ფარმაცევტული კომპანიები “პე ეს პე“, “ჯი პი სი“ და “ავერსი“ არ ეთანხმებიან ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“
მიერ ჩატარებული საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები “პე ეს პეს“ დრიექტორმა გოჩა გოგილაშვილმა, “ჯი პი სის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა აქციონერმა დავით გორდაძემ და “ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ დღეს გამართულ პრესკონფენციაზე გააკეთეს.
როგორც კურტანიძემ აღნიშნა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ძალიან გაბერილია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, “ავერსი“, “პე ეს პე“ და “ჯი პი სი“ არ ადასტურებენ ინფორმაციას თითქოს ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწეობისთვის სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს გარკვეული ბარიერები აქვთ.
ასევე, სამივე კომპანია უარყოფს კვლევაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მათ შორის რაიმე ფარული გარიგება და შეთანხმება არსებობს.
“ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ და იარაღი მივუშვიროთ“ - განაცხადა კურტანიძემ.
ამასთან, ზემოთ აღნიშნული კომპანიები არ ეთანხმებიან ორგანიზაციის დასკვნას, მოგების მაღალ მარჟასთან დაკავშირებით.
“კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი 102% - ია. რაც სრულიად არარეალურია. ფასნამატი დღეისთვის საშუალოდ 25 – 30% -ს შეადგენს“ - აღნიშნა კურტანიძემ და დასძინა, რომ ეს არის მინიმალური მარჟა, რაც კომპანიის არსებობისა და ხარჯების გასტუმრებისთვის აუცილებელია.
ამასთან, “პე ეს პეს“, “ავერსის“ და “ჯი პი სის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევაში დაშვებულია ისეთი ფაქტობრივი შეცდომები როგორიცაა ბაზარზე მათი წილის მოცულობა ან აფთიაქების ქსელის რაოდენობა.
კურტანიძის თქმით, ორგანიზაციას აღნიშნული უზუსტობების თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია მათთან უნდა გადაემოწმებინა. თუმცა, კვლევის მომზადების პროცესში მათ არავინ დაკავშირებია.
