მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო
წლიური ინფლაციის დონე 5,4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,0 პროცენტი), აგრეთვე ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-1,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი).
