„კარტლის აგროტექსი“ ლაგოდეხსა და ყვარელში დაწვიმებით სარწყავ სისტემებს ამონტაჟებს
„კარტლის აგროტექსი“ ლაგოდეხსა და ყვარელში დაწვიმებით სარწყავ სისტემებს ამონტაჟებს
15:43 29.06.2012
კომპანია „კარტლის აგროტექსმა“ დაწვიმებითი სარწყავი სისტემების მონტაჟი ლაგოდეხსა და ყვარელშიც დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიის მენეჯმენტში განუცხადეს, ამ დროისთვის მსოფლიო ბრენდ „ჯეინის“  მრავალფეროვანი, თანამედროვე ტექნოლოგიური სარწყავი სისტემებით უკვე სარგებლობს ათეულობით ფერმერი მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, ქარელში, გორში, წალკის, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, წყალტუბოს და სხვა მუნიციპალიტეტებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მცირე მოცულობით სარწყავი სისტემების მონტაჟზე მოთხოვნა წელს მკვეთრად გაიზარდა. ფერმერებში სარწყავი სისტემების ასეთი პოპულარობა კი, მისი დამონტაჟების დაბალმა ფასმა და მიღებულმა დიდმა მოსავალმა განაპირობა.
„საქართველოში ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც პროექტის შექმნამდე ძირეულად იკვლევს მთელ რიგ ფაქტორებს. სარწყავი სისტემის პროექტის შექმნა და მონტაჟი ისეთ რეჟიმში ხდება, რომ წყლის მოხმარება პრაქტიკულად უდანაკარგოდ, დოზირებულად ხორციელდება და სრულად აკმაყოფილებს მცენარის მოთხოვნას. ამიტომ, ჩვენს მიერ დაგეგმილი და დამონტაჟებული მცირემოცულობითი სარწყავი სისტემები მაღალი მოსავლის გარანტიაა და ფერმერისთვის ძალიან მომგებიანია“- აცხადებს „კარტლის აგროტექსის“ დირექტორი დავით მალაზონია.
„კარტლის აგროტექსი“ მომხმარებელს დაწვიმებითი და წვეთოვანი მორწყვის სისტემების მრავალფეროვნებას სთავაზობს, მათ შორის სარწყავ კოჭებსა და ეგრედ წოდებულ „პივოტებს“, რომლებიც დიდი ფართობის ტერიტორიების მოსარწყავად მოსახერხებელია.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, სარწყავი სისტემების ღირებულება იმდენად ეკონომიურია, რომ მისი დანახარჯების დაფარვა შესაძლებელია პირველსავე წელს ამ სისტემით მოწეული ნამეტი პროდუქციის ხარჯზე.
„საშუალოდ, დაწვიმებით სარწყავი სისტემა კვადრატულ მეტრზე 15-30 თეთრი ჯდება. პროექტის დაბალ ფასს ბევრად განსაზღვრავს მისი სწორი დიზაინი, რასაც ახორციელებენ „კარტლის აგროტექსის“ სპეციალისტები. მაგრამ ეს ხარისხის ხარჯზე არ ხდება“-აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებისა, კომპანია „აგროტექსის“ სპეციალისტები სარწყავი სისტემების ინოვაციურ მოდელებს მოსარწყავი კულტურისა და რელიეფური მდებარეობის მიხედვით ნერგავენ.

ბეჭდვა