დიმიტრი გვინდაძე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ქვეყნის სატრანზიტო-ლოჯისტიკურ პოზიციებს აძლიერებს
დიმიტრი გვინდაძე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ქვეყნის სატრანზიტო-ლოჯისტიკურ პოზიციებს აძლიერებს
17:23 28.06.2012
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება, უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ურთიერთდაკავშირებას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოზიციებს.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს განვითარების საერთაშორისო ასოციაციასთან დაფინანსების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომლის ფარგლებში მსოფლიო ბანკი მაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის (27,7 მლნ SDR) 42 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან სესხს გამოყოფს.
შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, მსოფლიო ბანკის მხრიდან - რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო.
გვინდაძის თქმით, სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, პროექტის ძირითადი მიზანი დედაქალაქისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების დასავლეთ საქართველოში მდებარე ინდუსტრულ, საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან დაკავშირებაა.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს იაფ სესხს, რომლის ხანგრძლივობაა 25 წელი, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანი პერიოდი, დაბალი საპროცენტო განაკვეთით“-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძის თქმით, ინვესტიციები გზების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც მან აღნიშნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის საგზაო სექტორისთვის გაწეული დახმარების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


ბეჭდვა