საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია, ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სილიკონ ველიზე პალო ალტოს (კალიფორნიის შტატი) ეწვივნენ.
სილიკონ ველიზე ჩატარდა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გახსნეს. საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე და მთავრობის მიერ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებზე. მან გამოხატა ქართული მხარის მზაობა ხელი შეუწყოს სილიკონ ველის ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ამერიკული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის მეტად წახალისებას მიზნით საქართველოს საელჩო აშშ-ის სხვადასხვა შტატშისამუშაო ვიზიტებს მომავალშიც გეგმავს.
სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შერჩეული რვა სტარტაპ კომპანია სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნესკონტაქტები, შეხვედროდნენ ამერიკელ ინვესტორებს, გაეზიარებინათ გამოცდილება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისაგან, საკუთარი პროექტები წარედგინათ 50-მდე ამერიკული ინვესტორის წინაშე და ტრეინინგები გაევლოთ სილიკონ ველის წამყვან სპეციალისტებთან გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით.
სამომავლო თანამშრომლობისათვის ქართველი სტარტაპების მოლაპარაკებები ამერიკელ ინვესტორებთან აღნიშნული ვიზიტის შემდგომაც გაგრძელდება.
