დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტი თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტი თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს
14:31 01.03.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისთვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტიანობას, ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ითვალისწინებს.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა.
„მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, 2017-2020 წლებში ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი დასრულდება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი სრულად იქნეს გამოყენებული .
„ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან - 21.7%-მდე“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას გეგმავს, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები და სხვა.



ბეჭდვა