პრემიერი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
პრემიერი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
12:46 17.07.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენთან გამართა შეხვედრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე - ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებულ შეთანხმებებს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებაზე, კერძოდ - საგადასახადო სისტემის, საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების რეფორმებზე, ასევე - დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე. საუბარი შეეხო ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებსაც, რაც განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას მოიცავს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

ბეჭდვა