ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) დღეიდან ქართული და საერთაშორისო ღვინოების
შესახებ ტრენინგების სერიას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ USAID საქართველოდან აცნობეს, ტრენინგების მიზანი ტურიზმის სფეროში მომუშავე კადრებისთვის მომხმარებლების წინაშე ღვინის სწორად წარდგენისა და მიწოდების უნარ-ჩვევების განვითარებაა.
მათი ინფორმაციით, ტრენინგების პირველი ორი დღე ქართულ ღვინოებს, ხოლო მომდევნო ორი დღე - საერთაშორისო ღვინოებს დაეთმობა.
EPI-ის ინიციატივით, ამერიკული ორგანიზაცია My Wine School-ის ხელმძღვანელობითა და ქართული ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით ქართული ღვინის შესახებ სპეციალური კურსი შეიმუშავეს, რომელიც საერთაშორისო ღვინოებთან მიმართებაში ქართული ღვინოების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
კურსი ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე, ე.წ „პირველი ხაზის" თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვთ.
პროგრამა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას ემსახურება, რომელსაც უცხოელი ექსპერტების აზრით დიდი პოტენციალი გააჩნია.
