საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის კვირეული“ აღინიშნა. კვირეული მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა.

სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს.

ფესტივალი მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.
newspress.ws.com.ge

კვირეულის ფარგლებში, თბილისში, საფესტივალო აქციაც: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017" გაიმართა, სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილმა თუ დამწყებმა მარნებმა თავიანთი ღვინოები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი 40-მდე ღვინის მარნის 200-მდე დასახელების ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ათასობით სტუმარმა შეძლო. აღნიშნული ფესტივალი ”ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

„ქართული ღვინის კვირეულს“, ბუნებრივია, არც კახეთი გამოკლებია. ფესტივალმა კახეთის ფარგლებში, გურჯაანში აიღო სტარტი. წარმოდგენილი იყო, როგორც ოჯახური, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინო.

ღონისძიების სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა მიმართა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის დაფუძნება მიულოცა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გურჯაანიც შემოუერთდა ღვინის კვირეულს. უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით „ქართული ღვინის კვირეულს“. თავდაპირველად ჩავატარეთ ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი ყველამ ერთად იზეიმოს“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
newspress.ws.com.ge

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კულტურის ისტორიის პავილიონები, საშემოდგომო ნობათი, დამზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა მიიღო.


გურჯაანის შემდეგ კვირეულმა კახეთის დედაქალაქში, თელავში, სახელწოდებით „თელავინო 2017“ გადაინაცვლა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები.


ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმნენ. მინისტრის მოადგილემ კახეთის რეგიონის მოსახლეობას 2017 წლის წარმატებული რთველი მიულოცა.

„ქართული ღვინის კვირეულმა“, რომელიც უკვე მეოთხედ ჩატარადა, „თბილისობის“ დღესასწაულიც მოიცვა. რიყის პარკში შემოდგომის ნობათის გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ზემოაღნიშნულ გამოფენაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია.
ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ბარში „პოლოფონია“ გაიმართა დეგუსტაცია „Wine Feeling“, ხოლო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ღვინის მაღაზიაში „8 000 მოსავალი“ მოეწყო.

„ქართული ღვინის კვირეული“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

თბილისის „ივენთ ჰოლში“ გამართულ საზეიმო ცერემონიაში გამოვლინდა საუკეთესო წინანდალი, მუკუზანი, ხვაჭკარა, ქვევრის თეთრი ღვინო, ქვევრის წითელი ღვინო, საფერავი, უსახელოური, ჭაჭა და სულ 14 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები. კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის, მცირე მარნები.
newspress.ws.com.ge
კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები, “სახალხო ჟიურის“ წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები იყვნენ სტივენ სპურიე, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერის” კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი და შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.


ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენის“ სამი კავალერი. ერთ-ერთი მფლობელი ღვინის ეროვნული სააგენტო გახდა “საქპატენტთან“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ბორდოში გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ორგანიზებისთვის. ორდენი გადაეცა ასევე სტივენ სპურიეს, ჟიურის თანათავმჯდომარეს და „ახალი ღვინის ფესტივალს“, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ღვინის კლუბია.


დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.
ფესტივალი 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართა.


თათია ტუხაშვილი

ბეჭდვა