ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმში პირდაპირ რეისებს შეასრულებს
ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმში პირდაპირ რეისებს შეასრულებს
17:48 27.06.2012
ირანული ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმის მიმართულებით, ხვალიდან, ერთდროულად ირანის ორი ქალაქიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“აეროპორტის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეგულარული ფრენა ირანის დედაქალაქ თეირანიდან ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო თავრიზიდან ირანელი ტურისტები ბათუმში ჩამოსვლას ყოველ ხუთშაბათს შეძლებენ. ავიაკომპანია ფრენებს ეარბას 320 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.
თავრიზში დაარსებული ავიაკომპანია ATA Airlines-ის ავიაპარკი 9 თვითმფრინავისგან შედგება და მგზავრებს ადგილობრივ ფრენებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მიმართულებით მგზავრობასაც სთავაზობს.
ATA Airlines-სი ქართულ ავიაბაზარზე 2011 წლის მარტიდან შემოვიდა და თავდაპირველად ფრენებს, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული და ჩარტერული რეისების რიცხვმა იმატა. ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიაკომპანიები - Aerosvit, S7 Sibir Airlines-სი და OLT Express-სი უკვე ასრულებენ. უახლოეს პერიოდში ATA Airlines-სთან ერთად, მათ რიცხვს Pegasus-ი და Armavia შეემატება.

ბეჭდვა