ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: სააკაშვილი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებით, რუსეთში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობს
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: სააკაშვილი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებით, რუსეთში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობს
14:57 19.09.2017
უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. შექმნილ სიტუაციაზე და მომხდარ ამბებზე თავის შეფასებებს და ხედვებს „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველს იური სიმონიანს უზიარებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007-2008 წლებში, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
- უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ახლა წვრილმანები [თუ რატომ და რა მიზნით გააკეთა] აღარავის აინტერესებს და ყველა თვლის, რომ მომხდარი ამბები პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს, რაც პრინციპში, სინამდვილეა. შეცდომა თავდაპირველად იქნა დაშვებული: პეტრო პოროშენკომ შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები არსებობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული... მაგრამ მან ამ ყველაფერზე თვალი დახუჭა, იგნორირებდა თბილისის მოთხოვნებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანამზრახველები მსოფლიო დემოკრატიის ვარსკვლავებად წარადგინა, ხოლო როცა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს პრობლემები შეუქმნა, ისიც ადგა და მოქალაქეობა ჩამოართვა. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შეთქმულებას ჰგავს. ვფიქრობ, პეტრო პოროშენკოს ვიღაცეებმა გააცურეს - ისე, როგორც ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს აშშ-ის გარკვეულმა წრეებმა, როცა მას სამხრეთ ოსეთზე შეტევა ურჩიეს, მაგალითად, სენატორ ჯონ მაკკეინის გუნდმა. შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდა უკრაინაშიც: პეტრო პოროშენკომ აშშ-ის სპეცსამსახურებს იმედები გაუცრუა, მათ კი, [მიხეილ სააკაშვილის სახით] უკრაინისა და რუსეთისათვის დამატებითი „თავის ტკივილის“ შექმნა გადაწყვიტეს.
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს იმას, რომ უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლება არ არსებობს. ის, თუ როგორ ელაპარაკებოდა მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო დაცვის გენერალს, თუ როგორ დაარღვია ექს-გუბერნატორმა უკრაინის საზღვარი თავის თანამზრახველებთან ერთად, როგორ მიდი-მოდიან ამის შემდეგ ისინი უკრაინაში და ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაკავებისთვის საფუძველი არ არსებობსო, ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების აბსოლუტური უხერხემლობის დადასტურებას წარმოადგენს..
თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, მშვენივრად ესმის, რომ მას ბოლომდე სიარული მოუწევს. მან მიაღწია იმას, რომ თუ მსოფლიოს ყველა ტელეარხით არა, რუსეთში ხომ მაინც აჩვენებენ. მე იმის უფლება არ მაქვს [უკრაინის ხელმძღვანელებს] ვურჩიო, მაგრამ ვფიქრობ, ისინი არასწორად იქცევიან - მსგავსი მიდგომით მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა მატულობს. მას პიარ-აქტიურობა ძალიან ეხმარება.

- საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინისაგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია. რამდენად ჭირდება ოფიციალურ თბილისს ექს-პრეზიდენტის დაკავება-გადმოცემა და მისი თანამდევი ზედმეტი პრობლემები, რომლებიც შეიძლება მას უკან დაუბრუნდეს - „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მატების სახით?

- ეს აბსოლუტური ფარსია. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკურ ფიგურად რჩება და საქართველოსა და უკრაინისთვის (და კიდევ ბევრისთვის) თავის ტკივილს წარმოადგენს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უნდა ვუმადლოდეთ. არაფერი არ გაკეთებულა მიხეილ სააკაშვილის დამსახურებულად დასჯის მიზნით. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი კეთილდღეობა რისკის ქვეშ არ დაეყენებინა და კოჰაბიტაციის პოლიტიკა განახორციელა. მე ვიცი ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ვხედავ, როგორ მიდის ამ საქმეების გამოძიება. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს ექს-პრეზიდენტის დასჯა, მაშინ საქმე უნდა აღიძრას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო წინასწარ წაგებულ ომში ჩაითრია და ტერიტორიები დამატებით დაკარგა... საქმე უნდა აღიძრულიყო 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ამბებზე, როცა ექს-პრეზიდენტმა ჩვენი მიტინგი დაარბია, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა... უნდა აღძრულიყო საპატიმროებში მომხდარ ადამიანთა წამების ფაქტებზე და საერთოდ, იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და ამით ყველა დემოკრატიული ფასეულობა მოსპო. მაგრამ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა პიჯაკებისა და პალტოების ყიდვაზე, საფლავების შესამკობ გვირგვინზე, რომელის მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის დროს წაიღო. ცხადია, საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვაც დანაშაულია, მაგრამ ვინც ამ ბრალდებებს ჩახედავს, მიხვდება, რომ მასში ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის ნიშნებია გამოკვეთილი. ამიტომაც ვუწოდებ ექსტრადიციის მოთხოვნას ფარსს.
მიხეილ სააკაშვილი ბევრს სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია იმით, რომ ექს-პრეზიდენტი ხალხისთვის ყველა არჩევნების დროს საფრთხობელად დარჩეს. ყველა საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ ამ პოზიციით გამოდის: „ჩვენ შეიძლება არც ისეთი კარგები არ ვართ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, უარესი მოვა - მიხეილ სააკაშვილი“. ჰოდა, მოსახლეობაზეც ასეთი პიარი გავლენას ახდენს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი იმ სერიოზული პროექტის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ კონტროლდება. პროექტის მიზანია რუსეთს პრობლემები შეუქმნას 2018 წლისათვის, როცა იქ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უნდა მოხდეს: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი და პრეზიდენტის არჩევნები. დასავლეთში ბევრს სურს, რომ ჩემპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს. გარკვეულ ძალებს სურთ, რომ რუსეთს უკრაინასთან, მოლდოვასთან, და, ალბათ, საქართველოსთანაც მძიმე პრობლემები შეექმნას. მიხეილ სააკაშვილი კი ამ გეგმის შესასრულებლად საუკეთესო კანიდატია.

- მაგრამ განა რისი გაკეთება შეუძლია მიხეილ სააკაშვილს იმისთვის, რომ ვთქვათ, რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაიშალოს?

- მკითხაობას არ დავიწყებ, მაგრამ რით გახდა იგი ცნობილი მსოფლიოში? მახსოვს ერთ-ერთ ავტორიტეტულ დასავლურ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია სათაურით „დავითის ბრძოლა გოლიათთან“. იმ დროს მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს პატიობდნენ - ადამიანის უფლებების დარღვევებს, დემოკრატიული ფასეულობების დისკრედიტაციას, კორუფციას [ხელისუფლების ზედა ეშელონებში] მხოლოდ იმისთვის, რომ მას პუტინისთვის ეგინებინა და ანტირუსული დროშა ეფრიალებინა. მე არ ვიცი, რას გააკეთებს იგი კონკრეტულად. მაგრამ თუ უკრაინაში სიტუაცია გამწვავდება, თუ მადესტაბილიზებელი პროცესები გაღრმავდება, ეს აუცილებლად აისახება რუსეთზეც, რომელიც იძულებული გახდება საპასუხო მოქმედება განახორციელოს - გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები, რათაც პოლიტიკური ზომები მიიღოს. უკრაინაში მომხდარი ამბები ყველა შემთხვევაში რუსეთზე გავლენასაც ახდენს. არავინ იცის, რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და სადამდე მივლენ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან მდგარი ადამიანები... მოდით გულწრფელები ვიყოთ: განა ვინმე იფიქრებდა იმას ხუთი წლის წინათ, რაც უკრაინაში მოხდა - ყირიმში და დონბასში? ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსგავსი მოვლენები კიდევ განმეორდეს, მაგრამ იმ ხალხს, ვინ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან დგას, უკრაინის ბედი სრულიადაც არ ადარდებთ, მათთვის მთავარია მხოლოდ საკუთარი მიზნები და მათი განხორციელება.
---------
გაზეთის ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აგრეთვე სტატია სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტი ვერხოვნა რადისაკენ მიიწევს: უკრაინის დედაქალაქში შიშობენ, ვაითუ მოვლენების ძალისმიერად განვითარდეს“ (ავტორი ტატიანა ივჟენკო). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს, ანუ იმ დღეს, როცა საკანონმდებლო ორგანი საშემოდგომო პლენარულ სხდომებს იწყებს. არაა გამორიცხული რომ სახელმწიფო საზღვრის „გამრღვევი“ პოლიტიკოსი მორიგ „გარღვევას“ ამჯერად უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - პარლამენტში განახორციელებს,. ხელისუფლების მოქმედებაზეა დამოკიდებული, მოჰყვება თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მცდელობას არეულობა და და საპროტესტო აქციები უკრაინაში“ (წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-09-15/5_7074_scenario.html).


ბეჭდვა