ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია.
კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანია - „პე-ეს-პე“, „ავერსი“ და „ჯი პი სი“ დომინირებს, რომლებიც იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობისა და წარმოების სექტორს აკონტროლებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატი გამოიწვია, რაც თავის მხრივ, ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდას იწვევს“-აღნიშნულია ანგარიშში. იქვე მითითებულია, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული, მათ შორის, ფინანსური შეთავაზებით. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქის თანამშრომლებს აძლევენ მითითებას, ამ კომპანიის წარმოებული მედიკამენტები გაყიდონ.
კვლევაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არაეფექტურ მუშაობაზეცაა საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ სააგენტოს, რომელიც მედიკამენტების ხარისხის კონტროლზეა პასუხისმგებელი, თავისი როლის ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ანგარიშში ხაზგასული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ინიციტივითაც გამოდის. კერძოდ, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები, ხოლო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული სექტორი გამოიკვლიოს და ამომწურავი მონაცემები გამოაქვეყნოს.
„მოსახლეობის მიერ ფამაცევტულ პროდუქციაზე გაწეული ხარჯი შესაძლოა შემცირდეს აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღებით, გენერიკების გამოყენების წახალისებისა და მედიკამენტების დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ აღსრულების გზით“-მიიჩნევს ორგანიზაცია და იქვე დასძენს, რომ ხარისხის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზანით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაა საჭირო.
