პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცახადებით, მიმდინარე წლის
მაისში ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით უდიდესი გადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე განაცხადა, სადაც მისასალმებელი მოხსენება გააკეთა.
„ბოლო ორი წელიწადი ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან ნაყოფიერი წლები იყო. ჩვენ 2016 წელს პრაქტიკულად დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკება, რომელიც იმავე წელს დავასრულეთ და უკვე 2017 წლის მაისში მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისათვის“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოსთვის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორის. მისი ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო ბრუნვით რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, ჩინეთთან საქართველოს ბრუნვა 2016 წელს იყო 715 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 167 მილიონი დოლარი იყო ექსპორტი.
„ჩვენ წელსაც გვაქვს კარგი ზრდა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მთლიანად პირველ 6 თვეში ჩვენ გვქონდა 18 პროცენტიანი ზრდა, საიდანაც 34 პროცენტიანი ზრდა ექსპორტზე მოდის. თუმცა ეს არის რიცხვები და ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა მიიღო ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლი იხუანმა.
