კონფერენცია „საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება“ დღეს დაიხურება
კონფერენცია „საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება“ დღეს დაიხურება
10:09 29.06.2012
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება -  საკანონმდებლო რეგულაციები და დადებითი პრაქტიკა“ დღეს დაიხურება.
კონფერენციაზე მონაწილეები თანამედროვე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური დანაშაულის ისეთ გავრცელებულ ფორმას განიხილავენ, როგორიცაა საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება.
საერთაშორისო სამართალდამცველი ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური უწყების წარმომადგენლები იმსჯელებენ საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის იმ ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც მომავალში ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთას შეუწყობს ხელს.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხება გამოძიების პროცესში უახლესი საინფორმაციო სისტემების გამოყენების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და პროფესიული თანაშრომლობის მნიშვნელობას. ორდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია დელეგაციების ხელმძღვანელი პირების მოხსენებები.
საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გუშინ გაიხსნა, რომელშიც ჰოლანდიის, შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების წევრები მონაწილეობენ. ასევე, კონფერენციას ესწრებიან ევროპული პოლიციის – EUROPOL და ინტერპოლის – INTERPOL ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ბეჭდვა