ასეთი კონცერტის ორგანიზებას ფინანსები სჭირდება და როდორ ხდება თქვენთან ყველაფერი ეს სპონსორის გარეშე ?

-დიახ,სპონსორის გარეშე ხდება. ერთი აქაური ქართველი ბიზნესმენი შეგვპირდა და ბოლო მომენტში გადაიფიქრა. კონცერტამდე თუ გამოჩნდება ვინმე და გაგვიწევს თანადგომას უარს არ ვეტყვით. დარბაზის ქირა ძალიან ძვირია $ 9,500 ჯდება. შემოსული თანხიდან მსახიობები არაფერს არ აიღებენ, ყველამ იცის, რომ საქველმოქმედო კონცერტია და რასაც უნდა მოხმარდეს.

-გაგრძელებას როგორ ხედავთ? ახალი შემოქმედება ახალ მაყურებელს ნიშნავს და ახალ გასტროლებს. ვინ იქნებამსმენელი თქვენი მუსიკისა?

-დაიგეგმება გასტროლები სხვადასხვა შტატებში, ევროპაშიც მოვაწყობთ საკონცერტო ტურნეს და ბოლოს საქართველოში ფილარმონიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდება. ჩვენი მუსიკა განსაკუთრებით იქნება საინტერესო უცხოელებისათვის. ყველაფერი სრულდება ქართულ ხალხურ საკრავებზე, ამის დემონსტრირებას ვაპირებთ. გარდა ამისა რამდენიმე იმპრესარიო დაინტერესდა და მათ გამოთქვეს სურვილი ახლოს გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. ასე, რომ დიდი მომავალი აქვს ჩვენს ახალ ანსამბლს. მომღერლები, სოლისტები ყოველთვის მოწვეული გვეყოლება. სხვა ქვეყნებიდანსც მოვიწვევთ მუსიკოსებს და ა.შ.

-თვითონ ანსამბლი ამჟამად რამდენი წევრისაგან შედგება ?

-ანსამბლში 15 წევრი არის. კონცერტში 50 კაცი არის დაკავებული. მათ შორისაა ჩვენი ოჯახის სრული შემადგენლობა, აქ ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანები, მოწვეული გვყავს მოცეკვავეთა ანსამბლი „ჯორჯია'',ოპერის მომღერალი საუკეთესო ტენორი ბექა გოგინაშვილი, ასევე მეორე განყოფილებაში გამოსვლა აქვს ცნობილ ქართველ პოეტს ნანა მეფარიშვილს. მთლიანობაში კონცერტის ხანგრძლივობა იქნება სამი საათი. ჩვენ მხოლოდ ქართველი მსმენელისათვის არ ვიმღერებთ. ანსამბლი ,,საუნჯე’’ იქნება მსოფლიო ანსამბლი. ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამერიკის მოქალაქეები არიან. მამაც -დედაც მოქალაქეები იყვნენ. ფატობრივად ეს არის ამერიკული ანსამბლი ქართველი მონაწილეებით. სამწუხაროდ საბოლოოდ აქ ჩამოვყალიბდით.
-რომელიმე ამერიკელი მუსიკოსი ან ანსამბლი არ გყავთ მოწვეული ?

- როგორ არა, მოწვეული გვყავს ცნობილი შავკანიანი მუსიკოსი ჯაზმენი-საყვირზე უკრავს ედი ელენი. ორი ნომერი აქვს-პირველ განყოფილებაში მე და ელენი ვუკრავთ ერთად, მეორეში კი ახალი ანსამბლის თანხლებით კიდევ ერთ ნომერს შეასრულებს.
newspress.ws.com.ge

-ბატონო ნიკო ეს მერამდენე კონცერტი იქნება ამერიკაში ცხოვრების მანძილზე ?

-ბევრი ძალიან. პირველად როცა ჩამოვედით გასტროლები გვქონდა. მერე ჩვენ თვითონ რაც გავაკეთეთ იმპრესარიოს გარეშე ჩემს მიერ ორგანიზებული, უკვე მეოთხე კონცერტი იქნება.

ლევან შენგელია—ანსამბლის ახალი მონაწილე,მუსიკოსი და კომპოზიტორი:

-ბატონმა ნიკომ დამირეკა და მითხრა, საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო მაქვს და თუ შეგიძლია დამეხმაროო. რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მინდა ამ კაცს გვერდში დავუდგე მეორეც -ისეთ ინსტრუმენტებთან მაქვს შეხება, რომელზედაც ნამუშევარი არა ვარ და ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის. დასაწყისში ერთჯერად პროექტზე იყო საუბარი, ახლა კი ისე ვითარდება მოვლენები რომ ჯგუფი შესანიშნავია, დამატებულია ამერიკელი ჯაზმენი, ცნობილი საყვირი. ვფიქრობ, კონცერტი ძალიან კარგი გამოვა, უცხო არის და იმიტომ. მე მომწონს და მიხარია.ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე.

-თქვენთვის ცნობილი იყო ტრიო ,,საუნჯე ‘’?

-იცით რა, ნიკო ნადირაშვილს, როგორც მუსიკოსს დიდი ხანია ვიცნობ. ანსამბლის შესახებ კი გაგონილი მქონდა. მე ნიუ-იორკში არ ვცხოვრობდი. ტეხასიდან გადმოვედი. ამიტომ ამათი კონცერტი არასოდეს მაქვს ნანახი. ეს იქნება პირველი შემთხვევა.

-როგორც ბატონმა ნიკომ გვითხრა, კონცერტები გაგძელდება შტატებში, ევროპაში, საქართველოში.... თქვენ რჩებით ამათთან ?

-მინდა ამათ გვერდზე ვიყო, წინასწარ გეგმებზე არ ვსაუბრობ. თვითონ ვარ ასეთი, მაგრამ მოხარული ვიქნები და მივესალმები თუ ჩვენი ურთიერთობა განვითარებას მიიღებს.

მუსიკოსები სიმა კარეტნაია და მისი 11 წლის გოგონა სტელა ბეიტერი:


-ჩვენ ვმღერით და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვმონაწილეობთ კონცერტში ცნობილ ანსამბლთან ტრიო ,,საუნჯესთან’’ერთად.

სტელა- მეც ვმონაწილეობ ამ კონცერტში და მინდა მივესალმო ჩემს სკოლას.

-როგორ მოხვდით ამ ანსამბლში?

სიმა-მე ბევრი მსმენია ამ ანსამბლის შესახებ. მოხდა ისე, რომ ნიკო და მისი ოჯახი აღმოჩნდენენ ჩვენი მეზობლები. ჩვენ ერთ შენობაში ვცხოვრობთ. თავიდან ნიკომ გვითხრა, რომ მონაწილეობას მიაღებინებდა ჩემს გოგონას. მას ნანახი ჰქონდა ვიდეო ჩემი გოგონას სიმღერისა და იქედან გამომდინარე მოიწვია. ასე დავიწყეთ რეპეტიციაზე სიარული. ერთ დღესაც სტელამ ნიკოს უთხრა, რომ დედაჩემიც კარგად მღერისო. მომისმინეს მეც და მიმიღეს საკონცერტოდ. ასე მოვხვდით აქ და ამით ძალიან გახარებულები ვართ.

-როგორ ფიქრობთ გააგრძელებთ ამათთან შემოქმედებით თანამშრომლობას?

-მოხარული ვიქნები, თუ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ ლეგენდარულ კოლექტივთან, რადგანაც ისინი წარმოდგენილი არიან უმაღლესი პროფესიული შესრულებით. ასეთი ორკესტრისათვის არასოდეს მომისმენია. თუ ნიკო და სხვა წევრები იქნებიან თანახმა, შემდეგშიც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

ზურაბ მოსაშვილი -ამჟამად ბიზნესმენი, ყოფილი მეცნიერი:
საბჭოთა კავშირი როცა იყო პროფესორი ვიყავი უნივერსიტეტში, ბედმა აქეთ გადმომაგდო და აქ პატარა ბიზნესი მაქვს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა საქართვველოში დავბრუნდე მამაპაპის ძირძველ მიწაზე. ჯერ-ჯერობით ეს გამორიცხულია და ხვალ რა იქნება ვერ გეტყვით. ბატონ ნიკოს დიდი ხანია ვიცნობ, მოყოლებული ცნობილი ბავშვთა ანსამბლ,,მზიურიდან ‘', თუმცა ვინ არ იცნობს? პირადად კი აქ ამერიკაში გავიცანი. სასიამოვნოა უცხო მიწაზე ქართული ჟღერადობის მუსიკის მოსმენა, უფრო სასიამოვნო კი ის არის, რომ ქართულის ძირითადი ხაზის ფონზე აქვთ ინტერნაციონალური სიმღერები. ცოტა ეთნიკურიცაა ჯაზიც ყავთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ყველაფერ ამაზე სალამურის ჟღერადობაა კარგად მორგებული. ნიკოს მაღალ პროფესიულ დონეზე აქვს ეს ყველაფერი. უსმენ და სიხარულის ჟრუანტელი გივლის ადამიანს ტანში. დარწმუნებული ვარ, 22 ოქტომბერს კონცერტზე იქნება ანშლაგი.

-ბატონო ზურაბ ბისნესმენი კაცი დღეს რატომ ხართ ამათთან ?

-სიმპატიითა ვარ ამ ადამიანისადმი და ამ ანსამბლისადმი. მინდა,რომ ჩემი წილ პატრიოტიზმში რაღაც პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგა, ის, რაც შემიძლია.ეს არის და ეს.

P.S . რა უნდა ვთქვა? ვიტყვი იმას,რომ არასოდეს არ გამჭირვებია ისე რამე დამეწერა, როგორც ამ ინტერვიუს ჩაწერა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის…
რატომ უნდა ხდებოდეს ქართული ფოლკლორის განვითარება უცხო მიწაზე, უცხო ქვეყანაში? რატომ უნდა კვდებოდნენ და იმარხებოდნენ ცნობილი მუსიკოსები და სხა ცნობილი ადამიანები საქართველოს გარეთ უცხო მიწაზე? რატომ არ უნდა ინტერესდებოდეს მთავრობა მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების ბედით?
ვის ჭირდება საქართველოს მიღმა განვითარებული ქართული მუსიკა ხელოვნება… საშინელებაა განცდა იმისა, რომ შენს ქვეყანას შენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება არ სჭირდება …და სხვაც კიდევ ბევრი რამ...


ლელა ჭელიძე

საინფორმაციო სააგენტო Newspress—ის ბიურო ამერიკა-კანადაში



ბეჭდვა