მიაღწევს თუ არა სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?-უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები
მიაღწევს თუ არა სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?-უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები
11:30 13.09.2017
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ კორესპონდენტი ქსენია გულია უკრაინელ პოლიტოლოგებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივის შესახებ ესაუბრება.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი უკრაინაში პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს. ამით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება და მისი ინსტიტუტები სუსტია, მათ ვერ შეძლეს ამ დარღვევის თავიდან აცილება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისათვის რაიმე მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. მას არ შეუძლია პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, არ აქვს უკრაინაში ცხოვრების საკმარისი ცენზი. იმავდროულად შეინიშნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გარკვეული ოპოზიციური ძალები იკრიბებიან. მაგრამ ეს არა იმდენად მიხოს ერთგულების მიზნით, არამედ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. მიხოს ხელით შექმნილი დესტაბილიზაცია ძალიან აწყობთ იულია ტიმოშენკოს, ანდრეი სადოვოის, ანატოლი გრიცენკოს და სხვებს“, - ამბობს ინტერვიუში პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი.

- არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ კიევმა მიხეილ სააკაშვილი დააპატიმროს და თბილისს გადასცეს?


- დღეს გამოკვეთილია ორი საკვანძო სცენარი: პირველი - სიტუაციის ესკალაცია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით და მეორე - კონფლიქტის გაყინვის მცდელობა ექს-გუბერნატორის საქმის სასამართლოში გადაცემა-განხილვის მეშვეობით. საზღვრის დარღვევის კვალიფიკაცია შეიძლება მოხდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. ასე რომ, მოსალოდნელია როგორც ჯარიმა, ისევე 10-12 წლიანი პატიმრობაც.

- რა როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რუსეთისათვის?

- რასაკვირველია, რუსეთი ამ ყველაფერს ბოროტი სიამოვნებით უყურებს იმიტომ,რომ კრემლისათვის ორივე - მიხეილ სააკაშვილიც და პეტრო პოროშენკოც ძალიან შხამიან, გამაღიზიანებელ ფიგურებს წარმოადგენენ. მათ შორის მიმდინარე კონფლიქტი მოსკოვში უკრაინის დესტაბილიზაციის ელემენტად მიიჩნევა. რუსეთისათვის ეს ამბები სასიხარულოა.

---------

„უკრაინაში არაფერი კატასტროფული არ მოხდება. ხელისუფლება უკვე მიხვდა იმას, რომ ძალიან აკურატულად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, მისი როლი უკვე განსაზღვრულია: იგი ოპოზიციის გამაერთიანებელ ფუნდამენტს ყრის. დღემდე ხელისუფლება ოპოზiციონერებს შორის შურსა და უთანხმოებას თესავდა. რასაკვირველია, ქარიზმატული და „ფეხებზემკიდია“ მიხეილ სააკაშვილი მობილიზატორ-მოტივატორის როლს კარგად შეასრულებს როგორც პოლიტიკური პარტიებისათვის, ასევე მოსახლეობისთვისაც. მძიმე სოციალური ფონი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, - ამბობს ინტერვიუში პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი.

- ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერა?


- ამ ეტაპზე დასავლეთის ოფიციალურმა წრეებმა ლოდინის ტაქტიკა აირჩიეს. ჯერ-ჯერობით, პეტრო პოროშენკოს საპირწონედ, მიხეილ სააკაშვილისათვის დემონსტრაციული მხარდაჭერა არავის გამოუხატავს. თუ დასავლურ მედიაზე ვილაპარაკებთ, დასავლური მედია სიმპათიებს უფრო მიხეილ სააკაშვილისადმი ამჟღავნებს. ზოგადად, ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება პეტრო პოროშენკომ შიდაპოლიტიკური ანტიდენოკრატიული ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკით გადაფაროს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დასავლეთი დაინახავს, რომ ეს მხოლოდ კამუფლიაჟია და ჯერ არაოფიციალურად, შემდეგ კი საჯაროდ მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილსა და მის ირგვლივ შეკრებილ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროოპტიმისტებს უწოდებენ.
---------


წყარო: «RFI - Radio France Internationale» - საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოსადგური, მუშაობს 1931 წლიდან.


ბეჭდვა