ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ დღეს, „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული პროექტის - „ბიზნესის PR აქტიურობის ინდექსის“ პრეზენტაცია
გაიმართება.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინდექსის ფარგლებში მხოლოდ ის ორგანიზაციული PR-მოვლენები ითვლება, რომელსაც ბიზნესკომპანიები საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებებით აცხადებენ.
მასში მოიაზრება კომპანიის მონაწილეობით განხორციელებული საჯარო ღონისძიებები, წარმოდგენილი ანგარიშგებები, პრეზენტაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები, ორგანიზაციური ცვლილებები, მიღწევები და აღიარებები.
ინდექსი არ ზომავს ორგანიზაციების PR-პოლიტიკის ხარისხს და ეფექტიანობას, მედიასივრცეში ორგანიზაციული PR-აქტივობის გავრცელების რაოდენობრივ და თვისობრივ პარამეტრებს. ის საბაზისო PR-მოვლენების რაოდენობას მხოლოდ რიცხობრივად აჯამებს.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ინდექსი საშუალებას იძლევა, ზემოთაღწერილი მეთოდოლოგიის საფუძველზე პერიოდულად შედარდეს სხვადასხვა კომპანიების PR-აქტივობა და შედგეს სექტორული PR აქტივობის რეიტინგები.
