აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკი 43 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს.
შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის მოეწერა. დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძემ გააფორმეს.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია რუისი-აგარის თერთმეტ კილომეტრიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია თანამედროვე სტანდარტების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად. ასევე, აგარის რვა კილომეტრიანი შემოვლითი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა. მასზე აშენდება ხიდები, მოეწყობა სარკინიგზო გზაგამტარი, ასევე ხუთი ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2014 წელს დასრულდება.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი გრძელვადიანია და შეღავათიან ფინანსურ რესურს წარმოადგენს.
