სასტუმრო „ბილტმორში“ ხვალ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და
აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიმართავენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ საქართველოში 5-დან 7 აპრილის ჩათვლით ჩატარდება და მასში 300-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
