საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ
და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ ბათუმში ნაპირდაცვის პროექტზე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო.
მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 30 მილიონ ლარს აჭარბებს.
ბათუმში ზღვის ნაპირის გადარეცხვა ინტენსიურად ხდება. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ითვალისწინებს.
არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.
პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებზე, ამ ეტაპზე, 50 ადამიანია დასაქმებული.
უწყების ცნობითვე, პროექტის განხორციელება საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბათუმის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებასა და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე დადებით ზეგავლენას იქონიებს.
